გვესაუბრება თსუ-ის სტუდენტი გიორგი დათუაშვილი
მოგესალმებით, მე ქალაქ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის ბაკალავრი გიორგი დათუაშვილი ვარ. მინდა, იმ ექსპედიციაზე ვისაუბრო, რომელიც საქართველოს სამხრეთში, კერძოდ ვა(ჰა)ნის ქვაბებში მოვაწყვეთ. ამ სტატიის მოტივი ექსპედიციაში მიღებული ცოდნის მაქსიმალური ასახვა და გაზიარებაა.
უშუალოდ ვა(ჰა)ნის ქვაბებზე საუბრამდე აღვნიშნავ, რომ ამ უნიკალური ძეგლის მიმართ ინტერესი პირველად მეორე კურსზე ყოფნისას გამიჩნდა. საქმე ისაა, რომ ვსწავლობდი საგანს სახელწოდებით — „ქართული სამართლის ისტორია“. ამ სალექციო კურსზეც კი აღმოვაჩინე, რომ მონასტრის ტიპიკონი სახელწოდებით -“ვაჰანის ქვაბთა განგება“, გარკვეულწილად, გვეხმარება ქართული იურისპრუდენციის ისტორიის შესწავლაში. რადგან დღეს ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაშინვე სოციალურ სივრცეში დავიწყე ზემოხსენებულ ძეგლზე ინფორმაციების მოძიება: დავათვალიერე სურათები, წავიკითხე მწირი ინფორმაცია, რამაც გამიღვივა ინტერესი და სურვილი თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განსამტკიცებლად. დავისახე მიზნად ვარძიის შემოგარენში წასვლა და ვანის ქვაბების ნახვა. აქვე გავიხსენებ გენიალური პოეტის — აკაკი წერეთლის სიტყვებს: „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვინმეს განა?“ ამ ფიქრებს კვალდაკვალ მოჰყვა არსებული რეალობა, რაც პირდაპირი წინაღობა იყო ჩემთვის, რადგან 2020 წლის გაზაფხული მეტად რთულად წარიმართა იმ გლობალური სენის, ინტერნაციონალური ტკივილისა თუ ბიოლოგიური ომის გამო, რომელიც „Covid-19“-ის სახელით მოგვევლინა. სახიფათო იყო გადაადგილება, შესაძლებელია, არც მოეცათ ძელგის ნახვის საშუალება, რის გამოც ექსპედიციამ გაურკვეველი ვადით — ასევე გაურკვეველი მომავლისკენ გადაინაცვლა.
ექსპედიცია არ ყოფილა ერთკაციანი. ალბათ, ამით აიხსნება მრავლობითში წერის სტილიც. ვანის ქვაბების მონახულების იდეა ჩემს მეგობარს, კურსელს, მომავალ კოლეგასა და, ასევე, თსუ-ის სტუდენტს (ისტორიის მიმართულების) ნიკოლოზ ბოლაშვილს მოეწონა. ნათქვამია, რომ აღმართს დაღმართი მოსდევსო და პირიქითაც, ამიტომ ჩვენთანაც მოვიდა „გაზაფხული“ და შევძელით სამცხისკენ წასვლა. ახალგაზრდული ჟინითა და მოტივაციით მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე, თვალწინ გადაიშალა თვალუწვდენელი კლდეთა მასივი, თვალწარმტაცი ბუნება და ირაციონალური სინამდვილე. დიახ, ჩვენ ვა(ჰა)ნის ქვაბებში ჩავედით, სადაც ამჟამად მონასტრის წინამძღვარი იღუმენი (მამა) მათე ვაშაყმაძე ცხოვრობს. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მისი თბილი დახვედრა, მან ვანის ქვაბების ისტორიაც მოგვიყვა, აგვიხსნა მონასტრული ცხოვრების სპეციფიკაც, გვესაუბრა კლიმატსა და რელიეფზე.
შევეცდები მამა მათეს ნაამბობის განვრცობისა და ვანის ქვაბებზე არსებული ისტორიული მეხსიერების ინტეგრაციით მცირედი წარმოდგენა შეგიქმნათ ხსენებულ ძეგლზე.
ჩვენ არ ვართ განებივრებული ცნობებით ვანის ქვაბებზე, მაგრამ ვანის ქვაბთა ტიპიკონი არის ნამდვილად უნიკალური ნაშრომი, რომელიც დეტალურად მოგვითხრობს მონასტრული ცხოვრების შესახებ. მონასტერი VIII საუკუნის სასულიერო კერაა, ეს არის მეუდაბნოების ხანა, როდესაც ბერმონაზვნობა გამოქვაბულებში ცხოვრებას ირჩევს, ისინი დიდი მონდომებით კვეთდნენ გამოქვაბულებს, რათა იქ დაეწყოთ ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ შენობებს კი არ აშენებენ, არამედ გამოქვაბულებში იწყებენ ამ რთულ და ღვაწლმოსილ ცხოვრებას, რაც ცხადად ასკეტიკის განვითარებისკენ მიუთითებს. თუ ძეგლი ერთხელ მაინც გინახავთ, შეამჩნევდით, რომ არის ძალიან ვიწრო და რთულად სავალი. ტიპიკონი მოგვითხრობს, რომ მონასტერში მოღვაწეობდა, დაახლოებით, 68-70 ადამიანი, რაოდენობა იყო მკაცრად შეზღუდული. შეიძლებოდა მონასტრიდან წასულიყო წევრი, მაგრამ იშვიათად ამატებდნენ ახალს. ასევე იყვნენ უხუცესები, დიდი ხნის მოღვაწე ბერები, დაყუდებული ბერები, რომლებიც უდიდეს დროს ლოცვას უთმობდნენ. გარდა ამისა, ქვაბებში გვხვდებოდნენ უფრო ახალგაზრდა ბერებიც, რომლებიც ფიზიკური შრომითაც იყვნენ დაკავებულნი. როგორც მოგეხსენებათ, მონასტრული ცხოვრებისთვის დამახასიათებელია ორი გარემოება: ლოცვა და შრომა.
მონასტერს გააჩნდა შეწირული მიწები, დღემდეა შემორჩენილი „ბერთა ყანები“, რომელიც ქვაბებიდან 2-3 კილომეტრშია. ეს იყო საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, სადაც ბერები ფიზიკურად მუშაობდნენ, ასევე მათ ჰყავდათ დაქირავებული გლეხები. უნდა ითქვას, რომ განვითარებული იყო ხილნარი და მიწათმოქმედება. მონასტერს, ასევე, გააჩნდა უხვად შეწირულობა, ძირითადად, მხედველობაში გვაქვს ფეოდალური საქართველოს სინამდვილე, როდესაც მონასტერი იყო როგორც მეფის, ასევე, ფეოდალის მზრუნველობის ქვეშ. ვანის ქვაბების ეპიტაფიები მოგვითხრობს იმ ფეოდალებზეც, რომლებიც მართლაც ზრუნავდნენ მონასტრის საჭიროებების უზრუნველყოფისთვის, რადგან სასულიერო მოღვაწეთა ძირითად საქმიანობას ლოცვა წარმოადგენა. ლოგიკურია, რომ მათ ელემენტარულ მოთხოვნილებებზე არც უნდა ჰქონოდათ პრობლემა.
ფეოდალური საქართველოსთვის დამახასიათებელი პირობები გვხვდება ვანის ქვაბთა ისტორიაზე საუბრისასაც, რადგან, ცხადია, მონასტრის ყველა წევრი ერთ პირობებში არ ცხოვრობდა: თუ, მაგალითად, ადამიანი იყო მაღალი სოციალური წრიდან და გადაწყვიტა მონასტერში წასვლა, მას გაცილებით მეტი უპირატესობა ენიჭებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი გლეხის ოჯახიდან მოსულ წევრს.
მონასტერს გააჩნდა მართვა-გამგეობის წესები, ანუ თავისი სამართალი. მაგალითად, აკრძალული იყო ქალის შემოსვლა მონასტერში; თუ სტუმარი კაცი იყო, მნიშვნელობა ჰქონდა — ვისთან მოვიდოდა, რადგან თუ წინამძღვართან მოდიოდა სტუმრად, მას დიდი პატივით იღებდნენ. არ იფიქროთ, რომ უბრალო ხალხს ხელს ჰკრავდა მონასტერი, პირიქით — თუ მონასტერს ესტუმრებოდნენ მწირები (დღევანდელი მიუსაფარნი), მათ აპურებდნენ, ასვენებდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მონასტრის კარიბჭის წინ და არა საკუთრივ მონასტერში. სწორედ ამგვარი შრომისთვის იყვნენ ახალგაზრდა ბერები, რომლებიც ემსახურებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს, ანუ ვაჰანის ქვაბთა მონასტერს ჰქონდა საქველმოქმედო ფუნქციაც. თუ რომელიმე ბერს ნათესავი ესტუმრებოდა, მონასტერს არ ჰქონდა მისი გამასპინძლების ვალდებულება. უმასპინძლდებოდა ის, ვისაც მოუვიდოდა სტუმარი. აღსანიშნავია, რომ სამ დღეზე მეტ ხანს სტუმარს არ აჩერებდნენ (განურჩევლად სტატუსისა). დღემდეა შემორჩენილი სახუმარო სიტყვები: „სტუმარი ვიცი სამი დღეო...“
ვანის ქვაბთა მონასტერს ჰქონდა საგანმანათლებლო დანიშნულებაც. ბერები წიგნების გადაწერით კავდებოდნენ, სერიოზულად იყო დახვეწილი კალიგრაფია, თარგმნიდნენ წიგნებს ბერძნულიდან და სწორედ აქედან მიეწოდებოდა შემდეგ ინფორმაცია ერს, რადგან მაშინ არ არსებობდა სტამბა. ბერები არ იყვნენ წიგნით მოვაჭრეები, თუმცა ფეოდალი, რომელიც ბერებისგან გადაწერილ წიგნს აიღებდა — ის შესწირავდა შესაწირს.
მონასტერში იყო განვითარებული მედიცინაც, რა თქმა უნდა, ბალახეულით. არსებობდა აბანოები, ბერები კვირაში ერთხელ ბანაობდნენ, რადგან ზედმეტი ფუფუნება არ მიეცათ საკუთარი სხეულისთვის. არსებობდა საკანალიზაციო სისტემებიც. ვანის ქვაბებში გვხვდება საქალაქო სისტემისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც, თუმცა, აქვე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ მშვიდობიანი საქართველოს არსებობის პირობებში. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ეფემერული იყო.
ვა(ჰა)ნის მონასტერი დაზარალდა შემოსევების, მიწისძვრისა და მრავალი უბედურების შედეგად. მაგალითად მოვიყვან დემეტრე თავდადებულის პერიოდს, როდესაც მონღოლების ბატონობა იყო საქართველოში და ჟამთააღმწერელი ამბობს, რომ იმდენად გამძაფრდა ადამიანებში ცოდვა, რომ ღმერთმა სასჯელად მოუვლინა ეს მიწისძვრა ქართველებსო. ასევე, ის ამხელს ეკლესიის სათავეში მყოფ ხალხს, რომლებიც არანაკლებ სცოდავდნენ საერო მოხელეებზე — ეს არის უმძიმესი სინამდვილე. ინდუქციით რომ შევაფასოთ დავით IV-ის რეფორმა — „რუის-ურბნისის კრება“, სრულიად მოშლილია. ვახსენეთ მიწისძვრა და ვახსენოთ მისი სავალალო შედეგები: ყველაზე მაღალი და ძლიერი მთები ერთმანეთში აიზილა, დაიქცა თმოგვის ციხე, აწყურის ტაძარი, ვარძია, ვანის ქვაბები. ამის შემდეგ XIV საუკუნის ბოლოს ხდება რესტავრაცია, მაგრამ დანგრეულისა და გამქრალის აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
როგორც ვიცით, არ წყდებოდა სპარსელების შემოსევა, შაჰ-თამაზმა ილაშქრა ოთხჯერ საქართველოში და ბოლო ლაშქრობის დროს ვარძია დაიპყრეს ღალატით. რა თქმა უნდა, ვანის ქვაბებიც არ აღმოჩნდებოდა კარგ მდგომარეობაში. შემოსევებმა ძალიან დაასუსტა საეკლესიო ცხოვრება მესხეთში. საქართველო რჩება მუსულმანურ რკალში. როგორც ისტორიიდან ვიცით, თურქები ეპატრონებიან სამხრეთს ახალციხის ჩათვლით, ადგილობრივი ფეოდალები — ჯაყელები ვერ გადაურჩნენ ამ ტალღას და გამუსულმანდნენ. სავალალო პროცესია სარწმუნოების შეცვლა, ზოგიერთი გამუსულმანდა, ასიმილირდა თურქებში, ზოგმა მიიღო მონოფიზიტობა და სომხურ ტომს შეუერთდა, რომელიც არ იდევნებოდა, რადგან სომხები ვაჭრები იყვნენ და თანაც ნებისმიერი დამპყრობლისთვის ხელსაყრელნი. მეორე იყო კათოლიკური თემი, შემდგომში მათ „გაფრანგებულები“ ეწოდათ. დღემდე გვხვდება რამდენიმე სოფელი, სადაც ქართველები საკუთარ თავს უწოდებენ „ფრანგებს“. ვინც ბოლომდე ერთგული დარჩა მართლმადიდებლობის, ის იძულებული გახდა გახიზნულიყო საქართველოს სხვა, შედარებით უსაფრთხო მხარეში. არ მინდა მთავარ თემას მოვწყდე და საქართველოს ისტორიაზე გადავიდე (თუმცაღა, მეტად საინტერესოა ჩვენი ქვეყნის ისტორია), ამიტომ ქრონოლოგიურად მინდა ვახსენო ის პროცესები, რომლებიც საკვანძო საკითხად შეიძლება ჩაითვალოს. გავიხსენოთ „ტყვეთა სყიდვა“, რაც ბინძური ლაქაა ჩვენი ისტორიისთვის. სამწუხაროა, რომ აღნიშნულ პროცესში ყველა ფენა, მათ შორის, სასულიერო მოღვაწეებიც იყვნენ გასვრილნი. მახსენდება ასეთი თქმულება — „ვაი შენ ცაიშელ...“, როდესაც სკრიპტორიუმში მოღვაწე ერთ-ერთმა ბერმა გაიგო, რომ ცაიშის ეპისკოპოსი ან მოღვაწე ვინმე სასულიერო პირი ჩაბმულია ტყვეების გაყიდვაში.
როგორც ისტორიული მეხსიერებიდან შემოგვრჩა, ვანის ქვაბებზე საუბრისას, მეტად ახლოა ფეოდალიზმის პერიოდი საქართველოში. როგორც ვიცით, მონასტერს ჰყავდა მფლობელ-მეპატრონენი, საერო პირები, რომლებიც ზრუნავდნენ მასზე. როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, ვანის ქვაბების ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშა გურგენისძეთა გვარმა, კერძოდ, ვახსენებ იჩქით გურგენის ძეს, რომელიც გამორჩეულია თავისი აღმშენებლობითი საქმიანობით. ვანის ქვაბები მათი გვარის საძვალე და რეზიდენცია ყოფილა. სწორედ იჩქითის ზეობის დროს თმოგვი და მის გარშემო ტერიტორია გადასცემია სარგის ვარამის ძე მხარგრძელს. ეს ხდება 1990-1991 წლებიდან. ამის შემდეგ ჩანს, რომ სარგისის მემკვიდრე მხარგრძელ-თმოგელის საგვარეულო მონასტერი და საძვალე სწორედ ვანის ქვაბები ხდება. ამ პერიოდში იქმნება ის უნიკალური „ვაჰანის ქვაბთა განგება“, რომელიც მართლაც ფასდაუდებელია.
დაბოლოს, დავძენ, რომ ქვაბების კომპლექსის ბოლო სართულზე გუმბათიანი ტაძარია, რომელმაც შემოგვინახა XV საუკუნის მეორე ნახევარში კედელზე შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ორი სტროფი. ეს არის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ჩანაწერი.
ამ სტატიით, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი სიტყვა ვერ ითქმება, თუმცა აქ აღნიშნული ინფორმაცია მცირედ წარმოდგენას მაინც შეგიქმნიდათ იმ უნიკალურ ძეგლზე, რომელიც საქართველოს სამხრეთით, ვარძიის სიახლოვეს მდებარეობს, რაც, თავისთავად, ქართული ეკლესიის ისტორიის, ასევე, საეკლესიო საკორპორაციო სამართლის ისტორიის თვალსაჩინოებაა. ვფიქრობ, როგორც ვარძია, ასევე ვა(ჰა)ნის ქვაბებიც ცნობილი უნდა იყოს თითოეული ქართველისთვის. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ვაფასებდეთ.
სტატიაში მოყვანილი არგუმენტებისა და მიზეზების გამო თამამად ვიტყვი, რომ „ვაჰანის ქვაბთა განგება“ უნიკალურია და არა მარტო ჩემი, არამედ თითოეული ქართველის მიზანი უნდა იყოს ამ უნიკალური ძეგლის პოპულარიზაცია!