თამარ დადიანი
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისთვის ხელის შეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თსუ-ში კარიერული განვითარების ცენტრი, რომელმაც 2014 წლის მარტიდან ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.
დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გვესაუბრება თსუ-ში სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობის გაფართოება.
— ბატონო გიორგი, თსუ-ში კარიერული განვითარების ცენტრი რამდენიმე წელია აქტიურად ფუნქციონირებს. რა სერვისებს სთავაზობთ დაინტერესებულ პირებს და ვის შეუძლია ისარგებლოს ცენტრის მომსახურებით?
— არასწორი იქნება — სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი მხოლოდ სტუდენტთა დასაქმების მიმართულებით განვიხილოთ. სამწუხაროდ, დღეს ცენტრის საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ სტუდენტების დასაქმების კუთხით არის ცნობილი და ეს საზოგადოებაში კარიერული სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამ მიმართულებით, 2019 წლიდან ყოველ სემესტრში ტრადიციულად ვატარებთ კარიერის კვირეულებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების კარიერის დაგეგმვასა და განვითარებას.
ზოგადად, კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია თსუ-ის სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარება, რაც გულისხმობს პროფორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის და მართვის პროცესში დახმარებას და შრომის ბაზართან სტუდენტების დაკავშირებას (ცენტრი სთავაზობს სტუდენტებს ტრენინგებს, დახმარებას CV-ის, სამოტივაციო წერილის და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადებაში, აგრეთვე პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის მომზადებას, აწვდის ინფორმაციას შრომის ბაზრის განვითარების ძირითად ტენდენციებზე) და სხვა. როგორც ვხედავთ, კარიერულ ცენტრს საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება აქვს და, შესამაბისად, სერვისებიც ამ მხრივ ხორციელდება. კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით ტარდება: კარიერის კვირეულები; „კარიერის მართვის“ კურსი; ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, ხოლო შრომის ბაზართან სტუდენტების და კურსდამთავრებულების დაკავშირების მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან ერთობლივი სტაჟირებების პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება; სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან დასაქმების ხელშემწყობი მემორანდუმების გაფორმება; დასაქმებების ფორუმების და დამსაქმებლებთან სტუდენტების საინფორმაციო შეხვედრების, დასაქმებისათვის საჭირო უნარების განმავითარებელი ტრენინგების ორგანიზება და სხვა.
— რამდენად მოთხოვნადია ცენტრის სერვისებით სარგებლობა სტუდენტების მხრიდან?
— უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის მიერ გამოცხადებული ტრენინგები და კურსები საკმაოდ დიდ დაინტერესებას იწვევს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში. კვირეულებზე, საშუალოდ, 100-150 სტუდენტია ჩართული, ხოლო ტრენინგებზე წლიურად, საშუალოდ, 700-800 სტუდენტი რეგისტრირდება. სტაჟირების პროგრამებში ყოველწლიურად, საშუალოდ, 1500-1700 სტუდენტია ჩართული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტი, რომელიც ერთხელ მაინც მიიღებს ჩვენს პროექტებში მონაწილეობას, ყოველ შემდეგ პროექტში კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით ერთვება. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩემი მიზანია, სტუდენტს და კურსდამთავრებულს მათი კარიერის კონსულტირების კუთხით უნივერსიტეტში ჰყავდეს სანდო პარტნიორი, რომელიც ნებისმიერ დროს შეეცდება მათი კარიერის თუ დასაქმების მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში დახმარებას.
— დღეს სტუდენტების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ქართულ შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების მიმართ. ისინი ხშირად საუბრობენ არასტაბილურ სამუშაო შემოთავაზებებზე, არაანაზღაურებად სტაჟირებებზე, მეტისმეტად დაბალ ანაზღაურებაზე, რაც მათ მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს. დამსაქმებლები როგორ ხსნიან ამ დამოკიდებულებას და რა პოზიცია და მოსაზრებები აქვთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით?
— ქართული შრომის ბაზარი რომ იდიალურისგან შორის არის, ამაზე ყველა ვთანხდებით. თუმცა შრომის ბაზარიც იმ რეალობის ნაწილია, სადაც ვცხოვრობთ... მძიმე და არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაში სრულიად ლოგიკურია ჩვენი შრომის ბაზრის განვითარების ეს მდომარეობაც. საქმე ისაა, რომ არის პროფესიები, სადაც გაცილებით მეტი დიპლომირებული სპეციალისტი გვყავს, ვიდრე მოთხოვნა გვაქვს ქართულ შრომის ბაზარზე. არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც გაცილებით მეტია მოთხოვნა, ვიდრე სპეციალისტები გვყავს. ამ პრობლემის მოგვარება, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, აბიტურიენტის სწორი პროფესიული ორიენტაციით უნდა მოხდეს. ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ თსუ-ის კურსდამთავრებული ან სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში დადებითი აკადემიური მოსწრებით და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევა, მუშაობს საკუთარი პროფესიით.
არსებობს სხვა პრობლემაც, რომელიც დამსაქმებლებთან კომუნიკაციის დროს გამოიკვეთა. კურსდამთავრებულთა უმრავლესობას აკლია ის პრაქტიკული უნარები, რომელიც დარგის პროფესიონალს უნდა ჰქონდეს მუშაობის დროს, ანუ დამსაქმებლების ხედვით, სტუდენტები და კურსდამთავრებულები უფრო მეტად ფლობენ თეორიულ ცოდნას, მაგარამ არ აქვთ ის უნარები, რომლის მეშვეობით მოახერხებენ ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. ეს ფაქტი საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიახლოების აუცილებლობაზე მიუთითებს. ცალკე პრობლებაა უცხო ენის და კერძოდ, დარგის სპეციალისტისთვის საჭირო უცხო ენის არ ცოდნა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გლობალურ შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა მუშაობის შესაძლებლობის მხრივ.
სტუდენტების და კურსდამთავრებულების კოსნულტირების დროს მათ მუდმივად ვურჩევთ, რომ იფიქრონ გლობალურად, ანუ არ შემოიფარგლონ ადგილობრივი შრომითი ბაზრის მოთხოვნებით და მათი განვითარება წარმართონ მინიმუმ რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებით, რაც გულისხმობს უცხო ენების შესწავლას პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გვაქვს ყველა ბენეფიციართან — სტაჟირების ყველა პროგრამა ეფექტურია (თუნდაც არაანაზღაურებადი), სადაც ხდება შენი, როგორ პროფესიონალის, განვითარება.
თანამედროვე შრომის ბაზარზე ცვალებადობა და არასტაბილურობა ჩვეულებრივი მოვლენაა... ამიტომ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ წარმატებული კარიერისთვის საჭიროა მუდმივი თვითგანვითარება. მხოლოდ იმის იმედზე ვერ ვიქნებით, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩვენთვის საოცნებო სამსახურში ხელგაშლილი გველოდებიან.
ამიტომ, ჩვენი მიზანია სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ შრომის ბაზარზე ორიენტირების უნარები, ანუ ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებას.
— როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გლობალური პანდემია უმუშევრობის ახალ და მასშტაბურ ტალღას ქმნის. როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას თსუ-ის კარიერული განვითარების ცენტრი? არ იკლო დამსაქმებელთა აქტიურობამ?
— რა თქმა უნდა შემოთავაზებებმა იკლო გარკვეულ სფეროებში, მაგრამ გაიზარდა IT და საბანკო მიმართულებით. ზოგადად, ძნელია ვისაუბროთ დასაქმებაზე ქვეყანაში, რომლის ეკონომიკური განვითარება პანდემიის გამო 6 % -ით შემცირდა.
ნოემბერში გამოქვეყნდა ევროკავშირის ქვეყნებში კარიერის სერვისების და დასაქმების მიმართულებით კვლევა COVID-19 პერიოდში. კვლევის შედეგების მიხედვით, პანდემიამ ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი შეამცირა. ყველაზე დიდი კლება ჰქონდა ესპანეთს და პორტუგალიას, ხოლო ნაკლებად შეეხო ჰოლანდიას და გერმანიას. ანუ პრობლემა მაინც ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ჩვენს ძალისხმევას, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიურ პერიოდში სტუდენტების და კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან დაკავშირებას და მათ კარიერულ განვითარებას.
covid-19 ის პირობებში ყველაზე მასშტაბურია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, სადაც 354 სტუდეტი შეძლებს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში მოკლევადიან სტაჟირებას.
— აპირებს თუ ცენტრი მომავალში საქმიანობის გაფართოებას?
— ჩვენი საქმიანობა თანდათან ფართოვდება. ჩვენი მიზანია გაცილებით მეტ სტუდენტზე იყოს ხელმისაწვდომი თსუ-ის კარიერული განვითარების ცენტრის სერვისები. ამ მიზნით განვახორციელეთ „მენტორის“ პროგრამა, რაც გულისხმობს შემდეგს: სტუდენტები, რომლებიც ჩვენს ტრენინგებში იღებენ მონაწილეობას, სურვილის შემთხვევაში და სათანადოდ დატრენინგების გზით თვითონ ხდებიან კარიერის მართვის ტრენერები, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენს სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ახლა მიმდინარეობს კარიერის მართვის კურსი, სადაც სწორედ სტუდენტი მენტორები ატარებენ კარიერის განვითარების ტრენინგს. თუ წინა სემესტრში კარიერის განვითარების ტრენინგებში ჩართული იყო, ჯამში, 230 სტუდენტი და კურსდამთავრებული, მხოლოდ ამ ტრენინგების ფარგლებში 400-მდე სტუდენტი მონაწილეობს. ამდენად, აღნიშნული პროექტი მომდევნო სემესტრებში კიდევ უფრო გაფართოვდება.
მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ის, რომ კარიერის დაგეგმვას და პროფორიენტაციას დავიწყებთ ჯერ კიდევ სკოლის დამამთავრებელი კლასებიდან, რაც ხელს შეუწყობს თსუ-ის მომავალი სტუდენტების კარიერულ განვითარებას. აღნიშნული ხედვა უკვე დიდი ხანია მიღებული და აღიარებულია დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ასე რომ, სექტემბრიდან ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს მათ გააზრებულ არჩევანს და შემდგომ კარიერულ ზრდას.
ასევე, ვმუშაობთ რამდენიმე ტრენიგზე (microsoft word and excel) უცხოენოვანი პროფესიული ლექსიკა), რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებას.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მუდმივად მზად ვართ მოვისმინოთ ყველა ის წინადადება და შემოთავაზება, რომელიც ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დაეხმარებათ კარიერულ ზრდასა და დასაქმებაში.
დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა სტუდენტს შეუძლია მიმართოს თსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს თსუ-ს II კორპუსში, # 103 ოთახში.