თამარ დადიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით. სულ ცოტა ხნის წინ თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საქართველოსა და რეგიონში პირველებმა მიიღო ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია. ამ წარმატების აღსანიშნავად მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ISET-ის დირექტორი თამარ სულუხია, ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი, სტუდენტები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორმა ISET-ის სტუდენტებისთვის კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება: თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ ბრემენის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) უნივერსიტეტთან (UB) გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის 5 სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა — ყოველწლიურად, ბოლო აკადემიური წელი გაიაროს ბრემენის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სტუდენტები ორი უნივერსიტეტის — თსუ ISET-ისა და ბრემენის უნივერსიტეტის დიპლომებს მიიღებენ.
როგორც ღონისძიების სტუმრებმა და ორგანიზატორებმა აღნიშნეს, FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. ეს კი იმას მიშნავს, რომ ISET-ის პროგრამები კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ბაზარზე და სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას სთავაზობს. ISET-ში მსოფლიო დონის ორი ეკონომიკური პროგრამაა — საბაკალავრო და სამაგისტრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტები იღებენ მსოფლიო დონის განათლებას ეკონომიკაში. ეს ყველაფერი კი ამ სკოლის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების დიდი შრომის შედეგია, რომლითაც ISET-ში განათლების მაღალი სტანდარტებია.
ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა ყველა ის პირი, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) მიერ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში. ერთ-ერთი მათგანია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, რომელიც გვესაუბრება — თუ რას ნიშნავს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)-ისთვის ეს აკრედიტაცია და ოქროს მედალი, რომელიც ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს:
პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჯილდოს მოლოცვისათვის. ვფიქრობ თსუ-ის რექტორმა ამ ჯილდოთი აღნიშნა მთელი ფაკულტეტის შრომა საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაში. საერთაშორისო აკრედიტაცია ცალსახად ზრდის კონკურენტუნარიანობას, ამაღლებს პროგრამების რეიტინგს. ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის ნათელი ხდება, რომ არაა აუცილებელი საზღვარგარეთ მაღალი აკადემიური სტანდარტების პროგრამების ძიება, ისინი აქვეა – საქართველოში.
ISET-ის კურსდამთავრებულებს შრომითი მოწყობის პრობლემები არასოდეს ჰქონიათ, ეხლა კი მათთვის გაიღება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები როგორც რაოდენობრივი შეთავაზებების, ასევე შეთავაზების ფასის თვალსაზრისით.
როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო აკრედიტაცია საერთაშორისო აღიარებაა, ამდენად, განათლების დონის საკითხი ცალსახად დადასტურებულია. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის უცხოელი სტუდენტების დაინტერესებას. ვიმედოვნებ, რომ მალე უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა და გეოგრაფია გაფართოვდება.