თუ რა გავლენას ახდენს „COVID 19“გლობალურ ეკონომიკაზე, რა საფრთხეების ქვეშ აყენებს ის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკასა და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მისმა გავრცელებამ, ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი
ელგუჯა მექვაბიშვილი.
პანდემიამ მკვეთრად შეარყია მსოფლიოს საზოგადოებების ყოველდღიური სოციალური და ეკონომიკური შაბლონები. ეკონომისტებმა ყურადღება გაამახვილეს მის ეკონომიკურ გავლენაზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობებმა, როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნილების ერთდროულად უჩვეულო მოშლის საპასუხოდ. ექსპერტების აზრით, კოროვირუსული პანდემიის შედეგები „ძალიან სერიოზული" იქნება. კორონავირუსის გავრცელება ყველაზე დიდ დარტყმას მიაყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს და ის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ამ სექტორისთვის. კორონავირუსის გავრცელების შედეგებმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას, რომელიც, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაზე. ამდენად, ვირუსთან ბრძოლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ საქართველოს ეკონომიკისთვის საფრთხეების იდენტიფიცირება და, სხვადასხვა არასასურველი სცენარის განვითარების შემთხვევებში, მისი სწორად და ეფექტიანად მართვა.
— რა გველის კორონავირუსის უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში და რა გამოწვევების წინაშე დადგება მსოფლიო ეკონომიკა?
— უკვე აშკარაა, რომ კორონავირუსის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე იქნება ძალიან მძიმე. სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩნდა ახალი ცნება — „კორონომიკური კრიზისი’’, რომელიც სწორედ ამ ფაქტს გამოხატავს. გლობალურ ეკონომიკაში ამჟამად მიმდინარე პროცესებს ეკონომისტები ხშირად ადარებენ 2008-2009 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისს. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი შედარება მთლად კორექტული არ არის. ჯერ ერთი, გლობალური რეცესია, რომელიც უკვე დაიწყო, განპირობებულია გარეგანი ფაქტორით — კორონავირუსის პანდემიით. რაც შეეხება გლობალურ ფინანსურ კრიზისს, მას შინაგანი მიზეზი ჰქონდა — თანამედროვე ეკონომიკური სისტემის ყველაზე სწრაფადგანვითარებად ფინანსურ სექტორში გაჩენილი მწვავე პრობლემები. კრიზისის გამშვებ მექანიზმს კი წარმოადგენდა ფინანსურ ბაზრებზე მეორადი ფასიანი ქაღალდების, ანუ დერივატივების ჭარბი მიწოდება. მეორე, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გამოვლინდა გლობალური მიწოდების და გლობალური მოთხოვნის ერთდროულ შემცირებაში, რაც განსაკუთრებით დაძაბავს სიტუაციას და გააძნელებს კრიზისიდან გამოსვლას. საბოლოო ანგარიშით, გლობალური მთლიანი პროდუქტის ზრდის ტემპი ნავარაუდები 3.2%-დან 0.4%-მდე შემცირდება. შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი კლებაც, უმუშევრობის საგრძნობი გაზრდა, შემოსავლების მტკივნეული შემცირება და ა.შ. ექსპერტთა მოსაზრებით, კორონავირუსისგან მიყენებულმა ზარალმა მხოლოდ აშშ-ში შესაძლებელია 4 ტრლნ აშშ დოლარს მიაღწიოს, რაც გაცილებით მეტია გლობალური ფინანსური კრიზისის მიერ მიყენებულ ზარალზე. აშშ და ჩინეთი გლობალური ეკონომიკის ორი მთავარი „გამწევი ძალაა“. ჩინეთის ეკონომიკას კორონაკრიზისმა უკვე მიაყენა ძლიერი დარტმა. როგორც ვარაუდობენ, დაავადების ეპიცენტრი აშშ-ში გადაინაცვლებს და მწვავე რეცესიას წარმოშობს. ამ პირობებში მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გარდაუვალია.
საქართველო შეზღუდული რესურსების მქონე ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ამ ორ მოცემულობას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ, პირველი — გამორიცხულია გლობალურ ეკონომიკაში შექმნილმა მძიმე სიტუაციამ ზეგავლენა არ იქონიოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და, მეორე — სამწუხაროდ, კრიზისთან ბრძოლის და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის აუცილებელი ჩვენი ფინანსური და მატერიალური რესურსები აშკარად არასაკმარისია და ახლოსაც ვერ მივა მდიდარი ქვეყნების რესურსებთან. ასე მაგალითად, აშშ-ს მთავრობამ ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე უკვე გამოჰყო 2 ტრლნ აშშ დოლარი, რაც, სხვათა შორის, 2.5-ჯერ აღემატება გლობალური ფინანსური კრიზისის დასაძლევად თავის დროზე გამოყოფილ თანხას. ევროკავშირი გამოყოფს 1 ტრლნ ევროს, დიდი ბრიტანეთი — 250 მლრდ გირვანქა სტერლინგს და ა.შ.
ამრიგად, კორონავირუსით გამოწვეული რეცესია გლობალურ ეკონომიკაში იქნება ღრმა, ძალიან მწვავე და მისგან გამოსვლას დიდი ძალისხმევა და ხანგრძლივი დრო დასჭირდება.
— როგორი უნდა იყოს პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები?
— კორონავირუსი მეტ-ნაკლები ზომის ზარალს მიაყენებს ეროვნული მეურნეობის ყველა დარგს, განსაკუთრებით კი — ტურიზმს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ტურიზმის სფერო საქართველოში წარმოადგენდა უცხოური ვალუტის შემოდინების ლიდერს, ცხადი გახდება, რომ ტურიზმის ჩავარდნას ექნება მულტიპლიკაციური ეფექტი. ეს განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედებს (თუ უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები არ გამოიძებნა) ლარის კურსზე. ასევე მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ვაჭრობის სფეროზეც იქონიებს ნეგატიურ გავლენას და ა.შ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს, მათ შორის სავალუტო რეზერვების გამოყენების მიმართულებით. შექმნილი საგანგებო სიტუაციის ფონზე უნდა გამკაცრდეს კონტროლი კომერციული ბანკების საქმიანობაზე, პირველ რიგში, სავალუტო ბაზრებთან მიმართებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული სპეკულაციის ნებისმიერი მცდელობა. აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის მეტი კოორდინაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ეროვნული ბანკის განკარგულებაში არსებული ინსტრუმენტები არ იქნება საკმარისი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდებში სიტუაციის დასარეგულირებლად, თუკი საგრძნობლად არ მოწესრიგდა მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკა.
საერთოდ, კორონავირუსის პანდემიასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ პანდემიასთან ბრძოლის და პოსტპანდემიურ პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები. მიმდინარე ეტაპზე დღის წესრიგში დგას ორი ეგზისტენციური ამოცანა: ა) პროცესის შეჩერება, კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისათვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, რასაც, საბედნიეროდ, ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ბ) მოსახლეობის, განსაკუთრებით მისი ყველაზე შეჭირვებული ნაწილის თუნდაც მინიმალურ ფარგლებში საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფა. ორივე ამოცანა ურთულესია და მთავრობის აქტიურ ეფექტიან მოქმედებას მოითხოვს. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ექსპერტები ბევრ იდეას სთავაზობენ როგორც მთავრობას, ისე საზოგადოებას. ჩვენი აზრით, მოცემულ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია საგანგებო ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც უკვე უნდა შემუშავებულიყო და მიწოდებოდა საზოგადოებას. ამ გეგმის ღერძი უნდა გახდეს საგანგებო ანტიკრიზისული სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც გაითვალისწინებს ხარჯვითი ნაწილის არსებით პერეორიენტაციას ზემოაღნიშნული ორი ამოცანის გადასაწყვეტად. უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი შიდა რესურსებით ამ უმძიმესი პრობლემის გამკლავება შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია მთავრობამ ინტენსიური მოლაპარაკება წარმართოს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. რა თქმა უნდა, მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი საბოლოო შედეგის მისაღწევად. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სოლიდარობა. თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და კანონმორჩილება არის თავდაცვისა და გადარჩენის ყველაზე ეფექტიანი იარაღი.
— როგორ ფიქრობთ, სახელმწიფომ რა კონტრზომები უნდა განახორციელოს, რათა ისედაც მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო არ დამძიმდეს?
— სოციალური ფონი ქვეყანაში უკვე მძიმეა და, ალბათ, კიდევ უფრო დამძიმდება. ამ პირობებში აუცილებელია სახელმწიფომ თავის თავზე მთლიანად აიღოს გაჭირვებაში ჩავარდნილი მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქცია. გამოყენებული უნდა იქნას სხვადასხვა მექანიზმი: მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგება, რათა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს არ შეუწყდეს წყლის, გაზის, ელექტროენერგიის მიწოდება; სამუშაოდან იძულებითი მოცდენების ნაწილობრივი კომპენსაცია; მარტოხელა და ღრმად მოხუცებული პენსიონერი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურების დროული მიწოდება და სხვა.
ესაუბრა თამარ დადიანი