გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი
- ბუნებრივია, ყოველ საზოგადოებას აქვს დაავადებებთან შეხების გამოცდილება, შესაბამისად ყალიბდება შეხედულებები ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის არსის, დაავადებების წარმოშობისა და მათგან თავის დაცვის ხერხების შესახებ. ქართულ ეთნოგრაფიულ პრაქტიკაში დასტურდება სხვადასხვა დაავადებების მოვლისა და პრევენციის მრავალფეროვანი პრაქტიკა.
დაავადებათა სახეები ადამიანთა საზოგადოების ფიზიკურ-ფიზიოლოგიური მონაცემების გარდა დამოკიდებულია გეოგრაფიულ გარემოზე, კვების სისტემაზე, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე და სხვა სოციო-კულტურულ მახასიათებლებზე. ამასთან, დაავადებებთან გამკლავების ფორმებს ისიც განსაზღვრავს, თუ როგორ ესმით ადამიანებს დაავადების არსი და მისი გაჩენის მიზეზები. უძველესი დროიდან ყალიბდება დაავადებებთან დაკავშირებული ემპირიულ-რაციონალური და მაგიურ-რელიგიური პრაქტიკები. ემპირიულ-რაციონალური მიდგომები ყოფით გამოცდილებას, საცხოვრებელი გარემოსა და ადამიანის ფიზიკური აგებულების ცოდნას ემყარება. მაგიურ-რელიგიური პრაქტიკა კი გულისხმობს დაავადებების გამომწვევი მიზეზების ტრანსცენდენტურ ახსნას და შესაბამისი რიტუალური პრაქტიკის გამოყენებას. ქართულ სინამდვილეში ორივე მიდგომა ერთობლივად გამოიყენებოდა.
ქართული საზოგადოება უძველესი დროიდან იცნობს მკურნალობის სხვადასხვა ხერხებს, არქეოლოგიური აღმოჩენებიც მოწმობს სამედიცინო ცოდნის არსებობას (ბრინჯაოს ხანიდან გვხვდება ტრეპანირებული თავის ქალები, ნაპოვნია სამედიცინო იარაღები და სხვ.), ამას გარდა ცნობები ხალხური სამედიცინო ცოდნის და პრაქტიკის შესახებ გვხვდება ფოლკლორში და წერილობით წყაროებში. XI საუკუნიდან შემორჩენილია ხელნაწერი სამედიცინო წიგნები — კარაბადინები, რომლებიც დიდ ინფორმაციას მოიცავს როგორც სამკურნალო ხერხებისა და საშუალებების, ასევე, ავადმყოფობის არსის შესახებ. ამ მასალის ეთნოგრაფიულ მონაცემებთან შეჯერების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქართველები იცნობდნენ და აჯგუფებდნენ სხვადასხვა დაავადებებს მათი მახასიათებლების მიხედვით, ასევე, იცნობდნენ ამ დაავადებებთან ბრძოლის მთელ რიგ ხერხებს. დაავადებათა დაჯგუფება უპირატესად ხდებოდა ავადმყოფობის ფორმის, დაავადების თვისებებისა და დაზიანებული სხეულის ნაწილების სახელების მიხედვით. იცნობდნენ გადამდებ (კონტაგიოზურ), მოარულ (ეპიდემიურ), სახად (იმუნიტეტის გამომუშავების უნარის მქონე) და მემკვიდრეობით დაავადებებს. განასხვავებდნენ დაავადებათა გავრცელების ფორმებსაც — „ნაპირალი“ (წვეთოვანი), „პირის ორთქლით“ (ჰაერ-წვეთოვანი) და „ჰაერით“ (ჰაეროვანი). არსებობდა წარმოდგენები დაავადების გამომწვევი ცოცხალი ორგანიზმების („ჭიების“) შესახებაც. შესაბამისად ყალიბდებოდა მკურნალობის ან დაავადების თავიდან აცილების მიდგომები.
ხალხური სამედიცინო ცოდნა და პრაქტიკა საფუძვლიანად არის შესწავლილი ქართულ ეთნოლოგიაში, კვლევები ამ მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია ქალბატონ ნინო მინდაძის და მისი მოწაფეების წვლილი ხალხური მედიცინის კვლევის საქმეში. არსებობს ფუნდამენტური ნაშრომები და კონკრეტული საკითხებისადმი მიძღვნილი კვლევები, რომელთა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი ტრადიციული პრაქტიკა საკმაოდ პრაგმატული საფუძვლის მქონე იყო და დღესაც ეპიდემიებისა თუ ცალკეული დაავადებების პრევენცია-მკურნალობის სტრატეგია-ტაქტიკის ნაწილია.
დაავადებების, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების გავრცელების, ეპიდემიების საფრთხეები ყოველთვის არსებობდა, მითუმეტეს, სხვადასხვა ეპოქაში ჰიგიენის არსის განსხვავებულად აღქმისა და შესაბამისი ჩვევებისა თუ სტერეოტიპების არსებობის პირობებში. გამონაკლისი არც საქართველო იყო. პერიოდულად ვრცელდებოდა ეპიდემიები (ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა ტიფი, დეზინტერია, ციმბირის წყლული, ყვავილი, ქოლერა, შავი ჭირი). დიდი მასშტაბის ეპიდემიების თავიდან აცილების მიზნით, პირველყოვლისა, მიმართავდნენ ავადმყოფის იზოლირების წესს (იზოლირებას ახდენდნენ ან საკუთარ სახლშივე ან სახლის გარეთ). შუა საუკუნეების ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში არის რეკომენდაციები, რომ გადამდები დაავადების მქონე ავადმყოფის სიახლოვეს არ გაჩერდნენ; არ დაიძინონ იმავე ოთაში, სადაც მოთავსებულია ავადმყოფი; არ მიიღონ საკვები ავადმყოფთან ერთად; არც საერთო ჭურჭელი გამოიყენონ. იცოდნენ ავადმყოფის სახლის ნარ-ეკლით მორთვა — ავადმყოფობა გარეთ არ გავიდესო. თუ დაავადება უბანში ან სოფელში იყო გავრცელებული, ამ ტერიტორიას ხნულით გამოყოფდნენ, რათა გამვლელები მორიდებოდნენ. იცოდნენ ავადმყოფის გახიზვნაც. ხევსურეთში დასტურდება წესი განსაკუთრებით მძიმე გადამდები დაავადების შემთხვევაში ავადმყოფისთვის სპეციალური ქოხის აგებისა სოფლის გარეთ. იზოლირებულ ავადმყოფს საკვებსა და სასმელს ისე აწვდიდნენ, რომ ქოხში არ შევიდოდნენ, ხოლო თუ ავადმყოფი ზედმეტად იყო დაუძლურებული და დამხმარე სჭირდებოდა, მაშინ ოჯახის წევრ ან ნათესავ მოხუცს მიუჩენდნენ მომვლელად. ეპიდემიების დროს იზოლირების წესს მკაცრად იცავდნენ, ხოლო წესის დამრღვევს აჯარიმებდნენ ან განსაკუთრებულ შემთვევაში აიძულებდნენ სოფლიდან წასულიყო, ხშირად ოჯახიანად. გავრცელებული იყო გახიზვნის წესიც. დაავადების გავრცელებისთანავე იცოდნენ სახლ-კარის დატოვება და მთელი ოჯახის აყრა-გახიზვნა. „ხიზვნა“, სულხან საბა ორბელიანის მიხედვით, მტერთან ერთად „სენთა დარიდებასაც“ ნიშნავს. დადასტურებულია ფაქტები, როდესაც მთელი სოფელიც აყრილა და გადახვეწილა, წინანდელი საცხოვრებელი კი გადაუწვავთ.
დაავადების გავრცელების აღსაკვეთად პრაგმატული ხერხების -იზოლირება/დისტანცირების გარდა საქართველოში ცნობილი იყო სხვა წესებიც. პირველყოვლისა აღსანიშნავია, რომ არსებობდა ვარიოლიზაციის — აცრის წესი სახადების თავიდან ასაცილებლად. ამის თაობაზე ინფორმაცია დასტურდება უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებშიც.
ზემოთ ჩამოთვლილ ხერხებთან ერთად დაავადებათა პრევენციას ემსახურებოდა კვების რაციონის ბალანსირება, სოციალურ ურთიერთობათა ნორმირება და ხალხური ჰიგიენის ტრადიციების დაცვა. ყურადღება ექცეოდა სასმელ წყალს, დადგენილი იყო დაბანის წესები. ბანაობისას იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს (მიწა, მცენარეები), ასევე, ამ საშუალებებისგან სპეციალურად მომზადებულ ნაყენებს. ამზადებდნენ, ასევე, საპონს ნაცრისა და ცხოველური ცხიმების შერევით და მას სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. ავადმყოფთან ურთიერთობისას იყენებდნენ ნიორსა და ნიორზე დამზადებულ წამლებს (ნივრის ბაქტერიოციდული თვისებები დღეს დადასტურებულია). ამ პრაგმატულ მიდგომებს თან ერთვოდა მაგიურ-რიტუალური პრაქტიკაც. მაგალითად, ბატონების ეპიდემიების დროს იცოდნენ საღმრთო-საკვირაოს რიტუალის შესრულება რიტუალური მსხვერპლშეწირვითა და ლოცვით. ყოველივე ეს ცხადად აჩვენებს, რომ ქართველებს საკმაოდ განვითარებული სამედიცინო პრაქტიკა და ცოდნა ჰქონდათ და წარმატებით იყენებდნენ დაავადებათა მკურნალობისა და პრევენციისათვის.