გვესაუბრება თსუ-ის ემერიტუსი პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დამანა მელიქიშვილი
– როგორ ფიქრობთ, დისტანციურ სწავლებაზე გადასული განათლების სისტემა რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული და როგორ შეაფასებდით სწავლების ხარისხს?
– ნათქვამია, „ზოგი ჭირი მარგებელიაო". კარანტინის აუცილებლობამ გვაჩვენა საკმაოდ ფართო შესაძლებლობანი დისტანციური სწავლების სფეროში. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეცვლის საუნივერსიტეტო თუ სასკოლო სივრცესა და უშუალო ურთიერთობას აუდიტორიაში, მაგრამ არა მხოლოდ ექსტრემალური საჭიროების შემთხვევაში, არამედ ჩვეულებრივაც ძალიან კარგი საშუალებაა მსმენელების ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციისათვის.
ვფიქრობ, რომ თსუ–ში, კერძოდ კი, ქართული ენის ინსტიტუტში ეს სიახლე საკმაოდ სწრაფად დაინერგა და სწავლების პროცესი კარგადაა ორგანიზებული. ლექცია-სემინარები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სახალისოცაა.
რაც შეეხება შედეგებს, ეს ბოლოს გამოჩნდება (როგორც იტყვიან, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო"). მცირე რაოდენობის ჯგუფებში კარგი შედეგებია მოსალოდნელი, რასაც ვერ ვიტყვი დიდი რაოდენობის ჯგუფებზე.
– თუ ეცნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო პროექტს – „ტელესკოლა"? რამდენადაა ეფექტური მასობრივი სწავლების ეს ფორმა და როგორ შეაფასებდით მას?
– რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო ტელეპროექტს, მე თვალს ვადევნებ მას და უნდა გითხრათ, რომ შესანიშნავი პროექტია (განსაკუთრებით დაწყებითი კლასებისა და მეტად საჭირო — არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის). უნდა აღინიშნოს, რომ საკვირველად სწრაფად და ხარისხიანად (თვალსაჩინოებებით და სხვ.) მოახერხეს ორგანიზატორებმა თუ პედაგოგებმა გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა.
– თავად როგორ ჩაერთეთ დისტანციური სწავლის პროცესში?
– ამ ეტაპზე პატარა ჯგუფი მყავს. მეც და ჩემი სტუდენტებიც მონდომებით და წარმატებით ჩავერთეთ ამ პროცესში.
– როგორია თქვენი დღის წესრიგი – ახერხებთ თუ არა, დისტანციური სწავლების პარალელურად, სამეცნიერო მუშაობასაც?
- ამ სემესტრში დიდი დატვირთვა არ მაქვს და შესანიშნავად ვათავსებ ლექციებს მეცნიერულ მუშაობასთან (მით უფრო, რომ სასიარულო არ მაქვს და ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ( 20 კაციანი „კლასტერი") მშვენიერ დროს ვატარებ თიანეთის ჯანმრთელ ჰაერზე (აპრილში ორჯერ დიდი თოვლიც კი მოვიდა და ბავშვებმა დიდად იხალისეს).
– როგორ შეაფასებთ საზოგადოების პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის დონეს დღევანდელ პირობებში, როცა სწორედ ამაზეა დამოკიდებული — რამდენად ჩქარა დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
– პირველ რიგში, მინდა დიდი აღფრთოვანება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენიქართველი ექიმების მიმართ, რომლებმაც თავიანთი არაჩვეულებრივად მაღალი დონის პროფესიონალიზმით, თავდადებით, მოქალაქეობრივი შეგნებითა და ჰუმანიზმით დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს ერში. ხოლო თვითონ ერმა კი, რამდენადაც ეს ქართველ საზოგადოებას ძალუძს, ჯერჯერობით გაუძლო მისთვის ესოდენ უჩვეულო „თვითიზოლაციის" რეჟიმს და ცდილობს — ანგარიში გაუწიოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სამართლიან მოთხოვნებსა და გონივრულ რჩევა-რეკომენდაციებს.
იმედი მაქვს, რომ ეს პატარა განსაცდელი დაგვეხმარება და, ღვთის შეწევნითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ესაუბრა მაია ტორაძე