გვესაუბრება პასტერის ინსტიტუტის (პარიზი, საფრანგეთი) პროფესორი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, ბიოლოგიის მეციერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი და აკადემია ევროპეას თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი დავით ფრანგიშვილი
ესაუბრა ნინო კაკულია
- პარიზის პასტერის ინსტიტუტი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო მიკრობიოლოგიის ცენტრი. საინტერესოა ინსტიტუტის ჩართულობის ხარისხი დღევანდელ პანდემიასთან ბრძოლაში...
- მართალი ბრძანდებით, ჩვენი ინსტიტუტი უკვე 130 წელია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის წინა ხაზზეა. ამ ბრძოლას დასაბამი მისცა ლუი პასტერის მიერ ვაქცინის – დასუსტებული ვირუსის — გამოყენებამ ცოფით დასნეულებული პაციენტების მკურნალობაში. ვაქცინაცია წლების მანძილზე ვირუსებთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღია და პასტერის ინტიტუტს ახალი ვაქცინების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, ახალი კორონავირუსის გამოჩენის დღიდან ინსტიტუტის მთელი პოტენციალი მიმართულია მასთან საბრძოლო არსენალის შექმნაზე — იქნება ეს ვაქცინა, წამალი თუ სწრაფი ტესტი. ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, პასტერის ინსტიტუტი სერიოზული რწმუნებულობების გარეშე, სანამ უტყუარ შედეგებს არ მიიღებს, ხმამაღალ განცხადებებს წარმატების შესახებ არ აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი დრო გავა, სანამ პრევენციული ვაქცინა შეიქმნება და ავადმყოფებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მანამდე, ალბათ, მედიკამენტოზური მკურნალობის საშუალებები გამოინახება.
- როგორც ვირუსების მრავალფეროვნების და მათი ევოლუციის ექსპერტმა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ?
- არსებული მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსის „SARS‑CoV2“-ის შეღწევა ადამიანების პოპულაციაში მოხდა ერთჯერადად დაუდგენელი ძუძუმწოვრიდან და ამას ადამიანებს შორის ჯაჭვური გავრცელება მოჰყვა. ასეთი შემთხვევები – ვირუსული ზოონოზი — ბუნებაში ცნობილია, თუმცა მათი გამომწვევი მიზეზები სრულიად გაუგებარია და მისტიურ სფეროს განეკუთვნება. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი — ვირუსებსა და მათ მასპინძელ ორგანიზმებს შორის წონასწორობის დარღვევა, გლობალურ ეკოლოგიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, დღევანდელი კატასტროფის ერთი მიზეზი ბუნებასთან ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაც არის.
მინდა აღვნიშნო, რომ სამეცნიერო საზოგადოებამ, რამდენიმე ოდიოზური მეცნიერის გამოკლებით, ერთხმად უარყო ახალი ვირუსის ხელოვნურად შექმნის შესაძლებლობა. ბევრია არგუმენტი შეთქმულების თეორიის წინააღგმდეგ და მათ გახილვას არ შევუდგები.
- თქვენ ბრძანდებით საქართველოს მიკრობიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. საინტერესოა, როგორ აფასებთ საქართველოს რეაგირების ხარისხს დღევანდელი პანდემიის პირობებში?
- ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისთვის სრულიად საკმარისია გადაიხედოს სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვით კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ევროპულ ქვეყნებს შორის. ეს წარმატება შემთხვევითი არ არის და მას ისტორიული კავშირი აქვს ჩვენს უნივერსიტეტთანაც. 1919 წელს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა მიკრობიოლოგიის და ზოგადი ჰიგიენის კათედრები და ამ საქმისთვის მოიწვია ხარკოვში მოღვაწე გამოჩენილი მიკრობიოლოგი სიმონ ამირეჯიბი. ახალგაზრდა პროფესორი თავდაუზოგავად შეუდგა ჩვენში განათლებისა და კვლევის ახალი მიმართულებების განვითარებას, რაც ნათლად ასახულია მიკრობიოლოგიის კათედრის ანგარიშში 1921 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ. ამ დოკუმენტს შემთხვევით წავაწყდი საქართველოს სახელმწიფო არქივში და ვისურვებდი, რომ დაიბეჭდოს უნივერსიტეტის გაზეთში, როგორც პროფესიული თავდადების და კოლეგიალობის სანიმუშო მაგალითი. სიმონ ამირეჯიბმა ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ვაქცინებისა და შრატების წარმოებას, წყალსადენების სანიტარიის და თვითგაწმენდის საკითხების შესწავლას, სამუშაო ადგილებზე სანჰიგიენური პირობების დაცვას. ასე რომ, ქართველი ეპიდემიოლოგების და ინფექციონისტების დღევანდელი წარმატება დიდ ტრადიციაზე არის დამყარებული, რომელიც საუკუნის მანძილზე მსოფლიო სტანდარტების დონეზე რჩებოდა. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას და პატივისცემას ვუცხადებ ქართველ ექიმებს და ყველა იმ პირს, ვინც თავდაუზოგავად ებრძვის კორონავირუსის ეპიდემიას.
- რას ფიქრობთ, რა გაკვეთილი შეიძლება მიიღოს კაცობრიობამ მიმდინარე პანდემიიდან და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მიღებულმა გამოცდილებამ?
- ჩვენ ჯერ კიდევ „COVID-19“ პანდემიის გავრცელების პერიოდში ვართ და სრულად ვერ შევაფასებთ ვერც ადამიანური მსხვერპლის მასშტაბს და ვერც პანდემიის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს. ერთი გაკვეთილი, რაც უკვე მივიღეთ, ის არის, რომ ბევრად უფრო ფაქიზად უნდა მოვექცეთ ბუნებას, რადგან ცვლადი ეკოლოგიური პირობები, ბუნებრივი ბალანსის დარღვევა დიდი ალბათობით ბიძგს აძლევს სახეობათაშორისო ვირუსულ ინფექციებს და ახალი ვირუსების გავრცელებას ადამიანის პოპულაციაში. ისიც ცხადად გამოჩნდა, რომ აუცილებელია შეიქმნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ისეთი სტრუქტურა, რომელიც მისი სახელის ღირსი იქნება და რომ არ შეიძლება ველოდოთ პანდემიასთან ბრძოლის მართვას მსოფლიო მასშტაბით იმ ორგანიზაციისგან, რომლის დაფინანსება ბევრად არ აღემატება დიდი ევროპული საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბიუჯეტს. აშკარაა, რომ ჯანმრთელობის დაცვაში მწირი ინვესტიციისთვის საზოგადოებას ძალიან მაღალი ფასის გადახდა უხდება: მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პრევენციულ მედიცინაში არანაკლები, თუ არა უფრო მეტი, თანხებია ჩასადები, ვიდრე სამხედრო თავდაცვის ბიუჯეტში.
დაბოლოს, მინდა გავუსვა ხაზი, რომ მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში თითოეული ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მაღალ ფასეულობად წარმოჩინდა. ვფიქრობ, ისტორიული მოვლენის მოწმენი ვართ და კაცობრიობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ყველა სახელმწიფო სოლიდარულად, სრული ეკონომიკური კატასტროფის ხარჯზე, პოლიტიკური დივიდენდების მოუპოვებლად, თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს აბსოლუტურ პრიორიტეტს ანიჭებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი „ალტრუიზმის“ რაღაც ნაწილი მომავალშიც დარჩება და მატერიალური ფასეულობებისთვის გადამეტებულად მნიშვნელობის მინიჭების ეპოქა დიდიხანი აღარ დაბრუნდება.