თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია 2021 წელს პანდემიის დამარცხების წლად აცხადებს და იმედოვნებს, რომ, დღევანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობას გაცილებით უკეთ ექნება გააზრებული პრევენციული მედიცინის მნიშვნელობა და ეფექტურობა, რაც ხელს შეუწყობს ერის გაჯანსაღებას.
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს?
2021 დასრულდება „COVID-19“-ის პანდემია და მსოფლიო დაიწყებს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს. საქართველოც დაიწყებს ჩვეული ცხოვრებით ცხოვრებას. მაგრამ ისევე, როგორც ღრმა ჭრილობა ტოვებს სამუდამო იარას, როგორც დაჭრის პერიპეტიების შეხსენებას, პანდემიასთან ბრძოლისას მიღებული ცოდნა, ტკივილი და სიხარული უნიკალურ გამოცდილებად გაგვყვება ცხოვრების გზაზე. საქართველოს მოსახლეობას გაცილებით უკეთ ექნება გააზრებული პრევენციული მედიცინის მნიშვნელობა და ეფექტურობა, რაც ხელს შეუწყობს ერის გაჯანსაღებას. დასრულდება თსუ მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინის“ (ქართული და ინგლისურენოვანი) ორჯერ გადავადებული აკრედიტაცია და ფაკულტეტს საშუალება მიეცემა სრულად აამოქმედოს პროგრამის ახალი, მრავალმხრივ უნიკალური ახალი ვერსია.
2021 წელს წარმატებით დასრულდება თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევების რამოდენიმე ციკლი და მოხდება მათი შედეგების გაცნობა საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის წარდგენის ოფიციალურად დაანონსება ევროპული გარდაქმნების ტემპს ააჩქარებს საქართველოში, რაც უნდა დაეტყოს მეცნიერების სფეროს დაფინანსებას. იმედი მაქვს, ახალი პარლამენტი კანონად აქცევს იმ ინიციატივასაც, რომელიც გულისხმობს — მეცნიერებისა და განათლების სფეროში შესყიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფო დაწესებულებებს მიეცეთ ისეთივე თავისუფლება, როგორიც აქვთ კერძო დაწესებულებებს.
რა მოხდა დადებითი 2020 წელს?
2020-მა წელმა უჩვენა, რომ როგორც ქვეყნის, ისე სამედიცინო დარგების მესვეურებმა გამოავლინეს „კრიზისული მართვის“ სერიოზული, ბევრი თვალსაზრისით საერთაშორისოდ გასაზიარებელი, პროფესიონალიზმსა და ცოდნაზე დაფუძნებული უნარი. უჩვენა ისიც, რომ მიუხედავად ტრადიციული „ჭირის“ სიმპტომთა საკმაოდ ხშირად გამომჟღავნებისა („ერთი ჭირი გვჭირს ქართველთა, გინდა დიდსა და მცირეთა — ჩამოსხდებიან, იტყვიან, უჩემოდ ვით იმღერეთა?“), ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, საერთო საქვეყნო პრობლემების დროს, ძალუძს იცხოვროს სხვათა სურვილთა და საჭიროებათა მეტად გათვალისწინებით. ამან კი გააძლიერა რწმენა და იმედი, რომ საქართველოს ძალუძს რთულ ვითარებაში ჰუმანური, ცივილური საზოგადოების საუკეთესო თვისებების გამოვლენა.
2020 წელს ჩვენმა უნივერსიტეტმა გაუძლო „დისტანციური მუშაობის“ სირთულეებს და ერთი დღითაც არ შეუწყვეტია სწავლების და კვლევის პროცესი. მრავალმა უნივერსიტეტელმა სრულყო კომპიუტერული უნარები, მათ შორის იმ თაობის წარმომადგენლებმაც, რომელთაც კომპიუტერთან პირველი შეხება შუახნის შემდგომ ასაკში მოუწია. დისტანციურმა სწავლებამ მოითხოვა სალექციო მასალის უფრო მეტად დოკუმენტირება, რამაც განაპირობა ცოდნის განახლების ინტენსიფიკაციის აუცილებლობა, მათ შორის, სამეცნიერო ინფორმაციის ციფრული მატარებლების ფართო გამოყენებით. მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს დასჭირდა „COVID-19“-თან დაკავშირებული უამრავი ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. ამდენად, ეს წელი თსუ პროფესურისათვის სწავლის და ცოდნის განახლების წელი იყო. ყოველივე ეს თავის დადებით კვალს დაატყობს თსუ-ში სასწავლო-სამეცნიერო პროცესს, განსაკუთრებით მუშაობის ნორმალური რეჟიმის აღდგენის შემდეგ.
სამედიცინო ტელეკომპანია პულსმა დაასრულა 5-სერიანი დოკუმენტური ფილმი „სამედიცინო განათლების სათავეებთან“, რომელიც ეძღვნება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დაარსებას და საქმიანობას 2018 წლიდან დღემდე. მისი პრემიერა დაგეგმილია 2021 წლის პირველ კვარტალში.
გაფართოვდა ფაკულტეტის საერთაშორისო კავშირები და უკეთ გამოიხატა საუნივერსიტეტო კლინიკის სამომავლო კონტურები.
როგორ და რით გაილამაზებთ კოვიდის პირობებში საახალწლო ღამეს?
ალბათ, ბევრი არაფერი შეიცვლება. როგორც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ახალი წლის ღამეს ახლაც შევხვდებით ოჯახში, საკუთარი პატარა ვენახის ღვინით და იმედებით, სიყვარულით, წასულთა გახსენებით და კეთილი სამომავლო სურვილებით... იქნება 100-მდე ორმხრივი სატელეფონო მილოცვა... სხვადასხვა ტელეკომპანიების საახალწლო ეთერები... შეიძლება „უნი-ვერსიას“ და ქალბატონ ნინო კაკულიას მიერ ორი წლის წინ გადაღებული „დიმიტრი კორძაიას ახალი წელი“ ვნახოთ, რომ შევადაროთ — რა შეიცვალა?
* * *
ძვირფასო მეგობრებო, უნივერსიტეტელებო, პატივისცემით და სიყვარულით გილოცავთ ახალ 2021 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას, წარმატებას! სიყვარულით და ახალი შემოქმედებითი პროფესიული გამარჯვებებით გევლოთ აღთქმული ქვეყნისკენ — ზნემაღალი და ძლიერი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე!