მაია ტორაძე
11 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარშავაში (პოლონეთი) გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალის „Pro Georgia“-ს გამოცემის 30-ე წლისთავი აღინიშნა და ახალი ნომრის პრეზენტაცია მოეწყო. ამავე დღეს შედგა წმიდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა და გამოიფინა წმ. გრიგოლ ფერაძის ფოტოები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.
ღონისძიება გახსნა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ქართულ-პოლონური საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სამეცნიერო თუ კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პრო-გეორგიამ“ — ევროპაში გამომავალმა ერთადერთმა ქართველოლოგიურმა ჟურნალმა დიდი წვლილი შეიტანა ევროპაში საქართველოსა და ქართველოლოგიის პოპულარიზაციის საქმეში.
„საქართველოსა და პოლონეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა გვაკავშირებს; ჩვენი ქვეყნების ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს“, — განაცხადა თსუ-ის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა. მისი თქმით, „ღონისძიებაზე შეკრებილი მეცნიერები საუბრობენ იმ საერთო ტვირთზე, რომელიც ჩვენ ვზიდეთ საბჭოთა პერიოდში. ამის ნათელი მაგალითია წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. შესაბამისად, ჩვენი მკვლევრები იკვლევენ ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ მიყენებულ ტკივილს წარსულში და სვლას საერთო ევროპული ოჯახისკენ.“
ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“ დაარსდა 1991 წელს და მისი დამაარსებელია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიურ/ქართველოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი დავით ყოლბაია. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. „პრო გეორგიამ“ ჩაუყარა საფუძველი პოლონურ ქართველოლოგიას: ვარშავის უნივერსიტეტში ქართული ენის, მწერლობის, ეკლესიის ისტორიის შესწავლას. სტატიები იბეჭდება პოლონურ და ინგლისურ ენებზე. წელს გამოვიდა ჟურნალის 31-ე, საიუბილეო ნომერი. იგი ეძღვნება გამოჩენილ პოლონელ თეოლოგს, ფილოსოფოსს, მთარგმნელს, ვარშავის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, პროფესორ ჰენრიკ პაპროცკის (მისი 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით).
„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 30 წლის განმავლობაში ჟურნალის მთელი ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად ვარშავის უნივერსიტეტში შეიქმნება დისციპლინა, რომელსაც ქართველოლოგია დაერქმევა. თავად პოლონელები ამბობენ, რომ ეს არის პოლონური ქართველოლოგია. ჟურნალში მოცემულია ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული და ისტორიული საკითხები და ისტორიული წყაროების თარგმანები. ჟურნალის ყოველ ნომერში იბეჭდება „ქართლის ცხოვრებაში“ თავმოყრილი ტექსტების პოლონურ ენაზე თარგმანები. ბოლო ნომერში დაბეჭდილია „მატიანე ქართლისას“ თარგმანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი აფხაზური ქრონიკები. ამავე დროს, გამოვეცით წმ.გრიგოლ ფერაძის დღიურები. გერმანიაში ვიპოვეთ მნიშვნელოვანი ხელნაწერი ივერიონის ქართველთა მონასტერზე და კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შესულია ამ წიგნში“, — განაცხადა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ.
საქართველო-პოლონეთის ისტორიკოსთა კომისიის სერიით პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული წმ. გრიგოლ ფერაძის დღიურების სამეცნიერო რედაქტორი, წინასიტყვაობისა და კომენტარების ავტორია დავით ყოლბაია. „დღიურები“ შეიცავს გრიგოლ ფერაძის აქამდე უცნობ ჩანაწერებსა და დღიურებს, ამონაწერებს პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის საეკლესიო ცნობარიდან. წინამდებარე ნაშრომი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ უდიდესი მოაზროვნის ფიქრებსა და განცდებს იმ მომენტში, როცა ყალიბდება მისი მსოფლმხედველობა და იწყება მისი სულიერი პილიგრიმობა.
ამავე ღონისძიებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს X საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მოხატულს მარგალიტის თვლებით და მინანქარით, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილს, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული.
წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოებულები არიან: ჰენრიკ პაპროცკი; ძველი საბერძნეთისა ისტორიის მკვლევარი ლენგაუერი; ქართველოლოგები -პროფ. ბერნარ უტიე და პროფ. იოსტ გიპერტი; მამა ადამი (ახლაძე), ქართველი სასულიერო პოეტი და ფილოსოფოსი; გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამაარსებელი ილია ფერაძე; წმიდა მიწის ქართველთა სიძვეელების შესწავლისთვის თამილა მგალობლიშვილი და ორიენტალისტი პროფ. გოჩა ჯაფარიძე; გრაკლიანის გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, კავკასიაში უძველესი არამეული წარწერების აღმომჩენი ვახტანგ ლიჩელი.