მოამზადა მაია ტორაძემ
11 თებერვალს მეცნიერებაში ჩართული ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი მეცნიერი ქალი მოღვაწეობს და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ ბევრ მათგანზე დაუწერია. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა წარმოგიდგინოთ ქიმიის დოქტორი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე ელიზა მარქარაშვილი, რომელიც მეცნიერების ლაბირინთებში სიარულის სირთულეებსა და ხიბლზე გვესაუბრება.
— ქალბატონო ელიზა, რატომ და როგორ გადაწყვიტეთ, რომ ცხოვრება მეცნიერებასთან დაგეკავშირებინათ?
– ქალბატონმა ნუნუ ლაცაბიძემ – ჩემმა ქიმიის მასწავლებელმა – განსაზღვრა ჩემი არჩევანი ქიმიის სასარგებლოდ. სკოლის დასრულების შემდეგ სხვაგან წასვლა არ მიფიქრია – ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. 1982 წლიდან ვაგრძელებ უნივერსიტეტში მუშაობას.
უნივერსიტეტში ქიმიისადმი ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავეს ჩემმა პედაგოგებმა, განსაკუთრებით კი დოცენტმა ცისანა ვარდოსანიძემ, პროფ. ნოდარ ცომაიამ და აკადემიკოსმა ლოტარ ხანანაშვილმა. მათი ხელშეწყობით ხშირად ვიმყოფებოდი სასწავლო მივლინებებში, რათა მიმეღო და გამეღრმავებინა ცოდნა სხვადასხვა მოწინავე უნივერსიტეტებში: კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, რუსეთში – მოსკოვის და ლენინგრადის ინსტიტუტებში. საკანდიდატო დისერტაციის ძირითადი ნაწილიც იქ გავაკეთე და 1989 წელს დავიცავი მაკრომოლეკულების ქიმიაში. მადლიერებით მინდა გავიხსენო ყველა ის ჩემი პროფესორი, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში.
მინდა გავიხსენო პროფესორი ომარ მუკბანიანი, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში და მისი გვერდში დგომითა და ხელმძღვანელობით მრავალი საინტერესო კვლევა განხორციელდა. მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 2018 წელს მეცნიერთა ჯგუფმა პროფ. ომარ მუკბანიანის ხელმძღვანელობით მოვიპოვეთ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფის წოდება და დავჯილდოვდით საპატიო სიგელებით. ვფიქრობ, ცხოვრებაში სწორი არჩევანი გავაკეთე – ქიმია ჩემთვის ყველაფერია. გავიარე გზა მეცნიერ-თანამშრომლობიდან ლაბორატორიის გამგეობამდე და ვერც წარმომედგინა, თუ ოდესმე სხვა საქმის კეთება მომინდება. ადრე უფრო კვლევები მაინტერესებდა, ახლა კი პედაგოგიური მოღვაწეობა უფრო მხიბლავს სტუდენტებთანაც და სკოლის მოსწავლეებთანაც. გამოქვეყნებული მაქვს 289 სამეცნიერო შრომა, ათამდე სახელმძღვანელო და მონოგრაფია. ვარ 10 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი საგრანტო პროექტის მეცნიერ-მკვლევარი. აქტიურად ვარ ჩართული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში. ჩართული ვარ სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ვარ სტუდენთა საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ჩემს ბოლოდროინდელ სამეცნიერო აქტივობას, ჩართული ვარ ყველა იმ კვლევაში, რასაც მაკრომოლეკულების ქიმიის მიმართულება ახორციელებს: ძირითადად ეს შეეხება პოლიმერებს, რომლებსაც ფართო გამოყენება აქვთ ყოფა-ცხოვრებაში, კვების პროდუქტების შესაფუთ მასალებში, საშენ მასალებში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ განსაკუთრებით დაინტერესესული ვარ ეკოლოგიური პრობლემებით.
– თქვენ, როგორც მკვლევარი და პედაგოგი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ პრაქტიკულ სწავლებას. როგორ მოახერხეთ ონლაინ და პრაქტიკული სწავლების გაერთიანება? მოგვიყევით სტუდენტური პრაქტიკის შესახებ…
– სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოო პრაქტიკის არსებობა, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს — რეალურ ცხოვრებაში გამოსცადოს აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები); პრაქტიკის პერიოდში გაეცნოს საწარმოს ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს; მათი შეფუთვის საშუალებებს, აგრეთვე წარმოების უსაფრთხოების წესებს და ეთიკის ნორმებს.
საწარმოო პრაქტიკა აძლევს საშუალებას სტუდენტს უზრუნველყოს დამზადებული პროდუქტის, სასმელის და მასალის საექსპლუატაციო თვისებების კონტროლი უსაფრთხოების ნორმებისა და ეკოლოგიის დაცვით. ჩვენთან საწარმოო პრაქტიკა ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების საფუძველზე ხორციელდება და მეამაყება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქიმიის მიმართულების 50-მდე კურსდამთავრებული დასაქმდა პარტნიორ ორგანიზაციებსა და სააგენტოებში. პრაქტიკას ქიმიის მიმართულების სტუდენტები გადიან შემდეგ კომპანიებში: „კოკა-კოლა“, „ზედაზენი“, „გლობალ ბიერ ჯორჯია“, „ავერსი რაციონალი“, გარემოს დაცვის სააგენტო, შპს „ჯორჯიან ვოთერს ენდ ფაუერი“, წებო-ცემენტის კომპანია „ჰენკელი“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და ა. შ. — სულ 11 ობიექტი.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩამოთვლილ კომპანიას თანადგომისა და გამოჩენილი გულისხმიერებისათვის, რომ პანდემიის პირობებში გვერდში დაუდგნენ უნივერსიტეტს და, რაც მთავარია, ჩვენს ახალგაზრდებს.
– რამდენად მნიშვნელოვანია ქალების და გოგონების როლი მეცნიერებაში? თუ შეგხვედრიათ სირთულეები გენდერული ნიშნით?
– ქიმიის მიმართულებაზე სტუდენტი გოგონების რიცხვი აღემატება ვაჟებისას, მაგრამ მეცნიერულ კვლევაში ჩართული გოგონებისა და ვაჟების რაოდენობა თანაბარია. რაც შეეხება სირთულეებს, მე, როგორც ქალი მეცნიერი, არასოდეს შევჯახებივარ სირთულეებს, ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი ფაკულტეტის და მიმართულების, ასევე, კოლეგების მხარდაჭერას და გვერდში დგომას.
– თქვენ აქტიურად ხართ ჩართული „საბავშვო უნივერსიტეტის“ მუშაობაშიც. რა პრინციპით ასწავლით მომავალ უნივერსიტეტელებს – რა ცოდნას შეიძენენ ისინი ქიმიის მიმართულებით თქვენს ლექციებზე?
– დიახ, ვარ თსუ-ის „საბავშვო უნივერსიტეტის“ ქიმიის კოორდინატორი და ბავშვებთან ურთიერთობამ საკუთარ თავში კიდევ ახალი მისწრაფება აღმომაჩენინა – მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესება. მათთან ძალიან საინტერესოა სალექციო კურსის და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება. კვირაში ორჯერ მოდიან სხვადასხვა სკოლიდან, როგორც რაიონებიდან, ასევე თბილისიდან. ამ საქმეს ხალისით ვაკეთებ, რადგან ქიმიის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება. ყველაფერი ქიმიაა. ჩვენს ორგანიზმშიც ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ფერმენტები წარმართავენ და ასე შემდეგ. სწორედ ასეთ საკითხებში ვათვითცნობიერებ მოსწავლეებს და ვცდილობ შევაყვარო ქიმია. მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის გამოცემული მაქვს სახალისო ქიმიის დამხმარე სახელმძღვანელოები: „ქიმია, თაფლი, ყავა, შოკოლადი“, „ქიმია ყოფა-ცხოვრებაში“, „ქიმია და სამკაული“, „ქიმია და მედიცინა“, „ქიმია და მშენებლობა“. ეს სახელმძღვანელოები დიდი პოპულარობით სარგებლობს სკოლებში. ნივთების შეძენისას გარეგნულად შეიძლება მომხიბლოს ქვაბმა, ტაფამ, ტანსაცმელმა ან კოსმეტიკამ, მაგრამ ვითვალისწინებ – როდესაც კანი ოფლიანდება, განსაკუთრებით ზაფხულში, ის ქიმიური საღებავები, რომლებიც ტანსაცმელში ან კოსმეტიკურ პროდუქტშია გამოყენებული, ჩვენს კანში შედის, ამიტომ ხშირად არჩევანის წინაშე ვარ. ეს ეხება საკვებსაც, რომელშიც ძალიან ბევრი ისეთი დანამატია, რომელიც არ უნდა მივიღოთ. რომ ჩავუღრმავდები, ფაქტობრივად, ბევრი რამ არ უნდა ჭამო, საკვებ პროდუქტებს, ასევე, რძის პროდუქტებსაც ჭირდება ანალიზი. ცალკე პრობლემაა ის კონტეინერები, რაშიც საკვები თავსდება – შესაძლებელია გარკვეული დროის შემდეგ იმ მასალიდან პროდუქტში გადავიდეს მავნე ნივთიერებები და ბევრი დაავადება გამოიწვიოს. უმჯობესია, გამოვიყენოთ უფერო, გამჭვირვალე საკვები კონტეინერები, მინის ბოთლები და ქაღალდის შესაფუთი მასალები.
ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქიმიის განვითარებისთვის სტუდენტების და მოსწავლეების მეტად დაინტერესება არის საჭირო. ამისთვის კი უნდა შეიქმნას ლაბორატორიები და შეიცვალოს სასწავლო ლიტერატურა, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სკოლებში.
– დაბოლოს, ორიოდ სიტყვით, რა არის თქვენთვის ქიმია, როგორც მეცნიერება?
– ქიმია არის მეცნიერება – ბუნებისმცოდნეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მეცნიერება არ შეიძლება იყოს ადამიანის გარემომცველი, პირიქით – ადამიანი შეიძლება იყოს გარემოცული მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების შედეგებით. ქიმიური მრეწველობის პროდუქტების გარეშე თანამედროვე ადამიანის არსებობა შეუძლებელია, ისევე, როგორც ეს შეუძლებელია ელექტრობის გარეშე. ასეთივე სიტუაციაა ქიმიური მრეწველობის პროდუქტებთან დაკავშირებითაც – საითაც არ უნდა გავიხედოთ, ჩვენს გარშემო დავინახავთ საგნებსა და ნაკეთობებს, რომლებიც დამზადებულია ქიმიურ საწარმოებსა და კომპანიებში მიღებული მასალებისა და ნივთიერებებისაგან. წიგნის ხელში აღებისას გვიჭირავს მოლეკულები, ყავისა და ჩაის სმისას ვყლაპავთ მოლეკულებს, ოთახში ყოფნისას გვეჯახება მოლეკულები, ყვავილების შეფერილობისა და ლანდშაფტის სილამაზით ტკბობისას აღფრთოვანებული ვართ მოლეკულებით; მივირთმევთ სასმელს ან საკვებს – ვღებულობთ სიამოვნებას მოლეკულებისაგან, ვგრძნობთ არასასიამოვნო სუნს – შევიგრძნობთ ამას მოლეკულებით. გვაცვია და გვახურავს მოლეკულები, ვჭამთ მოლეკულებს და გამოვყოფთ მოლეკულებს. დაბოლოს, ჩვენც აგებულნი ვართ მოლეკულებისაგან.
სამყარო მეტად საინტერესოა, ვინაიდან როგორც აღვნიშნეთ, მოლეკულებით ვსუნთქავთ, ვიმოსებით, ვიკვებებით და ვეხებით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. საკვების მომზადებაც ქიმიური პროცესია. ტყუილად როდი ამბობენ, რომ ქიმიკოსი ქალები კარგი კულინარები არიან. მართლაც, სამზარეულოში საჭმლის მომზადება ხშირად ლაბორატორიაში ორგანული სინთეზის ჩატარებას მოგვაგონებს, იმ განსხვავებით, რომ კოლბებისა და ქიმიური ჭურჭლის ნაცვლად ქვაბები და ტაფებია გამოყენებული, ხშირად კი ავტოკლავები ტაფების სახით. ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ქიმიურ რეაქციას ატარებს – მაგალითად, საპნით ხელის დაბანა, სარეცხის რეცხვა სარეცხი ფხვნილებით და ა.შ. ცხელ ჩაიში ლიმონის ნაჭრის ჩაგდება ჩაის გაუფერულებას იწვევს – აქ ჩაი მჟავა ინდიკატორის როლში გამოდის, ლაკმუსის მსგავსად. ანალოგიურ მჟავა-ფუძურ ურთიერთქმედებას აქვს ადგილი დაჭრილი ლურჯი კომბოსტოს ძმრით დასველებისას.
ამით ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში და მის გარშემო უამრავი სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. საჭმლის მონელების, ადამიანის და ცხოველის სუნთქვის პროცესები ქიმიურ რეაქციებზეა დამყარებული. პაწაწინა ბალახისა და დიდი ხის ზრდის საფუძველიც სწორედ ქიმიური რეაქციებია. ამდენად, ქიმია ჩემთვის ყველაფერია – ყველაზე დიდი მეცნიერება, რომელსაც ისევე, როგორც სხვა დარგებს, გაფრთხილება სჭირდება. დღევანდელ პირობებში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: „ქიმიამ ბუნება გააფუჭა“, „ქიმიამ დააბინძურა წყალსაცავი და ის გამოყენებისათვის უვარგისი გახადა“ და ა.შ. სინამდვილეში კი აქ ქიმია – მეცნიერება, საერთოდ არაფერ შუაშია. ადამიანები, იყენებენ რა მეცნიერების შედეგებს, ცუდად აფორმებენ მას ტექნოლოგიურ პროცესებში, უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან უსაფრთხოების წესების დაცვის მოთხოვნებს და სამრეწველო ნარჩენების ეკოლოგიურად დასაშვებ ნორმებს, არასწორად და არაზომიერად იყენებენ სასუქებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისათვის და სარეველებისა და მავნებლებისაგან მცენარეთა დაცვის საშუალებებს. ქიმიის მიღწევების სწორად გამოყენება დამოკიდებულია ადამიანების კულტურაზე, კვალიფიკაციასა და მორალურ პასუხისმგებლობაზე, რომლებიც კი არ შოულობენ, არამედ ამ ცოდნას იყენებენ.