შურთხია ბეროშვილი
31 მარტს ახალი წიგნის — „ეროვნული ხელისუფლების 419 დღე — საქართველოს მეორე რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე“ I ნაწილის (1990 წ. ნოემბერი-1991 წ. იანვარი) წარდგენა გაიმართა.
წიგნი „უახლესი ისტორიის ცენტრის“ მორიგი პროექტია, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯის“ მხარდაჭერით გამოიცა. პირველი ნაწილის ავტორ-შემდგენლები არიან: გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი და გიორგი ბუცხრიკიძე — ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები, სამეცნიერო რედაქტორი კი — დიმიტრი შველიძე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი.
წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
აღნიშნული მოვლენის საფუძვლის დამდებად ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაწყებული ანტისაბჭოთა, დისიდენტური მოძრაობა უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ ეტაპად იქცა. „გარდაქმნის“ სახელწოდებით ცნობილმა პროცესმა და საბჭოთა რეპრესიული სისტემის შესამჩნევმა შერბილებამ, 1980-იან წლებში ეროვნულ მოძრაობას ხელ-ფეხი გაუხსნა და, საბოლოოდ, საქართველოში სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეამ გაიმარჯვა. მრავალწლიანი იატაკქვეშა ბრძოლის, მშვიდობიანი მიტინგებისა და შიმშილობების, 1989 წლის აპრილის მოვლენებისა და სხვა ფაქტორების შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ და ასევე, პირველად საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საქართველოში მრავალპარტიული და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოში – უზენაეს საბჭოში – მანდატების უმეტესობა ზვიად გამსახურდიას საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ მოიპოვა.
1990 წლის 14 ნოემბერს ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. საბჭოს თავმჯდომარედ და, შესაბამისად, ქვეყნის მეთაურად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება „საქართველოს რესპუბლიკა“ გახდა. სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირებამდე გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა. ამგვარად, საბჭოთა რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდა. ფაქტობრივად, დაიბადა საქართველოს მეორე რესპუბლიკა.
ეროვნულ ხელისუფლებას მრავალი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი: საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა საოკუპაციო ჯარი იდგა, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას სეპარატისტული ჯგუფებიც უქმნიდნენ საფრთხეს, საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობდა, კავშირის შემადგენლობაში შეეკავებინა საქართველო, ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებები დაიწყეს რადიკალურად განწყობილმა ოპოზიციურმა ძალებმა, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ხანგრძლივ და მტკივნეულ რეფორმებს მოითხოვდა, რასაც მეტად ართულებდა ის ფაქტი, რომ საქართველო მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სივრცესთან...
ეროვნული ხელისუფლების მმართველობა დაახლოებით 14 თვის – უფრო ზუსტად კი 419 დღის – განმავლობაში გაგრძელდა. 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალება 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული ხელისუფლების დამხობითა და განდევნით დასრულდა. კანონიერმა მთავრობამ მუშაობა დევნილობაში გააგრძელა. ამის შემდეგ საქართველოში ხანგრძლივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დაიწყო.
წიგნი „ეროვნული ხელისუფლების 419 დღე“ მეორე რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანეა. სათაური შემთხვევითი არ არის – ჯერ კიდევ 1990 წლიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აღმნიშვნელ ტერმინად „ეროვნული“ დამკვიდრდა, რითაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ხანგრძლივი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ქართველმა ერმა პირველად თავადვე აირჩია საკუთარი, ლეგიტიმური ხელისუფლება და მას დამოუკიდებლობის აღდგენა და სახელმწიფოს მშენებლობა ანდო. ეს ტერმინი როგორც ხალხში, ასევე სამეცნიერო სფეროში მყარად დამკვიდრდა. შედარებით ახალია „მეორე რესპუბლიკის“ ცნება, თუმცა ფაქტია, რომ, რესპუბლიკათა ნუმერაციის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის მიხედვით, პირველი რესპუბლიკის (1918-1921) შემდეგ, დამოუკიდებელი, ერის ნებაზე დაფუძნებული რესპუბლიკა სწორედ 1990-1992 წლებში არსებობდა, როგორც მისი გაგრძელება და ახალი, გამორჩეული, თუმცა ხანმოკლე ეტაპი საქართველოს ისტორიაში.
წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოში სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ გარდამავალი პერიოდის მიმდინარეობას, ეროვნული ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებს, მის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, საგარეო და საშინაო პოლიტიკას, 1990-1992 წლების ქართულ საზოგადოებას, საბჭოთა კავშირში არსებულ სიტუაციას, დასავლურ სამყაროს და მის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლების სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს, კულტურისა და განათლების სფეროებს, ავტონომიურ რესპუბლიკებსა (აფხაზეთი, აჭარა) და ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და ა.შ.
წარმოდგენილი წიგნი მასშტაბური პროექტის მხოლოდ პირველი ნაწილია და 1990 წლის ნოემბრიდან 1991 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. უახლოეს მომავალში გამოიცემა მისი მომდევნო ნაწილები – II: 1991 წლის თებერვალი-აპრილი, III: მაისი-ივლისი, IV: აგვისტო-ოქტომბერი, V: 1991 წლის ნოემბერი-1992 წლის იანვარი.