მაია ტორაძე
საქართველოს და უნივერსიტეტს არაერთი საპროტესტო გამოსვლა ახსოვს, მაგრამ ის ერთი, 1978 წლის 14 აპრილი, სხვა იყო – ყველაზე სახალხო და ყველაზე მართალი, რომელმაც საბჭოთა სისტემა მძლავრად შეარყია, ქვეყანას შეუნარჩუნა ენა და განუმტკიცა დამოუკიდებლობისთვის გარდაუვალი ბრძოლის რწმენა. 1978 წლის აპრილში გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობდა. კონსტიტუციის მიხედვით, სსრკ-ის სახელმწიფო ენად განისაზღვრებოდა მხოლოდ რუსული.
დღემდე გამოცანად რჩება – ვინ დაიწყო კონსტიტუციის ამ მუხლში ჩადებული მზაკვრული გეგმის გამოაშკარავება (ინიციატივას ხან ედუარდ შევარდნაძეს მიაწერენ და ხანაც ქართულ დისიდენტურ მოძრაობას), მაგრამ ფაქტია – გადაწყვეტილებას მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია ქართველმა სტუდენტობამ და ინტელიგენციამ. ეს იყო საპროტესო ტალღა, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავდა და იმ დღეებში ლიდერი გახდა ხალხი, რომელსაც კარგად ახსოვდა 1956 წლის მარტის სისხლიანი დღეები, მაგრამ უშიშრად და მედგრად დაუპირისპირდა ბრეჟნევისა და სუსლოვის განზრახვას – წაეშალათ ეროვნულობის უპირველესი ნიშანი – ენა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ საშინაო მოხმარების საკომუნიკაციო საშუალებად დარჩებოდა. საშიშროება რეალური იყო და ერთნაირად ემუქრებოდა გაქრობით როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის სხვა რესპუბლიკების – სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობას.
მზაკვრული გეგმა მალევე გამოაშკარავდა და ამ მოძრაობის სათავე, ისევე, როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი აქციისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. აქედან დაიწყო პროტესტი საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების წინააღმდეგ, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. მძლავრი საპროტესტო ტალღის წინაშე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოდან აგორდა და რუსთაველამდე გზადაგზა იმატებდა სხვადასხვა ინსტიტუტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მოქალაქეებს, უძლური აღმოჩნდა საბჭოთა რეპრესიული ხელისუფლება. ის იძულებული გახდა, ხელი აეღო განზრახვაზე და მაშინდელი ცეკას პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის პირით ამცნო მთავრობის სახლის წინ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსი აღდგა.
არქივებში ახლაც ინახება The Times-ის 17 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ასლი, რომელშიც წერია, რომ ორმა ამერიკელმა იურისტმა — რობერ მაკკეიმ და ერიკ რაიმენმა, რომლებიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდნენ, The Times-ის რედაქციას მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ შეხვდა ახალგაზრდობა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ედუარდ შევარდნაძის მცდელობას — შეეხსენებინა მათთვის საფრთხეები და დაემშვიდებინა. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შევარდნაძემ მომიტინგეებს ამ ტექსტით მიმართა: „ჩემო შვილებო, რას აკეთებთ?“, რაზეც მომიტინგეებმა ყვირილით უპასუხეს: „ჩვენ შენი შვილები არ ვართ!“.
ახალგაზრდობის ამ განწყობამ აიძულა ხელისუფლება, კიდევ ერთხელ მიემართა მოსკოვისთვის და ეცნობებინა, რომ სიტუაცია არ იყო მართული და ქართველი ხალხი არ დათმობდა ყველაზე მთავარს – ენას, რომელიც მისთვის სამშობლოს, სარწმუნოებას, ეროვნულობას აერთიანებდა. სწორედ დემონსტრანტების თავგანწირვა გახლდათ ის იარაღი, რომლის წინაშეც უძლური აღმოჩნდა ყველაზე დაუნდობელი იმპერიული მანქანა. ქართული ენა და სახელმწიფოებრიობა გადარჩა!
მას შემდეგ 43 წელი გავიდა და ამ დღეს, როგორც ქართული ენის მარადისობის ნიშანს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად განსაკუთრებით აღნიშნავს. წელსაც, პანდემიის გამო მოკრძალებულად, მაგრამ ეს დღე მაინც აღინიშნა. შეკრებილთა შორის იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა დემონსტრაციაში.
ამ შეხვედრამ, გარდა იმისა, რომ მას ქართული ენის მარადისობის ნიშანი აჩნდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოკვეთა – 1978 წლის 14 აპრილი იყო დღე, რომელმაც პირველად შეაზანზარა საბჭოთა რეპრესიული მანქანა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში, უპირველესად კი, საქართველოში, გააჩინა დამოუკიდებლობის მოპოვების შანსი, რაც დაახლობით ერთი ათეული წლის შემდეგ რეალური გახდა.
სწორედ ეს მუხტი გასდევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გამოსვლას, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა ქართული საქმის სათავეში და სწორედ აქ იღებს სათავეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპები: „ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა 14 აპრილს, გამორჩეული იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის – მაშინ არავინ ელოდა, რომ საბჭოთა კავშირში გაიმართებოდა ასეთი მასიური დემონსტრაცია – დახლოებით 100 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო ეროვნული მუხტის მატარებელი აქცია, რომელმაც გააკეთა ის, რომ დაიმსხვრა მითი საბჭოეთის უძლეველობისა, დაიმსხვრა მითი იმისა, რომ საბჭოთა კავშირი არის ყოვლისშემძლე იმპერია. ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის საბჭოთა კავშირი მაშინ დასრულდა“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
14 აპრილის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის მხოლოდ საქართველოსთვის არაა მნიშვნელოვანი. ამ დღემ გამოაღვიძა კავკასიის სხვა რესპუბლიკებიც: „ეს იყო ერის სასწაული გაერთიანება, რომელმაც მოიტანა დიდი გამარჯვების ზეიმი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ენა გადავარჩინეთ, არამედ ჩვენი მეზობლებისაც – ამ დემოსტრაციის შემდეგ შევიდა შესწორება სომხეთის და აზერბაიჯანის კონსტიტუციებში,“ – ითქვა რექტორის გამოსვლაში, რაც კავკასიის რეგიონში საქართველოს ისტორიული როლის ხაზგასმაზე მიანიშნებდა.
ამ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოფენილი იყო სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც 14 აპრილის მოვლენებს ასახავდა. საზოგადოების მიმართვების, სტუდენტთა ხელმოწერების, კონსტიტუციის და სხვა გასაჯაროებული მასალების გვერდით, გამოფენილი იყო უცხოური პრესის გამოხმაურებებიც, რომლებშიც აშკარად ჩანს ქართველი ხალხის ეროვნული გამოფხიზლებით გამოწვეული რექციები – პირველი ნიშანი იმისა, რომ საბჭოთა იმპერიის რკინის ფარდის დაშვების დრო ახლოვდებოდა.