თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედში“ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ჩვეულებრივი სწავლა-სწავლება და კვლევა. აქციასთან დაკავშირებულია მხოლოდ სტუდენტების ძალიან პატარა ნაწილი. ჟურნალისტის შეკითხვაზე — გუშინ რატომ არ შეხვდით სტუდენტთა ჯგუფს? რექტორმა უპასუხა: „ამ კონკრეტულ ჯგუფთან მე, პირადად, მქონდა ორი შეხვედრა. 20-ზე მეტი შეხვედრა გამართეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მისმა მოადგილემ, ჩემმა მოადგილემ, სასწავლო დეპარტამენტმა, დეკანებმა. თუმცაღა, შედეგი ვერ მივიღეთ. ვერ დამთავრდება ვერანაირი შეხვედრა შედეგით, თუ ის არის დესტრუქციაზე ორიენტირებული და ორიენტირებულია მხოლოდ პოზიციაზე — „თუ ჩემი ვერ გავიტანე, არავითარ შემთხვევაში არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოვდივარ“.
უნივერსიტეტის ფინანსურ გამჭვირვალობაზე რექტორმა აღნიშნა, რომ „ფინანსური გამჭვირვალობა არის ის, რაზეც დგას უნივერსიტეტი — დაწყებული ბიუჯეტის შედგენიდან, დამთავრებული ბიუჯეტის დამტკიცებით და ამ პროცესში მესამედი ხმებისა ეკუთვნით სტუდენტებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში ნახონ ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც, სხვათა შორის, დევს ღია სივრცეში, არაფერი გამოთხოვა დოკუმენტს არ სჭირდება“.
რექტორი განმარტავს, რომ ვერანაირი ხარისხიანი განათლება ვერ იქნება მიღწეული იმით, რომ უნივერსიტეტმა არ ჩააბარებინოს სტუდენტებს გამოცდა. „ხარისხიანი განათლება არ შეიძლება თვითდინებაზე მივუშვათ. იოლი გზით სიარული არ არის სწორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის რეგიონში პირველი უნივერსიტეტი და აქ არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ხდება დღეს“, — აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც მიმართა სტუდენტებს — დროზე გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან, რაშიც თავად ჩაიყენეს თავი და დაცალონ რექტორატი.