გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი, თსუ-ის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გუგული მაღრაძე
– ქალბატონო გუგული, რას ითვალისწინებს კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის მიერ ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზის ამუშავება? რა ტიპის დახმარებას უწევთ მსურველებს?
– ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი თსუ–ის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტისა და დამოუკიდებელ ფსიქოთერაპევტთა თანამშრომლობით ამუშავდა. ჩვენი მიზანია, ვუპასუხოთ (COVID-19) პანდემიის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ეპიდემია თავისთავად ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუმცა ეს ვითარება უფრო ბევრ ადამიანს აყენებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების წინაშე. გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალოდ შეეხო ვურუსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები (კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, ვირუსის მატარებელი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები), ფსიქოლოგიური გამოწვევები ბევრად უფრო ფართო ჯგუფს დაუდგა — ესენია რისკ ჯგუფის ქვეშ მყოფი ადამიანები, მოწყვლადი ჯგუფები, ისინი, ვინც საგანგებო მდგომარეობის გამო განიცდიან სტრესს და შფოთვას და, ზოგადად, ისინი, ვისთვისაც ეს ვითარება ემოციურად რთული გასამკლავებელია.
ჩვენი გუნდი სერტიფიცირებული, გამოცდილი ფსიქოთერაპევტებისგან შედგება, რომელთა კვალიფიკაცია საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამ სტანდარტების დაცვით მუშაობენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მოსახლეობას მაღალი ხარისხის ფსიქოლოგიური მომსახურება შევთავაზოთ. როდესაც ადამიანი ცხელ ხაზზე გვიკავშირდება, მას გაესაუბრება კვალიფიციური ფსიქოთერაპევტი, რომელიც ერთჯერადად ნახევარი საათის განმავლობაში კონსულტაციას გაუწევს დღევანდელი ვითარებით გამოწვეული ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულეების შესახებ. მოსახლეობას ორი გზით შეუძლია ჩვენთან დაკავშირება: სატელეფონო ზარი და სკაიპ ზარი. ეს საშუალებას გვაძლევს, მოვიცვათ თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი სერვისის საჭიროება აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
– რამდენად მნიშვნელოვანია კონსულტაციების შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, პანდემიის პირობებში, სახლებში (ან კარანტინში) აღმოჩნდნენ?
– თვითიზოლაცია და კარანტინი, სოციალური დისტანცია თავისთავად მხარდაჭერის მნიშვნელოვან რესურსს — ადამიანურ კონტაქტს — გვაკლებს. იზოლაცია ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანია, მით უმეტეს, როდესაც ამას გაურკვევლობა ემატება. ადამიანმა არ იცის — რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება რამდენიმე დღის შემდეგ, რამდენად დაცულია მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერის სისტემის არსებობა, რაც ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სშუალებას მისცემს.
ფსიქოთერაპია ძვირადღირებული სერვისია, რომლის შესაძლებლობა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ადამიანებს ყოველთვის არ აქვთ. პანდემიის პირობებში მანამდე არსებული საჭიროებები კიდევ უფრო მძაფრდება. ამ ადამიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფასო სერვისების არსებობა და ხელმისაწვდომობა.
და ბოლოს, რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება ტრავმის რანგში განვიხილოთ. სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებში ტრავმა განისაზღვრება როგორც სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის გამოცდილება, როდესაც თავად ადამიანს ან მის ახლობლებს საფრთხე ემუქრება, ან, სულაც, როდესაც ადამიანი ცოცხლად ან მედიის საშუალებით სხვისი ტრაგედიის მოწმე ხდება. შესაბამისად, ამ გამოცდილების დასაწყისშივე მხარდაჭერის არსებობა შემდგომი ფსიქოლოგიური სირთულეების მნიშვნელოვანი პრევენცია შეიძლება იყოს.
– რა გამოიკვეთა ახალი მომსახურების პირობებში? რა ჩივილები აქვს საზოგადოებას?
– ჩვენს ცხელ ხაზზე სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანები გვიკავშირდებიან. ეს შეიძლება იყოს კითხვები ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ოჯახის წევრთან სწორი მიდგომის გამოსაძებნად, თვითიზოლაციასთან დაკავშირებული მომატებული შფოთვა და სტრესი, ზოგადი ემოციური ფონით გამოწვეული პანიკური შეტევები და ა.შ.
– რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს? როგორ დაძლიონ სახლში დარჩენით გამოწვეული სტრესი? როგორ მოიქცნენ, რა აკეთონ, რომ მათი ენერგეტიკული და შრომითი მაჩვენებლები არ შესუსტდეს?
– ამ კუთხით რამდენიმე სასარგებლო რამ შეგვიძლია გავაკეთოთ:
შინ დარჩენამ ჩვენი რუტინა სერიოზულად შეცვალა. ამასთან მორგება მთავარი გამოწვევაა. სწორედ ახალი რუტინის შემუშავება არის კარგი საფუძველი სიტუაციასთან მოსარგებად. შევეცადოთ, შევიმუშავოთ ჩვენი რეჟიმი, რომელიც მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება: კვების და ძილის რეჟიმი, ვარჯიში, სამუშაო საათები და დრო დასვენებისთვის, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის გამოყოფილი დრო (რელაქსაცია, მუსიკის მოსმენა, ნებისმიერი რამ, რაც ჩვენს გონებას შფოთვისგან განტვირთავს).
არ დაგვავიწყდეს სოციალური კონტაქტები — ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას იზოლირებულად არ ვიგრძნოთ თავი. დავუკავშირდეთ ჩვენს ახლობლებს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. შიშის და შფოთვის გაზიარებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ჩვენც მხარდაჭერას ვიღებთ და მეორე ადამიანს ვეუბნებით, რომ ის მარტო არ არის, რომ სხვებიც ასე გრძნობენ თავს.
ნუ დავუთმობთ ახალი ამბების წაკითხვას და ყურებას ძალიან დიდ დროს, განსაკუთრებით ისეთი ამბების, რომლებიც ჩვენს შფოთვას ზრდის. სიახლეებს დღის გარკვეულ მონაკვეთში გავეცნოთ. მოვიძიოთ ფაქტები და ვიყოთ ინფორმირებული, მაგრამ სტრესის მომტანი ინფორმაციის ზედმეტი ნაკადი შევზღუდოთ.
მოვძებნოთ ისეთი საქმიანობა, რაც ახალ ფუნქციას გვაპოვნინებს — ონლაინ დახმარება იმ სფეროში, რაშიც ცოდნა და გამოცდილება გვაქვს, მოხალისეობა და ა.შ.
და ბოლოს, დავინახოთ დადებითიც ამ ყველაფერში. ჩვენ გვაქვს მეტი დრო ოჯახის წევრებთან გასატარებლად. ვსწავლობთ მუშაობის და განათლების ახალ მეთოდებს, ვხედავთ სიკეთის და თანადგომის უამრავ მაგალითს. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე დადებითი რამ, რაც ამ მდგომარეობამ მოგვიტანა.
ესაუბრა მაია ტორაძე