„დიდი განსაცდელი გვიჩვენებს ჭეშმარიტ გზას — ღმრთაებრივი სათნოებისა და სიყვარულის გზას, რომლიც გადაარჩენს არა მხოლოდ ჩვენს სამშობლოს, არამედ მთელ სამყაროს, რომელიც „გვაქვს უთვალავი ფერითა", – მიაჩნია თსუ–ის ემერიტუს პროფესორს დამანა მელიქიშვილს, რომელიც ღმერთის წყალობად თვლის იმ შესაძლებლობას, რომ ახალ წელს მისი ოჯახის მთელ არმიას ონლაინ მიულოცავს დღესასწაულს.
* * *
— რა პოზიტივით დაგამახსოვრათ თავი მიმდინარე წელმა?
— მომავლის იმედისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფიქრები კი ძალიან მომეძალა... გახსოვთ, ალბათ, გაზაფხულზე, „კოვიდ-19-ის პანდემიის" გარიჟრაჟზე მსგავს შეკითხვაზე დიდი იმედი გამოვთქვი: „ზოგი ჭირი მარგებელია"-მეთქი: მიხაროდა, რადგანაც მარტიდან მოყოლებული, სექტემბრამდე, ჩემი შვილების მამაპაპეულ საუკუნოვან სახლში, მშვიდსა და წყნარ გარემოში, ბედნიერი დრო გავატარეთ სამმა თაობამ: შვილებით, შვილიშვილებითა და შვილთაშვილებით ერთად ვცხოვრობდით და ყველანი — თითოეული ჩვენგანი — თავ-თავის საქმეს უძღვებოდა: უფროსები — ოჯახურსა თუ „ონლაინ რეჟიმში" — სამსახურებრივ საქმიანობას და საუნივერსიტეტო ლექციებს; მოსწავლეები — სკოლის გაკვეთილებს; მხატვრებმა — გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, სამეურნეო საქმიანობაც წამოიწყეს — სკები გაიჩინეს და ფუტკარი მოაშენეს, ჩვენს პატარა ეზოში ბოსტანიც გააშენეს; სხვისი მიტოვებული მიწები დაამუშავეს: ხორბლის სხვადასხვა ჯიშები მოიძიეს და მათთან ერთად ლობიოც კი დათესეს (აღებული მოსავალი კი მიწის პატრონებსაც გაუნაწილეს)...
— გაგვიმხილეთ იმედები, რითიც ხვდებით ახალ, 2021 წელს.
—...მაგრამ ეს იყო სექტემბრამდე, მანამ, სანამ სხვადასხვა მიზეზით ორგანიზებულმა უპასუხისმგებლო თავყრილობებმა, მიუხედავად ჩვენი ექიმების დიდი ძალისხმევისა, პანდემიის სასტიკი გამძვინვარება გამოიწვია...
ეს დიდი განსაცდელია არა მხოლოდ ჩენი ქვეყნისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის: ბაბილონიდან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორიამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და ყველა განსაცდელი თვითონ დაიტეხა თავზე. ეს დღესაც და ჩვენთანაც ასეა: ნათქვამია — „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". განსაცდელი — გამოცდაა, რომელმაც უნდა დაგანახოს მიზეზი და გაჩვენოს გამოსავალი; ჩვენს ცდაზე, მეცადინეობაზეა დამოკიდებული, როგორ გადავლახავთ მას.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს დიდი განსაცდელი გვიჩვენებს ჭეშმარიტ გზას — ღმრთაებრივი სათნოებისა და სიყვარულის გზას, რომლიც გადაარჩენს არა მხოლოდ ჩვენს სამშობლოს, არამედ მთელ სამყაროს, რომელიც „გვაქვს უთვალავი ფერითა".
— როგორ და რით გაალამაზებთ პანდემიის პირობებში საახალწლო ღამეს?
— ჩემი ოჯახის წევრების ნაწილი თიანეთშია, ხოლო, ვინც თბილისში ჩამოვედით — თავთავის ბინაში ვრჩებით და, სამწუხაროდ, ყველანი ერთად მხოლოდ „ონლაინით" შევხვდებით ახალ წელს. ეს შესაძლებლობაც ღვთის დიდი წყალობაა!
* * *
ვულოცავ ჩვენს მშობლიურ უნივერსიტეტს ახალ წელს — დიდი იმედით, რომ, როგორც ყოველთვის, კვლავაც ღირსეულად გადაიტანს ნებისმიერ სიძნელეს!