გიორგი ღაღანიძე,
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
– 2020 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდების ჩარიცხულთა შედეგების მიხედვით პირველ ადგილზეა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. ეკონომიკაზე გამოცხადებულ 400 ადგილზე 400 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ბიზნესის ადმინისტრირებაზე გამოცხადებულ 400 ადგილზე — 400, ხოლო ტურიზმზე გამოცხადებულ 250 ადგილზე — 250 აბიტურიენტი.
ჩვენს ფაკულტეტზე აბიტურიენტს აქვს არჩევანი ისწავლოს როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროგრამებზე. ორმაგი ხარისხის პროგრამების მიმართულებით წარმატებით ვსაქმიანობთ გერმანულ მხარესთან და ახლა ფრანგ კოლეგებთანაც დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი” მიენიჭა სრული და უპირობო აკრედიტაცია. 2020-2021 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამა პირველ მიღებას განახორციელებს. აქვე მინდა განვაცხადო, რომ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების” სადოქტორო პროგრამას მიენიჭა უპირობო აკრედიტაცია 7 წლის ვადით.
უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტთა წახალისების მიზნით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდია მიენიჭება უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის ბაკალავრიატის ერთ სტუდენტს, ყოველსემესტრულად 5 თვის ვადით.
რაც შეეხება სამეცნიერო აქტივობებს, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას და ეს უკვე ტრადიციად იქცა. 6-7 ნოემბერს ჩატარდება მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი კოლეგები.
მიმდინარე სასწავლო წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები დაფინანსდა. ასევე, გვინდა, კიდევ უფრო გავააქტიუროთ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები.
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩატარდება მე-3 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია – „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები”, რომელიც მიეძღვნება პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ასევე, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, განახლდა მაღლივი კორპუსის ფოიე და თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს; ასევე, განახლდა მე-10, მე-11, მე-12 სართულზე აუდიტორიები.
ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა