წერილი ეძღვნება უკრაინელ ქართველოლოგს ლიუდმილა გრიციკის
„დიდ უკრაინაში პატარა საქართველოს მოჭირნახულეს რუსული ბომბებისაგან თავდასაცავ თავშესაფარში ვულოცავთ დაბადების დღეს ერთადერთი — მშვიდობისა და გადარჩენის სურვილით", — ასე ეხმაურება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრი ცნობილი მეცნიერის, უკრაინელი ქართველოლოგის, ქართული ლიტერატურისა და კულტურის დიდი გულშემატკივრის, თსუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ ლიუდმილა გრიციკის იუბილეს, რომელსაც 19 მარტს აქვს დაბადების დღე.
„რამდენი საერთო ჰქონია ამ ხალხს ჩვენს ხალხთან“
მთელი ცივილიზებული კაცობრიობის ყურადღება დღეს უკრაინისკენაა მიპყრობილი. უფრო მეტიც, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო – გულშემატკივრობს და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს ამ სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლაში. თანამედროვე სამყაროში უკრაინა გმირობის სინონიმი გახდა. თუკი ამ ქვეყნის მიმართ ვინმეს ემპათიის განცდა აქვს და შეუძლია, სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს საქართველო და ქართველი ხალხია.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე იაკობ გოგებაშვილი „სახალხო გაზეთის ფურცლებზე“ წერდა: „რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოქცეულია ერთი ხალხი, რომლის ბედი ძლიერ ემსგავსება საქართველოს ბედსა და რომლის შვილთა შორის კაი ხანია დაიბადა და აღიზარდა თანაგრძნობა და სიმპათია საქართველოსადმი. ამ ქვეყანას ჰქვიან უკრაინა“. კიდევ უფრო ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში, უკრაინელი ერის სიმბოლური სახე — საკულტო პოეტი ტარას შევჩენკო პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტ აკაკი წერეთელთან საქართველოზე საუბრისას აღნიშნავდა — „რამდენი საერთო ჰქონია ამ ხალხს ჩვენს ხალხთან“. ისტორიამ დაადასტურა, რომ ეს ფრაზები ოცდამეერთე საუკუნეშიც ყველაზე სწორი და შესაბამისი ყოფილა.
კულტურული ტრანსფერის კონცეფციები
ცნობილი მეცნიერი, უკრაინელი ქართველოლოგი, ქართული ლიტერატურისა და კულტურის დიდი გულშემატკივარი, თსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ლიუდმილა გრიციკი იუბილარია. ამ სტატიის დაწერაც სულ სხვა პათოსით იყო ჩაფიქრებული, ტრადიციული მილოცვაც სხვა ტექსტით იქნებოდა, ისე, როგორც გასულ წლებში ხდებოდა... მაგრამ დღეს დიდ უკრაინაში პატარა საქართველოს მოჭირნახულეს რუსული ბომბებისაგან თავდასაცავ თავშესაფარში ვულოცავთ დაბადების დღეს ერთადერთი — მშვიდობისა და გადარჩენის სურვილით.
საყოველთაოდ აღიარებულია ქართველოლოგიური კვლევების დიდი მნიშვნელობა და ამ გზით საქართველოს ღირსეული ადგილის დაკავება ცივილიზებული კაცობრიობის პოლიტიკურ-კულტურულ სივრცეში. ამ მეტად საპატიო მისიის შესრულებაში უცხოელი ქართველოლოგების როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე მსჯელობისას ყოველთვის მახსენდება დონალდ რეიფილდის მოსაზრება, რასაც საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი წიგნის წინასიტყვაობაში ახმოვანებს: „უცხოელი, რომელიც ხელს ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის აღწერას მოჰკიდებს, შეიძლება, მისთვის უცხო ერის განსაცდელსა და მისწრაფებებს სულ სხვანაირად, უფრო ზერელედაც კი აღიქვამდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ ეროვნულ სუფრაზე დაპატიჟებული თუ დაუპატიჟებელი სტუმარი გაკადნიერდეს და უკმეხად ან ქედმაღლურად მოიქცეს.... ხშირად თუ არა, ზოგჯერ მაინც, სტუმარი იმას ამჩნევს ხოლმე, რასაც მასპინძელი ვერ ხედავს ან, უბრალოდ, არ სურს, დაინახოს“. შესაბამისად, უცხოელი მკვლევრების თვალით დანახულ ქართულ მწერლობაში შესაძლებელია ისეთი ნიუანსების აღმოჩენა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ან არ გვსურს, რომ დავინახოთ, ან...
უკვე ნახევარი საუკუნეა უკრაინელი მკვლევარი ქართულ ლიტერატურას იკვლევს. მისი ნაშრომები სრულიად დამსახურებულ ადგილს იკავებს სხვა ცნობილი უცხოელი ქართველოლოგების ნაშრომების გვერდით.
უკრაინელ მეცნიერს დიდ და მდიდარ ტრადიციებზე მოუწია თავისი საქმიანობის გაგრძელება. სანტერესოა უკრაინის ისტორია: ერთი მხრივ, რუსული იმპერიალიზმი მეცხრამეტე საუკუნეში, მეორე მხრივ კი — ყალიბდება მოდერნული უკრაინული ნაცია, ასევე, უკრაინული კულტურა, ლიტერატურათმცოდნეობა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და სხვ. ქართული ლიტერატურით სწორედ ამ პერიოდში ინტერესდებიან ისეთი ცნობილი უკრაინელი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან: მიხაილო დრაგომანოვი, მიკოლა გულაკი, ივან ფრანკო, მოგვიანებით მათ რიგს შეუერთდება მსოფლიო მასშტაბის ორიენტალისტი აგათანგელ კრიმსკი და სხვები. დროთა განმავლობაში თანამედროვე უკრაინის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი პერსონის შემოქმედებასა და ცხოვრებაში გადაიკვეთება საქართველო და ქართული მწერლობა. ამავე დროს, შეინიშნება ქართული ლიტერატურით დაინტერესება ცნობილი უკრაინელი მთარგმნელების მიერ.
რუსული კულტურული იმპერიალიზმის პირობებში უკრაინული ენა და, ზოგადად, მწერლობა მარგინალიზებულ პოზიციაზე იმყოფებოდა და არასრულფასოვნად მიიჩნეოდა. როგორც თანამედროვე მეცნიერები აღნიშნავენ, უკრაინული მწერლობის თარგმანისა თუ სხვა ფორმებით არეპრეზენტირებული უცხო კულტურებთან კონტაქტი მისი თანასწორუფლებიანობის დემონსტრირება და დიდი კულტურების გვერდით ღირსეული ადგილის დაკავების მცდელობა იყო. ამ კონტექსტში უფრო გასაგებია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის შემოქმედების და თვით „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისა თუ კვლევის ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის უკრაინულ ლიტერატურულ პროცესში.
დაგროვებული ასეთი ფაქტობრივი მასალის მეცნიერულმა შესწავლამ განაპირობა უკრაინაში ქართველოლოგიური კვლევების განვითარება მე-20-ე საუკუნის 60-იან წლებში. როგორც სამართლიანად არის აღნიშნული, უკრაინულ ქართველოლოგიას ამ დროს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ქართულმა უკრაინისტიკამაც.
პროფესორ ოთარ ბაქანიძის მეტად პროგრესული ჩანაფიქრით, განხორციელებულიყო ქართველი და უცხოელი (იმ დროს ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების) სტუდენტთა გაცვლა სწორედ უკრაინასთან თარანშრომლობით დაიწყო. დღეს ამ პროექტის შედეგი შთამბეჭდავია, როგორც საქართველოში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში. სწორედ აღნიშნული პროგრამის შედეგად ხვდება თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში ლიუდმილა გრიციკი, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი მომავალი სამეცნიერო საქმიანობის პროფილი. როგორც თავად მეცნიერი აღნიშნავს, ეს იყო ერთგვარი ბედიცა და არჩევანის თავისუფლებაც. ნახევარი საუკუნის განვალობაში უკრაინელმა მეცნიერმა შეისწავლა უკრაინაში ქართული მწერლობის რეცეფციის უცნობი და მნიშვნელოვანი ფაქტები. მისი საკანდიდატო დისერტაცია „ქართული მხატვრული პროზა უკრაინულ თარგმანებში“ (1973), ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღემდე ერთ-ერთ იშვიათ ნაშრომად რჩება უკრაინულ ლიტერატურათმცოდნეობაში/თარგმანმცოდნეობაში, რადგან არც თუ ისე შირად გვხვდება ასე მასშტაბურად განხილული თანამედროვე ტრანსლატოლოგიის პრობლემები — ქართული მწერლობის უკრაინულ ენაზე თარგმნის ლინგვოკულტუროლოგიური საკითხები, ავტორისა და მთარგმნელის ინდივიდუალური სტილის თუ თანამედროვე კომპარატივისტიკისთვის ასე აქტუალური — კულტურული ტრანსფერის – კონცეფციები. კვლევის უფრო ღრმა და ინტერდისციპლინური ხასიათი ვლინდება, ასევე, მის სადოქტორო დისერტაციაში, რომელშიც მხატვრულ ტექსტებთან, მკითხველი აუდიტორიის რეაქციის შესწავლასთან ერთად, მოძიებული და გაანალიზებულია უნიკალური ფაქტობრივი მასალა უკრაინაში ქართული სათვისტომოების ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის შესახებ. უკრაინულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევაში სრულიად ახალი, უცნობი და შეუსწავლელი მასალები ეკუთვნის დიდ უკრაინელ მეცნიერს — ესაა ევროპაში უკრაინული დიასპორის არქივებში მიკვლეული ქართული მწერლობის უცნობი თარგმანები და მთარგმნელები, კრიტიკული წერილები „ვეფხისტყაოსნისა“ და სხვა ქართული ტექსტების შესახებ.
ლიუდმილა გრიციკის ლექსი
აღნიშვნას იმსახურებს ლ. გრიციკის მიერ ქართულიდან უკრაინულ ენაზე შესრულებული თარგმანები, მისი რედაქტორობით გამოცემული ბილინგვური ანთოლოგიები, ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების პროფილით მისი კონსულტაციებით დაცული 4 სადოქტორო დისერტაცია. უკანასკნელ წლებში პროფ. ლ. გრიციკის ორგანიზებით (კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტისა და თსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში) ჩატარებული რამდენიმე საერთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია, სამეცნიერო კრებულების გამოცემა... და სამომავლოდ კიდევ ბევრი დაგეგმილი პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება!
დასასრულს, მინდა გავიხსენო ლ. გრიციკის ლექსი, რომლის ბრწყინვალე თარგმანი ეკუთვნის ნია აბესაძეს:
„მშობელი დედის ხელისგულებზე,
წამოიზარდა სოფელი ერთი,
მშობელი დედის ხელისგულებზე
ხარკი მიეზღო ბოროტს და კეთილს.
მშობელი დედის ხელისგულებზე
კოჟრებს გადაჰკრავს ყვითელი ფერი
და ცხოვრობს დედის ხელისგულებზე
ვრცელი სამყაროს ყოველი ერი.
... ხელისგულები ჟამმა გადახნა,
და სისხლის კვალი ნახნავში ბრწყინავს...
მწუხრისას ოხრავს დედა ხანდახან:
ნეტავი მალე მოვიდეს წვიმა!...
დღეს, უკრაინაში სწორედ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლა მიმდინარეობს და ყველას გვწამს, რომ სიკეთე და სიმართლე გაიმარჯვებს! ყველას გვჯერა, რომ ბომბებისგან თავდასაცავი სარდაფებიდან მალე გამოვა და მომავალ იუბილეს აუცილებლად მშვიდობიან უკრაინაში მივულოცავთ ქალბატონ ლიუდმილას. დიდება უკრაინას! მადლიერი მოსწავლეები დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო მასწავლებელო!
ივანე მჭედელაძე
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
პროფ. ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრი