„საქართველოს პროფესურა მეორეხარისხოვანი სტატუსიდან კვლავ პირველხარისხოვან სტატუსს დაიბრუნებს და ქვეყანას წინ წაიყვანს“, — ასეთია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტის, თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვასილ კაჭარავას იმედები ახალი 2021 წლისთვის.
* * *
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური — თუ ვიტყვი, რომ 2021 წელს ამ საშინელ და მომაბეზრებელ ვირუსს ბოლო მოეღება, ამის იმედი მაქვს... ყოველ შემთხვევაში, პანდემიის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდება და კვლავ გვექნება საშუალება შევხვდეთ, ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ ჩვენს ახლობლებსა და მეგობრებს. მე ერთი წლის შვილიშვილი მყავს და ამ პანდემიის გამო ძალიან ფთხილად და დისტანციურად ვურთიერთობ მასთან და მის მშობლებთანაც, შესაბამისად, ვოცნებობ, რომ მალე დასრულდეს ეს შეზღუდვები.
რაღა დაგიმალოთ და ჩვეულებრივი ლექციები მომენატრა... თუ რატომ? — ეს, ალბათ, ყველა პროფესორმა იცის და აღარ განვავრცობ... იმედი მაქვს, რომ მეორე კორპუსში დასრულდება რემონტი და ჩვენი ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ბიბლიოთეკა კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდება; კვლავ ჩავატარებთ საინტერესო შეხვედრებს, დავპატიჟებთ საინტერესო სტუმრებს. დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ჩვენთან სტუმრად ვიხილოთ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ელჩად მიმაჩნია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლიანი ისტორიის მანძილზე.
მომავალ წელს ვგეგმავთ გამოვცეთ ამერიკისმცოდნეობის კრებულის მერვე ნომერი. დიდი იმედი მაქვს, რომ დავასრულებ და გამოვცემ მონოგრაფიას რონალდ რეიგანისა და მისი კონსერვატული რევოლუციის შესახებ. ამით დავასრულებ ჩემს პროექტს — „კონსერვატული ათწლეულები მეოცე საუკუნის ამერიკის ისტორიაში’’. ამერიკა 1920-იან და ამერიკა 1950-იან წლებში უკვე გამოვაქვეყნე.
ძალზე დიდი იმედი მაქვს, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა ანაზღაურება ნაწილობრივ მაინც დაეწევა ეკონომიკისა და იურიდიული ფაკულტეტების პროფესორთა სრულიად დამსახურებულ ანაზღაურებას (მათ ჩვენზე თითქმის ორჯერ მაღალი ხელფასი აქვთ, სრულიად ანალოგიურ შრომაში). იმედია, ფაკულტეტის საბჭო და დეკანატი ფაკულტეტის ყველა პროფესორის ნება-სურვილს აღვასრულებთ და ერთობლივი ძალისხმევით გამოვასწორებთ ამ სავალალო ვითარებას, მით უმეტეს, ამ მწვავე ინფლაციის დროს.
რა პოზიტივით დაგამახსოვრათ თავი მიმდინარე წელმა?
მთავარი და უმნიშვნელოვანესი პოზიტივი იყო ჩემი შვილიშვილის დაბადება 2019 წლის მიწურულს და, შესაბამისად, მთელი 2020 წლის მანძილზე მასთან ურთიერთობის ბედნიერება. ამ წლის მიწურულს კი მამამისი დააწინაურეს მეტად პასუხსაგებ თანამდებობაზე და, ბუნებრივია, არც ჩემი საყვარელი სიძის წარმატება მწყენია.
პოზიტიურად წარიმართა ზუმით ლექციების ჩატარების ათვისება და, მართალი გითხრათ, არც ისე რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ფაკულტეტის ადმინისტრაციამ კარგად უზრუნველყო ამ საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარე. ფაკულტეტმა ახალი კომპიუტერიც გადმოგვცა და უაღრესად მადლობელი ვარ. ჩვენი ინსტიტუტის ყველა თანამშრომელი, ჯერჯერობით, გადაურჩა ამ ვირუსს და ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას, რაც უდავოდ ძალიან მახარებს.
პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ახალი ფორმით ჩავატარეთ ამერიკისმცოდნეთა ტრადიციული ყოველწლიური კონფერენციაც. მრავალი კარგი მოხსენება წარმოადგინეს მომხსენებლებმა.
მონაწილეობა მივიღე მედიკოსთა კონფერენციაში, სადაც ამერიკისმცოდნეობის სექცია ავამუშავეთ, საგანმანათლებლო ლექციებს ვკითხულობდი შეერთებული შტატების ისტორიასა და პოლიტიკაზე. კონფერენცია ქობულეთში ჩატარდა და მიუხედავად შეზღუდვებისა, ბევრი საინტერესო და კარგი ადამიანი გავიცანი. ზოგიერთთან დავმეგობრდი კიდეც, რაც ნამდვილად პოზიტივის აქტივშია.
საერთოდ, მიყვარს კითხვა, ამ პანდემიამ კი კიდევ უფრო მეტის წაკითხვის საშუალება მომცა და ამ მხრივაც კმაყოფილი ვარ. წარმოიდგინეთ, საკმაოდ კარგი სერიალებიც ვნახე.
როგორ და რით გაილამაზებთ პანდემიის პირობებში საახალწლო ღამეს?
ალბათ სახლში ვიქნები, მაგრამ სკაიპითა და მესენჯერით აქტიურად ვიურთიერთებ, პირველ რიგში, ჩემი საყვარელი ქალიშვილის ოჯახთან, ჩემი შვილიშვილის თამადობით. მერე, რასაკვირველია, ჩემს ახლო მეგობრებსა და ნათესავებს დავენახვები, როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება უფრო მეტ ადამიანსაც შევხვდე, ვიდრე ჩვეულებრივ ახალ წელს. მერე რომელიმე საყვარელ ფილმს ვუყურებ ან საყვარელ წიგნს წავიკითხავ, თუ ამის თავი მექნა და 1 იანვარს შევხვდები უკეთესი და ბედნიერი წლის დაწყების იმედით.
* * *
ჩემს ძვირფას კოლეგებს, არანაკლებად ძვირფას სტუდენტებსა და მეგობრებს ჯანმრთელობას და კოვიდთან მინიმალურ ურთიერთობას ვუსურვებ. რასაკვირველია, ასევე ვუსურვებ წარმატებულ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, მათი ღირსეული შრომის ღირსეულ დაფასებას. ჩვენს უნივერსიტეტს კვლავ ვუსურვებ, ჩვენი რექტორის ხელმძღვანელობით, შემდგომ წარმატებებს და წინსვლას საერთაშორისო რეიტინგებში.
ჩვენს სტუდენტებს ვუსურვებ ბევრ და ნაყოფიერ შრომას, ვინაიდან სწორედ ახლა ჭედავენ საკუთარ მომავალს.
მეცნიერთა უმრავლესობას, ჩემი ჩათვლით, არ უყვარს პოლიტიკაში ჩართვა, მაგრამ, მგონი, უფრო აქტიურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს პოლიტიკოსებსა და მედიას, რომელთაც საკმაოდ ხშირად აკლიათ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ქვეყნის მართვის ცოდნა და ჩვევები. იმედია, საქართველოს პროფესურა მეორეხარისხოვანი სტატუსიდან კვლავ პირველხარისხოვან სტატუსს დაიბრუნებს და ქვეყანას წინ წაიყვანს.