აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს დიანა ძიძიგურს გადაეცა.
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემია 2017 წელს დაარსდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძიას თქმით, პრემიით ის მკვლევრები ჯილდოვდებიან, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მორფოლოგიის მიმართულებით საუკეთესო ნაშრომები აქვთ გამოქვეყნებული.
„პრემიის პირველი ლაურეატი პროფესორი ზურაბ კაკაბაძე გახლდათ, 2019 წელს ის პროფესორმა ლიანა გოგიაშვილმა მოიპოვა, წელს პროფესორ დიანა ძიძიგურს გადავეცით“, — აღნიშნა დიმიტრი კორძაიამ.
პრემიის მფლობელმა, პროფესორმა დიანა ძიძიგურმა მისი ახალი კვლევა — „სხვადასხვა პათოლოგიის საწყის ეტაპზე ღვიძლში კომპენსატორულ-ადაპტაციური პროცესების აქტივაციის თავისებურებების ექსპერიმენტული დასაბუთება“ გაგვაცნო.
აღსანიშნავია, რომ პათოლოგიის პირობებში ღვიძლში კომპენსატორულ-ადაპტაციური პროცესების შესწავლა თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხია, ამ მიმართულებით კვლევები, მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა ინტესიური.
„კვლევის შედეგად, ჩვენ სხვადასხვა მოდელებზე პირველად ერთი ახალი მექანიზმი ვაჩვენეთ, რომელიც ჩვენს ორგანიზმში გენეტიკურად დეტერმინირებულია, მაგრამ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ღვიძლი ამ უნარს არ იყენებს. თუმცა მაშინ, როდესაც ღვიძლი ხვდება რთულ ვითარებაში, ირღვევა ქსოვილოვანი და, ზოგადად, ორგანიზმის ჰომეოსტაზი, ღვიძლს „ახსენდება“, რომ აქვს სარეზერვო მექანიზმი და ამ მექანიზმს რთავს. ამ იდეას ბევრი მკვლევარი ეწინააღმდეგებოდა, რუსული სამეცნიერო სკოლა, მაგრამ ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს სათადარიგო მექანიზმი არსებობს და სტუდენტებთან ერთად წარმოვადგინეთ პათოლოგიის ორი ახალი მოდელი, რაც ჩვენს მოსაზრებას ამტკიცებს. ეს კვლევები სტუდენტებთან ერთად განვახორციელე, ჩვენ ერთმანეთისთვის აღმოვჩნდით მოტივაცია.
რაც შეეხება ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლის მიღებას, ჩემთვის ეს დიდი პატივია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მე მისი მოსწავლე ვარ და მედიცინაში ჩემი პირველი ნაბიჯები ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში გადავდგი“, — განაცხადა პროფესორმა დიანა ძიძიგურმა.