28 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის ორგანიზებით, Zoom-ის პლატფორმაზე, სემიტოლოგი ებრაისტის მანანა (მაკა) გოცირიძის 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
მონაწილეებს მიესალმა და კონფერენცია სიტყვით გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა. მან ისაუბრა მანანა გოცირიძის სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაუსვა მის როლს აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის განვითარებაში. მისი თქმით, ქალბატონი მანანა გოცირიძე ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა გახლდათ ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებს შორის.
„ცოდნის წყურვილი, ახალი ცოდნის შეძენა-შექმნა და გამრავლება — ეს იყო ის უმთავრესი ძალა, რომელმაც განსაზღვრა ქალბატონი მაკას ცხოვრების არსი. დღევანდელი ღონისძიება მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ფაკულტეტის, არამედ, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის, რადგან თაობათა კავშირის, მისი უწყვეტობის გამოხატულებაა. მოგეხსენებათ, თაობათა კავშირის გარეშე უნივერსიტეტის არსებობა წარმოუდგენელია. დღეს ქალბატონი მანანას დაბადების დღეა. ის 65 წლის გახდებოდა. სამწუხარო და დასანანია, რომ ქალბატონი მანანა ასე ადრე წავიდა ქვეყნიდან და ძალიან ბევრი გეგმა თუ მიზანი განუხორციელებელი დარჩა. მინდა, დიდი პატივით მივესალმო ქალბატონი მანანას კოლეგებს, სტუდენტებს და, უპირველესად, მისი ოჯახის წევრებს. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ კაცობრიობა დაამარცხებს ამ საშინელ სენს, დამთავრდება პანდემია, დავუბრუნდებით უნივერსიტეტს, ერთმანეთს და მომავალ კონფერენციებს უკვე ტრადიციული ფორმით გავმართავთ“, – აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.
პლენარული სხდომის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ მანანა გოცირიძესთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარა ერთმანეთს. მათ შორის იყვნენ გოგა სანიკიძე, მარიამ ჩაჩიბაია, მარიკა ჯიქია, გურამ ჩიქოვანი, მარინე შონია, მარინე მეფარიშვილი, ელენე ჯაველიძე, ნათელა ჟვანია, ლალი გულედანი. მოგონებებს და გამომსვლელებს ერთი საერთო და მთავარი მესიჯი აერთიანებდათ: მანანა გოცირიძის, როგორც მრავალი თაობის აღმზრდელისა და მეცნიერის, პატივისცემა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. რთულია, რა თქმა უნდა, ქალბატონ მანანაზე წარსულში საუბარი. მაგრამ, კარგად მახსოვს, როდესაც უნივერსიტეტში მოვედი, სემიტოლოგიის განყოფილებაში, კოტე წერეთელს უკვე შეკრული ჰყავდა ახალგაზრდა მეცნიერები და ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ქალბატონი მანანა იყო – არაჩვეულებრივი გონების და სამეცნიერო ალღოს მქონე ადამიანი. შემდეგ ეს ჯგუფი დაიშალა, თუმცა ქალბატონი მანანა იყო ის მეცნიერი, რომელიც ბოლომდე დარჩა. ის, როგორც მეცნიერი ძალიან პროდუქტიული გახლდათ, რადგან მისი სამეცნიერო ნაშრომები ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული. ის, რომ მანანა არ არის, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისთვის დიდი ტრაგედიაა. თავადაც ძალიან განიცდიდა, რომ ავადმყოფობის გამო სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობას ვეღარ ახერხებდა. დავამატებ იმას, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 60 წლის იუბილეზე ჩავატარეთ ონლაინ კონფერენცია, რომელსაც 11 ქვეყნიდან ესწრებოდნენ წარმომადგენლები. ამასთან, ჩვენ გამოვეცით კრებული, რომელშიც ჩვენი თანამშრომლების უცხოენოვანი სტატიებია თავმოყრილი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ამ სტატიებს შორის არის ქალბატონი მანანას სტატიაც“, — თქვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ. მან, ასევე, გაიხსენა ერთი საინტერესო ისტორია, რითაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მანანა გოცირიძე საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი იყო: „2013 წელს თელ-ავივის უნივერსიტეტის ვორქშოპზე ვიყავით და მაშინ იქ იყო ქალბატონი მანანაც, რომელმაც თავისი მოხსენება წარმოადგინა. ეს აღმოჩნდა ძალიან რეზონანსული – დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ჩვენი ებრაელი კოლეგებისთვის მანანას მოხსენება იყო ძალიან დიდი აღმოჩენა“.
მოგონებების ციკლი განაგრძო თსუ-ის ებრაისტიკა-არამეისტიკა საბაკალავრო პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა მარიამ ჩაჩიბაიამ. მისი თქმით, მანანა გოცირიძე კათედრის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად კითხულობდა ლექციებს და მუდმივად სტუდენტის გვერდში იდგა: „უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გიორგი წერეთელმა დააარსა სემიტოლოგიის კათედრა, სადაც იკითხებოდა არაბული, ებრაული და კლასიკური სირიული ენები. 1991 წელს, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ინიციატივით, სემიტოლოგიის კათედრას გამოეყო ებრაული და არამეული ენები და შეიქმნა ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა. შესაბამისად, ჩვენი კათედრის დაარსების დღიდან მანანა გოცირიძე იყო მოწვეული პროფესორი და უძღვებოდა ლექციების კურსს ბიბლიის ებრაულსა და თანამედროვე ებრაულ ენებში. იგი იყო მრავალი თაობის აღმზრდელი და ის სტუდენტებში და პროფესორ-მასწავლებლებში განსაკუთრებული პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა“, – აღნიშნა მარიამ ჩაჩიბაიამ.
წელს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, ასევე, ასოცირებული პროფესორები მარიამ ჩაჩიბაია, ანა ხარანაული და ეკატერინე ნავროზაშვილი.
კონფერენცია შედგებოდა 4 სესიისგან. პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ასოცირებული პროფესორი მარიამ ჩაჩიბაია ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა წარადგინეს თემები შემდეგი სათაურებით: „უმაებრაული საქმიან-ოფიციალური ენიდან თარგმანის თავისებურებანი“, „ჭა –“და“ კავშირის შესახებ ეთიოპურში“, „ძე კაცისა, ძე ღვთისა“, „ებრაელთა ჩინეთში დასახლების ისტორიიდან“, „ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელების მეტყველების ძირითადი მახასიათებლები“, „ებრაული მისტიკა და კაბალა ფრანც კაფკას „პროცესში“, „ღმერთი და იესო ქრისტე ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედებაში“ და „ებრაელთა განსახლების ისტორიისათვის სამხრეთ საქართველოში და მათი სოციალური მდგომარეობა“.
კონფერენციის მუშაობაში, საერთო ჯამში, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ინსტიტუტის 34 წარმომადგენელი. მათ შორის, უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიდან, კავკასიის უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავისუფალი უნივერსიტეტიდან და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან.
კონფერენციის ბოლოს პანდეიისშემდგომ პერიოდში განსახორციელებელი გეგმები დაისახა.
მოამზადა მაია ტორაძემ