შურთხია ბეროშვილი
„დღეს თამამად ვუწოდებ საკუთარ თავს ფემინისტ მკვლევარს“, — ამბობს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ელენე ბერიაშვილი, რომელიც დოქტორანტურაში გენდერულ საკითხებზე მუშაობს.
„მეცნიერების უმეტეს დარგში ნაკლებია ქალთა პერსპექტივა, ამ მხრივ ისტორიის დარგიც არ არის გამონაკლისი, რადგან ტრადიციული ისტორიოგრაფია ქალებს, როგორც სოციალურ ჯგუფს, არ განიხილავს ისტორიის სუბიექტებად და, შესაბამისად, ნაკლებად პოპულარულია ისტორიის ამ პერსპექტივით შესწავლა, მით უფრო, ქართულ აკადემიურ სივრცეში. სწორედ მაშინ გადავწყვიტე წარსულის სამართლიანი და მიუკერძოებელი რეკონსტრუქციის მიზნით ქალთა ისტორიის კვლევაში გადამედგა პირველი ნაბიჯები, რასაც გარკვეული წინააღმდეგობები და დაბნეულობა ახლდა თან. თუმცა, ჩვენს უნივერსიტეტში ოდითგანვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თამამ და ინოვაციურ კვლევებს მუდამ უჭერდნენ მხარს და, საბედნიეროდ, ჩემს გარშემოც აღმოჩდნენ ასეთები, რომლებსაც თავიდანვე სჯეროდათ ჩემი წამოწყების და კვლევის. ამისთვის მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს პროფესორ ია (ლეილა) ხუბაშვილს. გარდა აკადემიური საქმიანობისა, დარჩენილი დრო და რესურსი ყოველთვის ხმარდებოდა სხვადასხვა მოძრაობებში ჩემს აქტივისტურ ჩართულობას, რამაც უფრო დიდი ბიძგი და შთაგონება მომცა სამომავლო კვლევითი საქმიანობის გასაგრძელებლად. სამართლიანობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი ახალგაზრდა მკვლევრებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში ცოდნის გაზიარებისა და განმტკიცების კუთხით, რასაც უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტი პროფესიონალურად უძღვება, — ამბობს ელენე ბერიაშვილი.
საერთაშორისო კვლევითმა გრანტებმა ელენეს შესაძლებლობა მისცა სადოქტორო კვლევა, რომელიც მზარდ მემარჯვენე პოლიტიკურ ტენდეციას და ქალთა საკითხებს ეხება, გაეტანა ქვეყნის გარეთ, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა იმ უნივერსიტეტებში, სადაც სწავლა და მუშაობა მოუწია. ამ მხრივ აღსანიშნავია რომის საპიენცას უნივერსიტეტი, რომელიც ისტორიის და არქეოლოგიის მიმართულებით ნომერ პირველია მსოფლიოში, ასევე გრანადის უნივერსიტეტი ესპანეთში, რომელიც ერთ-ერთი პიონერია ქალთა ისტორიის შესწავლის მიმართულებით ევროპაში და იენის უნივერსიტეტი გერმანიაში, სადაც პატივი ჰქონდა მაღალი კლასის პროფესორებთან და მკვლევრებთან თანამშრომლობისა, ალტერნატიული და თანამედროვე კვლევისა და სწავლების მეთოდების გაცნობისა. „იმ უნივერსიტეტების მსგავსად, სადაც სწავლის გამოცდილება მქონია, მინდა, რომ შევქმნა ისეთი სასწავლო კურიკულუმები, რომლებიც წაახალისებს ჩვენს უნივერსიტეტში ქალთა ისტორიისა და ქალთა კვლევების განვითარებას“, — აცხადებს ახალგაზრდა მკვლევარი.