ნინო თურმანიძე
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კალენიკე ურიდია უკვე ერთი თვეა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლობს. „ლიმერიკის უნივერსიტეტი ჩემთვის უკვე დადებით ემოციებთან და სიახლეებთან ასოცირდება“, — ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც გაცვლითი პროგრამა ირლანდიის საგანმანათლებო სისტემის გაცნობის გარდა, განსხვავებულ კულტურულ გარემოში ცხოვრებისა და უნიკალური გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
„ლიმერიკის უნივერსიტეტი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტია. აქ თავს იყრიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა წერტილიდან, სწავლის მსურველები არიან როგორც ერასმუს-ის პროგრამის წარმომადგენლები, ასევე თვითდაფინანსებით — საკუთარი ხარჯებით ჩამოსული სტუდენტები ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და მსოფლიოს სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნებიდან.
საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუდენტებთან კომუნიკაცია სასიამოვნოა, რადგან ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების კულტურას ვუზიარებთ, ვაცნობთ ისტორიასა და ტრადიციებს. ვფიქრობ, XXI საუკუნეში ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება არსებითი მნიშვნელობისაა, სწორედ ამიტომ კულტურული მიქსი აქ ყოფნას მეტად საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის“, — გვიყვება კალენიკე ურიდია.
სტუდენტი ქართული და ირლანდიური უმაღლესი განათლების სისტემის შედარების საფუძველზე ლიმერიკის უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო სისტემასაც აანალიზებს: „აკადემიური რეგისტრაციის დაწყების შემდეგ უნვიერსიტეტი სტუდენტს ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ დაესწროს ყველა ლექციას, გაიცნოს ლექტორი, მისი გამოკითხვის სტილი, შეფასების სისტემა და მხოლოდ ამის შემდეგ, საგნებთან დაკავშირებით, ინფორმირებული და მის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღოს“, — ამბობს კალენიკე.
უშუალოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კი კალენიკე ურიდია ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებულ მეთოდს გამოყოფს. მისი თქმით, ლიმერიკის უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ძირითადი ქულები ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობით დააგროვონ.
„ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელსაც თსუ-ის საგამოცდო სისტემაზე ვესაუბრე, მითხა, რომ ლიმიტირებულ დროში სტუდენტი, განსაკუთრებით კი იურისტი, ვერ შეძლებს მისი ცოდნის სრულად გამომჟღავნებას, რადგან იურისტს პოზიციის დასასაბუთებლად სჭირდება სასამართლო პრაქტიკის მოძიება, თეორიული მსჯელობის წარმართვა და არგუმენტაცია, რასაც ის ლიმიტირებულ საგამოცდო დროში ვერ შეძლებს“, — გვიყვება კალენიკე ურიდია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ირლანდიიდან თანატოლებს ურჩევს, რომ ჰქონდეთ მიზნები და არა ოცნებები, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად..
„ჩემი რჩევაა — დაუყოვნებლივ დაიწყონ მზადება ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის ჩასაბარებლად, რადგან ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი იმპერატიულად ითხოვს საერთაშორისო სერტიფიკატს. მისთვის არაა მისაღები თსუ-ის ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირების გამოცდის ქულები. ჩემი რჩევაა, ყურადღება მიაქციონ აკადემიურ მოსწრებას, რაც არსებითი მნიშვნელობისაა. აუცილებელია მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, იურიდიულ პროფესიასთან დაკავშირებულ აქტივობებში და ეძიონ პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებებები სტაჟირებებისა თუ გრძელვადიანი პროგრამების სახით“, — აღნიშნავს სტუდენტი.
„წარმატების გასაღები მოქმედებაშია“ — ამბობს კალენიკე და იხსენებს, რომ მის წასვლას თან ახლდა სირთულეებიც — ეს იყო დროში გაწელილი პროცედურა.
„ლიმერიკის უნივერსიტეტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ გავესაუბრე საკონკურსო კომისიას, შემდეგ ელ-ფოსტის საშუალებით შემატყობინეს, რომ წარმატებული ასპარეზობის შედეგად გავიმარჯვე კონკურსში და ლიმერიკის უნივერსიტეტმა უყოყმანოდ დაამტკიცა ჩემი კანდიდატურა. პირველი ემოციები სწორედ ამ ფაქტთან არის დაკავშირებული, თუმცა თავგადასავალი ახლა იწყებოდა... კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ დაიწყო ახალი ბიუროკრატიული ეტაპი -ირლანდიას საქართველოში საელჩო არ აქვს, ამიტომ სავიზო პროცედურა ბულგარეთში ირლანდიის საელჩოში უნდა განხილულიყო, ამას ემატებოდა უამრავი დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია გაცვლითი პროგრამის სტუდენტისთვის. საბოლოო ჯამში ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და როდესაც თვითმფრინავი დუბლინის აეროპორტში დაფრინდა, მივხვდი, რომ ყველა განვლილი ეტაპი ღირდა ამ საოცრებისთვის.
დიდი მიზნები მიიღწევა თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით, მხოლოდ ცნება შედეგის მომტანი არ არის, თუ მას ზურგს არ უმაგრებს მოქმედებანი“, — აცხადებს კალენიკე ურიდია.