მაია ტორაძე
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახალი ინიციატივის ხორცშესხმას იწყებს – მომავალი წლიდან, საგრანტო კონკურსის შედეგების საფუძველზე, უცხოეთში მდებარე ქართველოლოგიურ ცენტრებს საერთაშორისო კონფერენციებს დაუფინანსებენ! – ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნით სესიაზე განაცხადა.
საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ – 20–21 სექტემბერს ჩატარდა და დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრი, რომის საპიენცას უნივერსიტეტის ევრაზიის, ხმელთაშუა ზღვისა და სუბსაჰარულ აფრიკასთან თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოება.
კონფერენცია გახსნა თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზებისთვის პარტნიორ ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად უამრავი სამეცნირო კვლევისა, დავითის ეპოქის გაანალიზება კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია, რაშიც ამ კონფერენციასაც ექნება თავისი წვლილი.
კონფერენცია მიმდინარეობდა როგორც Zoom-ის დახმარებით, ასევე უშუალოდ თსუ-ის პირველ კორპუსში. ორგანიზატორებმა შეძლეს და 15 ქვეყნიდან დასწრებისა და მონაწილეობის მსურველებს ონლაინ-სივრცეც შესთავაზეს, რამაც შესაძლებელი გახადა 50-ზე მეტი მოხსენება მოესმინათ.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, რომის საპიენცას უნივერსიტეტის ევრაზიასა და ხმელთაშუა ზღვისა და სუბსაჰარულ აფრიკასთან თანამშრომლობის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ანდრეა კარტნიმ, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ჯაბა სამუშიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა კონფერენციის მსვლელობაში ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობის შესახებ: „დიდგორის ბრძოლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – ეს იყო განმსაზღვრელი მთელი საქრისტიანოსი იმ პერიოდში. ასეთი რანგის და მსგავსი მოვლენა საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ამიტომ აღნიშვნა ამ მოვლენის 900 წლისთავისა ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი რამაა საკვლევი ამ საკითხზე და სასიხარულოა ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობა კონფერენციაში“, – აღნიშნა მან.
„ძლევაი საკვირველი“ – ასე ერქვა მოხსენებას, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან დაწვრილებით მიმოიხილა დავით აღმაშენებლის პერიოდის საქართველოს პოლიტიკური გარემო, დიდგორის ბრძოლის წინაპირობები და საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შედეგები.
კონფერენციაზე ოთხი Live-სექცია და ორი Zoom-სექცია მუშაობდა. წარმოდგენილ მოხსენებებს შორის იყო უაღრესად საინტერესო და სამეცნიერო მნიშვნელობის კვლევა, რომლებზე დაყრდნობითაც მომავალშიც ბევრი საკვლევი თემა გამოიკვეთება.
* * *
„ლეკვი ლომისა სწორია“. ქალთა ძალაუფლება მეთორმეტე საუკუნის საქართველოში“ — ასე ერქვა მოხსენებას, რომელიც ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) მკლევარმა ჯ. ბაილიმ წარმოადგინა. მასში განხილული იყო განვითარებული შუა საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორია. გაანალიზებული იყო, თუ რა ვითარებაში წერდა რუსთაველი: „ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რამდენად განსხვავდებოდა არსებული რეალობა და წარმოდგენა მამაკაცისა და ქალის ძალაუფლების შესახებ და რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ ქალთა ძალაუფლების შესახებ ზოგადი თვალსაზრისით. მე სწორედ შემდეგს ვამტკიცებ: თუ ქალების კოლექტივს ერთიანად შევხედავთ, როგორც ფართო კონცეპტს პოლიტიკური ძალაუფლებისა და კავშირების დამყარებისათვის შუამავლობის და დიპლომატიის აზრით, იმის დამატებით, რაც არის ნაწილობრივ განსხვავებული წმინდად საგვარეულო კავშირებისაგან, ეს შეიძლება გამოგვადგეს ელიტარული ქალების ძალაუფლების მოპოვების გზის მოდელირებისათვის სამეფო წრეების მიღმაც. თავმოყრილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ქალები დროდადრო, გარკვეული ფუნქციების შესრულებისას, მამაკაცებზე უფრო მაღალ მდგომარეობას ფლობდნენ, რაც მათ აძლევდა უფლებას, ჩამოეყალიბებინათ პოლიტიკური სივრცე და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები“, – აღინიშნა მოხსენების დასკვნით ნაწილში ჯ. ბაილიმ.
მოხსენებაში – „ჩრდილოკავკასიელი ხალხების საქართველოსთან ისტორიული ურთიერთობების საკითხისათვის“ – ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის (რუსეთი) მკვლევარმა ა. ბაირამყულოვამ წარმოადგინა კვლევა, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ XX საუკუნის უმეტესი პერიოდის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი ხალხები იჩენდნენ სიახლოვის სურვილს და სიმპათიას საქართველოს მიმართ, რაც, ალბათ, კულტურული მსგავსებით და ისტორიული სიახლოვის ფაქტორით იყო განპირობებული. „შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამხრეთით მდებარე რესპუბლიკასთან ადმინისტრაციული შეერთების საკითხიც კი დგებოდა. მაგალითად, 1920 წლის ივნისში, დასავლეთ დაღესტნის მმართველმა, პოლკოვნიკმა კ. ალიხანოვმა, ავარიელი ხალხის გავლენიანი პირების სახელით, წინ წამოწეული წითელი არმიის საფრთხის, აგრეთვე „სულისა და სისხლის“ სიახლოვის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა — მიეღო ავარები საქართველოს რესპუბლიკაში ავტონომიის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობა, რომელიც რსფსრ-სთან დაკავშირებული იყო 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად დაღესტანი რუსეთის ნაწილად იქნა აღიარებული, აშკარად თავს იკავებდა ავარებისათვის პასუხის გაცემისაგან. თუმც ამ სიფრთხილეს არ შეუფერხებია ბოლშევიკების სამხედრო შემოჭრა (1921 წლის თებერვალი) საქართველოში ხელისუფლების დამკვიდრების მიზნით.
რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე გამარჯვებული საბჭოთა სისტემის პირობებში, მოსკოვში და ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზულად განიხილებოდა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიის საქართველოსთან მიერთების საკითხი, რომელიც სამხრეთ ოსეთთან ერთად შექმნიდა ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში.
ამასთან, საბჭოთა პერიოდში მიუხედავად ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობისა, ემოციური კავშირი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის თანდათან შესუსტდა, ცენტრალური მთავრობა არ იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის გარკვეულ ნაწილში რეგიონთაშორისი კავშირების რეალური განმტკიცებით. საბჭოთა კავშირის ხალხთა ეროვნული თვითშეგნების ზრდამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საყურადღებო ფაქტორი გახდა, ჩაშალა ერთიანი საბჭოთა ერის შექმნის გეგმები, საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხი მხოლოდ დროის ამბავი იყო“, – ითქვა კონფერენციაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა მ. ბახტაძემ წარმოადგინა „რამდენიმე მოსაზრება ერთიანი ქართული სამეფოს მეფეთა ტიტულატურის შესახებ“. კონფერენციაზე მან გაახმოვანა მოსაზრება, რომ ბაგრატ III-ის ტიტულატურა უნდა აღვადგინოთ ისე, როგორც ეს არის კაცხის წარწერაში – „ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფეჲ, ტაოჲსა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი კურაპალატი“, ხოლო გიორგი I-ის, ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის ტიტულატურა უნდა ყოფილიყო – „მეფე აფხაზთა და ქართველთა“. ამ შემთხვევაში აღარ იქნებოდა „მეფე რანთა და კახთა“, რადგან ამ ტიტულს კახეთ-ჰერეთის მეფეები ფლობდნენ. „მეფე რანთა და კახთა“ საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში დაბრუნდებოდა დავით აღმაშენებლის მეფობისას, მას შემდეგ, რაც მან კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა.
„გვინდა შევჩერდეთ ტიტულატურაში არსებულ „სომეხთა“-ს საკითხზე. ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ ტიტულის გაჩენა დავით მეფის მიერ „სომხეთის და „სომეხთა“ სამფლობელოს – ლორეს სამეფოს – შემოერთებას უკავშირდება. თუმცა ი. ფაღავამ გამოთქვა მოსაზრება, რომ „სომეხთა“ უკავშირდება ანისს. ვერ გავიზიარებთ ამ თვალსაზრისს. ამ მხრივ საინტერესოა ისტორიანი და აზმანის ერთი ცნობა, რომელიც ეხება ყუთლუ-არსლანს – „შეიპყრა ყუთლუ-არსლან, მეჭურჭლეთუხუცესი და აწ თავისა თჳსისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა ლორეს დაჯდომად განმზადებული“. ამ ცნობიდან აშკარად ჩანს, რომ ყუთლუ-არსლანს უნდა სომეხთა მეფეთა ძველ ადგილზე „დაჯდომა“ და რომ ეს ადგილი ლორეა. ანუ „სომეხთა მეფე“ უკავშირდება ლორეს და არა ანისს“, – აღნიშნა მ.ბახტაძემ.
სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკლევარმა გ. მარგარიანმა ისაუბრა სომხეთის, საქართველოს და მათი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ ისტორიაზე XI – XIII საუკუნეებში. მოხსენება მიზნად ისახავდა გაეანალიზებინა სომხეთის, საქართველოსა და მათი მეზობელი რეგიონების ეკონომიკური ცხოვრება, თუ რა ბედი ეწია XI–XIII საუკუნეების სამხრეთ კავკასიაში გამავალ სავაჭრო და სატრანზიტო გზებს. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა როგორც სელჩუკთა დაპყრობების, ისე მათი მმართველობის დროს სავაჭრო და ეკონომიკური ცხოვრების ტრანსფორმაციაზე.
საინტერესო მოსაზრებით წარდგა კონფერენციის წინაშე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარი თ. გოგოლაძე. მან ისაუბრა მანგლისის სიონის მემორიალურ წარწერაში მოხსენიებული მეფე გიორგის იდენტიფიკაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ მოხსენება შეეხება ტაძრის სამხრეთ სტოას შესასვლელის თაღზე ამოღარულ თავ-ბოლონაკლულ წარწერას საქართველოს მეფის გიორგის მოხსენიებით. „1074 წელს მოპოვებულმა წარმატებებმა ასახვა ჰპოვა ქვეყანაში კულტურულ-სააღმშენებლო საქმიანობაზე. ამის ნათელი დადასტურებაა მანგლისის ეკლესიის მემორიალური წარწერა ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი II-ის მოხსენიებით. ჩატარებული კვლევის შედეგად წარწერის ქრონოლოგიას 1074–1089 წლებით განვსაზღვრავთ“ – თქვა მან.
„დავით აღმაშენებელი – მეფე მსახური“ – ასეთი იყო თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის ე. კვაჭანტირაძის მოხსენების სათაური, რომელშიც მან დავითის დროინდელი ქართული ერთობა იდენტობის მახასიათებლების განმტკიცებას გაუსვა ხაზი. „ამ დროს იქმნება თვისებრივად ახალი ქვეყანა: ახალი საგარეო-პოლიტიკური სტატუსით, ამაღლებული სარწმუნოებრივი მიდგომით, ახალი სახელმწიფო ინსტიტუტებით, განსხვავებული მენტალობით: საქართველოს მრავალრიცხოვან ეთნოსთა მიერ მოქალაქეობის სრული განცდით და აბსოლუტური ჰარმონიით სამეფო ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამ პერიოდის ქართული იდენტობის მახასიათებელია საერო და სასულიერო აზროვნების შერწყმა, რაც, ვფიქრობთ, დავითის წარმატებული მოღვაწეობის საწინდარია“, – აღინიშნა მოხსენებაში. აქვე საუბარი იყო დავითის მიერ სხვადასხვა ეთნოსს შორის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესზე. „დავითმა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს შორის მოქალაქეობის სრული შეგნება მეფე-ხელისუფალის პირადი მაგალითის ფონზე ჩამოაყალიბა. ამის ნიმუშია დავითის ურთიერთობა ყივჩაღებთან, სომხებთან, თბილისის მუსლიმ მოსახლეობასთან. ჩამოსახლებული ყივჩაღების სრული შერწყმა მოხდა ქართულ ეთნოსთან. დავითის მიერ ლაშქრის ორგანიზებისათვის გადმოსახლებული 40 ათასი ოჯახი, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდებოდა, ისე შეერწყა ქართულ ერთობას, რომ მალე მათი კვალიც კი დაიკარგა. ქართული სახელმწიფო დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებული თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს სომეხთა ქართულ სამყაროში შემოსაყვანად და საერთო შემწყნარებლურ პოლიტიკასთან ერთად ფრთხილად, მაგრამ მაინც ცდილობს მონოფიზიტ სომეხთა მართლმადიდებლობაზე მოქცევას. დავითი ხშირად დადის სომხურ ეკლესიაში, შედის მეჩეთსა და სინაგოგაში. დავითის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში მცხოვრებ ყოველ ადამიანს თავი სრულუფლებიან მოქალაქედ ეგრძნო, მიუხედავად მისი წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსისა. ეს, ცხადია, ქართული ერთობის მდგრადობას ემსახურებოდა. დავითმა შექმნა „დაუმონებელი თავისუფლება“ – ნათქვამია კვლევაში.
კონფერენციაზე წარდგენილ მოხსენებათა შორის ინტერესი გამოიწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის ა. თვარაძის მოხსენებამ: „ცენტრალური ხელისუფლების და დიდი ფეოდალების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი XIII საუკუნის 10-იანი წლების საქართველოს სამეფოში“; დ. კანდელაკის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ნაშრომმა „ცნობები XIX საუკუნის უცხოელი ავტორების ნაშრომებიდან დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ“; ი. გივიაშვილის (გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) მოხსენებამ „დავით აღმაშენებლის მეორე იერუსალიმის ლეგიტიმაცია“; დ. თინიკაშვილის (კავკასიის უნივერსიტეტი) თემამ: „დავით აღმაშენებლის რელიგიური პოლიტიკა საქართველოს მუსლიმური თემის მიმართ“; ნ. პროდომის (ლილის უნივერსიტეტი, საფრანგეთი) კვლევამ „წარსულის გადაწერა: ზოგი შენიშვნა ბაგრატიონთა მიერ ქართლის ცხოვრებასა და მოქცევაჲ ქართლისაჲში წარმოდგენილ სამხრეთ კავკასიის უძველესი ისტორიის ხედვის თაობაზე, ვარაუდი შეტანილი წვლილის შესახებ“; ჯ.სამუშიას (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოხსენებამ: „დიდგორის ბრძოლა: ლოკალიზაციისა და მიმდინარეობის შესახებ“; მ. ჩხარტიშვილის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) თემამ: „წმინდა ნინოს ცხოვრების უძველესი რედაქცია“.
ამით წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა. დაიგეგმა შემდგომი ფორუმის ჩატარება, რაც საქართველოს ისტორიისა და ქართველოლოგიური საკითხების კვლევაში დიდ წვლილს შეიტანს.