თამარ დადიანი
„პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში სტუდენტისთვის მთლიანად განსაზღვრავს როგორც უნივერსიტეტისადმი, ასევე არჩეული პროფესიისადმი ჩვენს შემდგომ დამოკიდებულებას“, — ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი თამარ მღებრიშვილი თავისი პედაგოგების დამოკიდებულებას, ყურადღებას თითოეული სტუდენტის მიმართ... ფილოლოგია ის სფეროა, სადაც საკუთარი თავი და პიროვნება აღმოაჩინა: „სწორედ იქ აღმოვჩდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი“ — ამბობს თამარი, რომელიც წარმატებით ეუფლება ბერძნულ ენას, რათა დიდი ბერძენი მოაზროვნეების შემოქმედების დედანში წაკითხვა შესძლოს. საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვაში ლექსების წერა ეხმარება და პოეზიას სამყაროსთან დაახლოების ხელოვნებად თვლის. მომავალი ფილოლოგისთვის მაღალი პროფესიონალიზმი წარმატების განმსაზღვრელია და თუ როგორ აპირებს თამარ მღებრიშვილი მწვერვალების დაპყრობას, ამის შესახებ გულახდილად გვესაუბრება:
— აბიტურიენტების ნაწილს არ აქვს გააზრებული რა უნდა იყოს მომავალში და არ იცნობენ სფეროს, სადაც მოღვაწეობას აპირებენ. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
— მეც იმ აბიტურიენტთა რიცხვში ვიყავი, რომელსაც ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული — რომელ პროფესიას ან სფეროს დაუკავშირებდა საკუთარ მომავალს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა ინტერესები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად იცვლება, ამ ასაკში ძნელია განსაზღვრო ზუსტად — სად წარმოგიდგენია საკუთარი თავი. არასდროს მიფიქრია, რომ გავხდებოდი ფილოლოგი და ეს იქნებოდა ის სფერო, სადაც საკუთარ თავსა და პიროვნებას აღმოვაჩენდი. მიუხედავად ამისა, სტუდენტობის პირველივე წელს ჩემი ინტერესი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართ გაიზარდა და მიხვდი, რომ სწორედ იქ აღმოვჩდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
— პატარაობისას ალბათ შენც გეუბნებოდნენ: „გააკეთე შესაძლებლობის მაქსიმუმი“. დღეს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი ხარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებ. რა აქტივობების მონაწილე ხარ?
— სტუდენტობა განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მაქსიმალურად ხარ ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, ვცდილობ გამოვიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი სტაჟიორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო სამსახურში, რამაც დიდი გამოცდილება მომცა; 2019 წელს — მოხალისე ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომეტეტში, ხოლო 2020 წელს გავხდი ამავე სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ვიღებ მონაწილეობას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში. რაც შეეხება უნივერსიტეტის გარეთ აქტივობებს, 2020 წელს გავხდი კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელი და ვიყავი თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტაჟიორი გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში.
— მომავალ პროფესიად თანამედროვე ბერძნული ენის ცოდნა აირჩიე, რამ გადაგაწყვეტინა არჩევანი ბერძნულ ენაზე შეგეჩერებინა?
ბერძნული ენის შესწავლა იყო ყველაზე კარგი არჩევანი, რაც პროფესიასთან დაკავშირებით მიმიღია. ვფიქრობ, თანამედროვე ბერძნული ენა დღეს ძალიან პესპექტიულია და ძალიან საინტერესოც. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი თანამედროვე ბერძნული ლიტერატურისადმი და ითარგმნა არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი. ამ ავტორების ორიგინალში წაკითხვა ძალიან დიდი მიღწევა იქნება ჩემთვის.
— იყო დრო, როცა ფილოლოგობა არაპრესტიჟულ და არაკომერციულ პროფესიად ითვლებოდა. თუ ამ პროფესიას აირჩევდი, თვლიდნენ, რომ თავს წირავდი ღარიბი მასწავლებლის არასასურველი ყოფისთვის, რომ ძნელია ამ პროფესიით კარიერის გაკეთება, რომ არასერიოზული საქმეა მხატვრული ტექსტების სიყვარული, მათი ახსნა და სწავლება. რას ნიშნავს შენთვის პროფესია ფილოლოგი, რა შესაძლებლობები აქვს დღეს კარგ ფილოლოგს?
— ფილოლოგი არ ნიშნავს გახდე აუცილებლად მასწავლებელი, განსაკუთრებით დღეს, როცა მასწავლებლობას სრულიად სხვა ეტაპების გავლა სჭირდება. პროფესია ფილოლოგი ჩემთვის აღმოჩნდა გზა, რომელმაც მომცა საკუთარი პიროვნების განვითარების შესაძლებლობა. საბედნიეროდ, დღეს ფილოლოგობა არაპრესტიჟულ ან არაკომერციულ პროფესიად აღარ ითვლება. ყველა ფილოლოგს შეუძლია საკუთარ პროფესიას განსხვავებული მიმართულება მისცეს. გამომდინარე იქიდან, რომ ფილოლოგია მრავალვექტორიანი დისციპლინაა და გვაძლევს ზოგად განათლებას და მოიცავს თითქმის ყველა სფეროს, კარგ ფილოლოგს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ნებისმიერ ადგილას შეუძლია.
— შემოქმედი ახალგაზრდაც ბრძანდებით, ლექსებს წერ. როგორ ფიქრობ, რაში ეხმარება ადამიანს შემოქმედებითი ცხოვრება?
— ადამიანს შემოქმედებითი ცხოვრება, პირველ რიგში, საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვაში ეხმარება, რაც, თავის მხრივ, საკუთარი თავის უკეთ შეცნობას გულისხმობს. შემოქმედებითობას შეიძლება ორი მიმართულება მივცეთ, ის ან სამყაროსთან დაახლოებაში გვეხმარება, ან პირიქით, რეალობისგან თავდაცვაში. ჩემს შემთხვევაში ლექსის წერა ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობაა.
— სულ მალე სწავლების პირველ საფეხურს — ბაკალავრიატს ამთავრებ. ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს, პროგრამებს და პროფესორ-მასწავლებელთა დამოკიდებულებას?
— უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ლამაზი, დიდი, თეთრი შენობა, უნივერსიტეტს უპირველესად იქ მყოფი ადამიანები ქმნიან. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი საინტერესო იყო სხვადასხვა კუთხით. ბაკალავრიატზე სწავლებისას მე შემეძლო გამომეყენებინა ამ ფაკულტეტის რესურსები და განათლება არ მიმეღო მხოლოდ ერთი მიმართულებით. მქონდა შეხება აღმოსავლეთმცოდნეობასთან, კლასიკურ და ახალბერძნულ ფილოლოგიასთან, ასევე ისტორიასთან და ფრანგულ ფილოლოგიასთანაც. როდესაც სხვადასხვა მიმართულების საგნებს ვირჩევდი, ფართოვდებოდა ჩემი სანაცნობო წრე. გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და ამ ურთიერთობებიდან მივიღე დიდი გამოცდილება. პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში სტუდენტისთვის მთლიანად განსაზღვრავს როგორც უნივერსიტეტისადმი, ასევე არჩეული პროფესიიდამი ჩვენს შემდგომ დამოკიდებულებას.
— დღესდღეობით საქართველოში ყოველ წელს სულ მცირე 2000 ფილოლოგის დიპლომი მაინც გაიცემა (თუ მეტის არა). როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდე?
— შრომის ბაზარზე შენს კონკურენტურიანობას უპირველესად შენი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომი არ იყოს უმაღლესი მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც შევძლებთ. კონკურენტუნარიანობისთვის აუცილეებლია მუდმივი ზრდა-განვითარება.
— როგორია საქართველოში სტუდენტური ცხოვრება და რა შესაძლებლობები გაქვთ ახალგაზრდებს?
— საქართველოში არ არის მარტივი იყო სტუდენტი, სტუდენტობა ყველაფერთან ერთად მოითხოვს დიდ ეკონომოკურ რესურსს. სამწუხაროდ, სტუდენტების დიდ ნაწილს თავად უწევს ამ რესურსების მობილიზება. დღეს საქართველოში სტუდენტებისთვის უფრო მეტი შეთავაზება და შესაძლებლობა არსებობს გასულ წლებთან შედარებით. ახალგაზრდებს შეუძლიათ გახდნენ პროფესიონალები საერთაშორისო დონეზე, ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული გაცვლითი პროგრამებითა და სტიპენდიებით.