ნატო ობოლაძე
ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიაში საზაფხულო სკოლა ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. ორკვირიანი კურსის მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერგენის უნივერსიტეტის სტუდენტები ნორვეგიელი და ქართველი ანთროპოლოგების ლექციებს ისმედნენ. თემატიკა ანთროპოლოგიური კვლევების ძირითად მეთოდიკას მოიცავდა. საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა დამოუკიდებელი საველე კვლევები ჩაატარეს ბორჯომში, ახალციხესა და ვალეში და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საზაფხულო სკოლაში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობდა: ნორვეგიული ჯგუფი იმყოფებოდა კირკენესში (ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში), ხოლო ქართული ჯგუფი — ბორჯომში. პროექტში 13 სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეირჩნენ. საზაფხულო სკოლას თსუ-ის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და ბერგენის უნივერსიტეტის პროფესორი თუნე ბრინგა ხელმძღვანელობდნენ.
„ქართველი და ნორვეგიელი სტუდენტები გაერთიანული იყვნენ ორკაციან ჯგუფებად. მათ ერთობლივად შეიმუშავეს საკვლევი კითხვები. პროექტი იყო ძალიან წარმატებული. სტუდენტებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, განსაკუთრებით ღირებულია ინტერნაციონალურ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება. ამას გარდა, შეიკრიბა საინტერესო მიმდინარე მასალა ცალკეული საკვლევი საკითხების რიგვლივ, კერძოდ: ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრაქტიკა, კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები (კვების კულტურა), რელიგიური პრაქტიკა, იდენტობის მატერიალური გამოვლინებანი, საზღვრის გავლენა ყოფაზე, კულტურის ვიზუალიზაცია, მრავალფეროვნების გამოვლინებები. საბოლოოდ თითოეულმა სტუდენტმა დაწერა კვლევის ანგარიში, რომელიც შეფასდა ბერგენის უნივერსიტეტის მხრიდან და სტუდენტებს მიენიჭათ 5 კრედიტი საველე კვლევის მეთოდებში“, — განაცხადა პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა.
რას ყვება საზაფხულო სკოლის მონაწილე?
„თემა, რომელზეც ნორვეგიელ მონაწილესთან ერთად ვმუშაობდი, ეხებოდა რელიგიას, კერძოდ რელიგიურ აღორძინებას პოსტ-საბჭოთა პერიოდში (ბორჯომის მაგალითზე) და ცივი ომის შემდგომ პერიოდში (ნორვეგიის შემთხვევაში). თუ ნორვეგიის მაგალითზე საუბარი იყო ფიზიკურ საზღვრებზე, ბორჯომის შემთხვევაში კულტურულ საზღვრებს განვიხილავდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის განმავლობაში ბევრი ადგილი მოვინახულე ბორჯომსა და მის შემოგარენში, თემაზე მუშაობისას გამოვყავი სამი ადგილი (წმინდა სერაფიმ საროველის ტაძარი, ღვთისმშობლის ტაძარი და შემაღლებულ ადგილას არსებული ჯვრები) და ყურადღება ამ ადგილებზე გავამახვილე. კვლევის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო მეთოდოლოგიური ნაწილი. საველე სამუშაოების დროს გამოცდილებაა ყველაფერი — ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ინფორმაციის მიღება, სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის დაგროვება და გაცვლა სხვა მონაწილეებთან, ასევე მათი მოსაზრებების მოსმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უცხოელ კოლეგებთან ერთადაც გიწევს მუშაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაწილია, რადგან, როგორც მკვლევარს, გიწევს როგორც სხვადასხვა საკითხებზე, ასევე საკუთარ თავზე დაკვირვება“, — აღნიშნა საზაფხულო სკოლის მონაწილემ ტატა ჩრდილელმა.
* * *
ბერგენის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში ეს უკვე მეორე საზაფხულო სკოლაა, რომელიც პროექტ NorGePart-ის (ნორვეგიულ-ქართული პარტნიორობის პროგრამა ანთროპოლოგიაში კვლევაზე დაფუძნებული განათლების სფეროში თანამშრომლობისათვის) ფარგლებში DIKU-ს (განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიის ცენტრის) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული პროექტი, ასევე, მოიცავს საზღვარგარეთ დოქტორანტების საველე კვლევების დაფინანსებას და სტაჟირებას ბერგენის უნივერსიტეტში.