ვახტანგ კოკილაშვილის ხსოვნას
ქართველ მათემატიკოსთა რიგებს დიდი მეცნიერი გამოაკლდა — გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, აკადემიკოსი ვახტანგ კოკილაშვილი.
გახსენებაში, რომელსაც მისი კოლეგები და მოსწავლეები აწერენ ხელს, ბატონი ვახტანგი წარმოჩენილია, როგორც ბრწყინვალე პედაგოგი და გამორჩეული მეცნიერი, რომელმაც არაერთი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომით გაამდიდრა მათემატიკის, როგორც მეცნიერების დარგი. „თითქმის 60 წელი მოღვაწეობდა ბატონი ვახტანგი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში ერთგულად და თავდაუზოგავად. სიცოცხლის ბოლომდე გასაოცარი აქტიურობით ასრულებდა სამეცნიერო კვლევებს. ის იყო 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ცნობილ სამეცნიერო გამომცემლობებში გამოქვეყნებული 9 მონოგრაფიის ავტორი. სულ ცოტა ხნის წინ გამოსაქვეყნებლად მოამზადა კიდევ ერთი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი, რომლის კორექტურაც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაასრულა. გამორჩეული იყო ის ასევე ორგანიზაციულ საკითხებშიც, თითქმის ორი ათეული წელი იყო ბატონი ვახტანგი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა მათემატიკური ანალიზის განყოფილებას ჩვენს ინსტიტუტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული განყოფილება იყო და არის. აღსანიშნავია მისი ღვაწლი და ამაგი საერთაშორისო ჟურნალის — „ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები“ წარმატებაშიც, რომლის მთავარი რედაქტორიც რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ბატონი ვახტანგი გახლდათ. სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, იგი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც და სტუდენტებისთვის საყვარელი ლექტორი იყო. ამ ყველაფერთან ერთად ბატონი ვახტანგი გამოირჩეოდა მაღალი ზნეობითა და კეთილშობილებით, საოცარი პასუხისმგებლობითა და ობიექტურობით. მასთან საუბარი და მისგან რჩევები ბევრის მომცემი იყო. უდავოდ ძალიან დააკლდება ბატონი ვახტანგი ჩვენს ინსტიტუტს და არა მარტო მას. ბატონი ვახტანგის გარდაცვალება მთელი ქართული მეცნიერებისთვის დიდი დანაკლისია“, — წერს თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი ნინო ფარცვანია.
ვახტანგ კოკილაშვილი დაიბადა 1938 წელს ქ. თბილისში, პედაგოგების ოჯახში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1990 წლიდან იყო ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე, 1989-2006 წლებში კი — ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.
1997 წელს ვახტანგ კოკილაშვილი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2013 წელს — აკადემიის ნამდვილ წევრად. წლების განმავლობაში იყო აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების ბიუროს წევრი, ხოლო 2014-2019 წლებში — განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 1986 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია.
აკადემიკოსი ვახტანგ კოკილაშვილი ავტორია 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 9 მონოგრაფიისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ისეთ წამყვან სამეცნიერო გამოცემებში, როგორიცაა „Kluwer’’, „Birkhä user’’, „Addision Wesley Longman’’,“World Scientific“’ და სხვ. მისი შედეგები ციტირებულია მრავალი გამოჩენილი მეცნიერის მიერ. ვახტანგ კოკილაშვილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები’’-ს მთავარი რედაქტორი, „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი“-სა და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ვახტანგ კოკილაშვილი მონაწილეობდა მრავალი დიდი სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში, იყო მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესის (ICM 2014) რეგიონული ელჩი, მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესების (1966, 1998, 2002, 2014, 2018) მონაწილე.
მის მიერ მიღებული შედეგები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფუნქციათა თეორიასა და ფუნქციონალურ ანალიზში. განუზომელია მისი წვლილი ჰარმონიული ანალიზის, წონიანი ფუნქციური სივრცეების, ოპერატორთა თეორიის, ფუნქციათა აპროქსიმაციის თეორიის, ანალიზურ ფუნქციათა თეორიისა და მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალურ განტოლებათა სასაზღვრო ამოცანების მიმართულებებით. მის სახელს უკავშირდება ორწონიანი ამოცანის ამოხსნა პოტენციალის ოპერატორებისათვის. აღნიშნული შედეგი მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა მიერ აღიარებულია, როგორც უმნიშვნელოვანესი გარღვევა ინტეგრალურ ოპერატორთა წონიან თეორიაში.
ბოლო პერიოდის მანძილზე ვახტანგ კოკილაშვილის მოღვაწეობა უკავშირდება არასტანდარტული ფუნქციური სივრცეებისა და მათში მოქმედი ჰარმონიული ანალიზის ოპერატორთა ასახვის თვისებების, ახალ ფუნქციურ სივრცეებში ანალიზურ ფუნქციათა სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევას. მან შემოიღო ზოგიერთი ახალი ფუნქციური სივრცე და წარმატებით გამოიკვლია მათში მოქმედი ინტეგრალური ოპერატორების თვისებები. მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კარგადაა ცნობილი ვახტანგ კოკილაშვილის სამეცნიერო ჯგუფი, რომლის სახელსაც უკავშირდება მნიშვნელოვანი შედეგები არასტანდარტული ფუნქციური სივრცეების მიმართულებით.
მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებთან ერთად ვახტანგ კოკილაშვილი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ის იყო 10 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 3 სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო კონსულტანტი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საქმიანობაში.
„გამორჩეული იყო ვახტანგ კოკილაშვილის პიროვნული ღირსებებიც. იგი მაღალ პროფესიონალიზმსა და პრინციპულობასთან ერთად გამოირჩეოდა დიდი პასუხისმგებლობით, სამართლიანობითა და ობიექტურობით, კოლეგებისა და მოწაფეების მიმართ ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, რითაც მან მათი უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
ვახტანგ კოკილაშვილი სიცოცხლის ბოლომდე გასაოცარი ენერგიით, დაუღალავად და ნაყოფიერად ემსახურებოდა მათემატიკურ მეცნიერებას. ის ძალიან დააკლდება თავის კოლეგებსა და მოწაფეებს.
აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის — ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი პიროვნების, დიდი მკვლევრისა და შესანიშნავი მამულიშვილის ღვაწლსა და ამაგს მუდამ პატივისცემით მოიხსენიებენ და დააფასებენ მისი კოლეგები, მოწაფეები, მეგობრები და ახლობლები“, — ნათქვამია გახსენებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი.