მაია ტორაძე
17 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებას თსუ-ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული და გამოცემული სამტომეული — „ანისი და საქართველო — ნარკვევები, მასალები“ — წარუდგინეს. წიგნები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის — „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა“ — ფარგლებში გამოიცა.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია, თსუ-ის აკადემიური საზოგადოება.
უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თავის სიტყვაში მრავალჯერ აღნიშნა გამოცემის მნიშვნელობა და როლი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. „დღეს ძალიან დიდი შრომის ნაყოფი არის წარმოდგენილი. ეს არის არა მხოლოდ სამტომეული, არამედ უზარმაზარი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელიც ძალიან საინტერესო ეპოქას მოიცავს. აღნიშნული პროექტი და სამტომეული ეძღვნება იმ კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც არის გზის გასაყარზე ანუ იქ, სადაც ცივილიზაციები ხვდებოდა ერთმანეთს.
მასალებში, რომელიც აქ წარმოდგენილია, ახლებურად არის გააზრებული და შემოთავაზებული ბევრი მიგნება. ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში, ფაქტობრივად, ეროვნული საქმე გააკეთა. ამდენად, მსურს, პროექტის მონაწილეებს მივულოცო მნიშვნელოვანი გამოცემა. ეს არ არის ადგილობრივი მოვლენა, რადგან არსებობს ნათარგმნი ვერსიაც და ამით ჩვენ მსოფლიოს ვაცნობთ ანისს, რომელიც არის მემკვიდრეობა, რომლითაც ყველამ უნდა იამაყოს“,- თქვა გიორგი შარვაშიძემ.
პროექტი „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა“ — მიზნად ისახავს ანის-შირაკის, როგორც გამორჩეული მრავალკულტურული გარემოს, შეძლებისდაგვარი მომცველობით წარმოჩენას, ამასთან მასში არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის შრეებთან ერთად, ქართული პოლიტიკური, აღმსარებლობითი და მხატვრული მემკვიდრეობის თანაარსებობასთან დაკავშირებული მხარეების შესწავლას. პროექტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი მასალები მრავალმხრივ სრულყოფს ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული წრის შეხვედრისა და ურთიერთმიმართების გარემოს სურათს, ამასთანავე ახალი კუთხით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის ვრცელ რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფესიურ თუ კულტურულ პროცესებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მიმართებებს მათთან, საზოგადოდ – ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და როლს ამ პროცესებში.
„მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იყო ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისა. თუ ბოლო პერიოდის ჰუმანიტარულ მეცნიერებაში გაკეთებული მნიშვნელოვანი პროექტების რეტროსპექტივას გავაკეთებთ და გადავხედავთ, თამამად ვიტყვი, რომ ეს პროექტი არის გამორჩეული, როგორც ფონდისთვის, ასევე ამ დარგში გაკეთებულ ყველა ნაშრომთან შედარებით. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ პროექტს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში გამოკვეთილი სახელის მატარებელი და დიდი მეცნიერია. ფონდის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ზაზა სხირტლაძეს და მთელ ჯგუფს, რომ ასეთი დიდი საჩუქარი მიეცით ქართველოლოგიას და, უპირველესად, ასევე არმენოლოგიას, რადგან ეს წიგნი გახდება შეუცვლელი არმენოლოგებისთვისაც“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
სამი წლის მანძილზე (2016–2018) პროექტს ახორციელებდნენ: ზაზა სხირტლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი ჭეიშვილი, ენტონი ისტმონდი, ირინე გივიაშვილი, ირინე ელიზბარაშვილი, ნატალია ტურაბელიძე, ნანა სიხარულიძე, ვლადიმერ კეკელია, ნელი ჩაკვეტაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ნინო ბაგრატიონი, ვიოლა ტუღუში, ზეინაბ გურჯიძე. შემდგომში პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს შემოუერთდნენ თეო ჯალაღანია, მაია პატარიძე, ირაკლი ფაღავა და ირაკლი თეზელაშვილი. ხოლო, გამოცემის დიზაინი და დაკაბადონება შეასრულა ვანო კიკნაძემ.
პროექტის განხორციელების შედეგებმა თავი მოიყარა სამტომეულში, რომლის პირველი და მეორე ტომები ეთმობა გამოკვლევებს, ხოლო მესამეში თავმოყრილია კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღნუსხული მასალები.
წიგნის ინგლისური ვერსია ორ ტომადაა განაწილებული — მათგან პირველში წარმოდგენილია ნარკვევები, მეორეში კი — წყაროები და მასალები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას პროექტის ხელმძღვანელმა ზაზა სხირტლაძემ სპეციალურად მომზადებული ვიზუალური მასალა, პროექტის ანგარიში და სამტომეულის მიმოხილვა გაუზიარა. მან გვიამბო, რომ კვლევის პროცესი მეტად საინტერესო, ხოლო მიღებული შედეგები საკმაოდ კომპლექსური აღმოჩნდა.
„პროექტი ოფიციალურად მიმდინარეობდა 3 წლის განმავლობაში, თუმცა 5 წელი დასჭირდა, რადგან თავდაპირველად დაგეგმილი იყო ერთტომეულის გამოცემა. კვლევის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გამოიცეს სამტომეული. ასევე დაიბეჭდა ინგლისური ასლიც. ამ ყველაფერთან ერთად, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და, შესაბამისად, მისი მასალებიც გამოიცა ინგლისურ ენაზე. ამასთან, ცალკე გამოვეცით საარქივო მასალები, რომელიც ეხება ანისის სიძველეების ნაწილს. ეს პროექტი მიზნად ისახავს ანისში, როგორც მრავალკულტურულ გარემოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილის ჩვენებას სხვა კულტურულ მემკვიდრეობებთან ერთად“, — აღნიშნა ზაზა სხირტლაძემ.
პროექტზე მუშაობის შედეგად გამოვლენილ და შესწავლილ მასალებში, წერილობითი წყაროების გვერდით, ერთიანდება არქეოლოგიური მონაპოვარი, ნუმიზმატიკა, ლაპიდარული და ფრესკული ეპიგრაფიკა, ხუროთმოძღვრება და კედლის მხატვრობა, აგრეთვე საარქივო მასალები – დოკუმენტები, საველე დღიურები, ფოტოები – რომლებიც ქალაქის ისტორიის სხვადასხვა ეტაპთან და მის კვლევასთანაა დაკავშირებული. ამ მასალის აღნუსხვა და შესწავლა ანისის, როგორც სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის თავშეყრის ადგილის, მრავალმხრივ საგულისხმო სურათს სახავს, ამასთან ახალი კუთხით წარმოაჩენს ამ სურათში ქართული მემკვიდრეობის თანამონაწილეობის ხასიათსა და მასშტაბებს.
სამტომეულის წინათქმაში ვკითხულობთ: „პირველი ტომი ისტორიოგრაფიული ნარკვევით იწყება; შემდეგ ვრცელი გამოკვლევა ეძღვნება ანისის პოლიტიკური ისტორიის, ისტორიული და საეკლესიო გეოგრაფიის საკითხებს; საგანგებო ნაკვეთში განხილულია ანისის საქალაქო ცხოვრების ცალკეული მხარეები, რომელიც სხვადასხვა ეთნოკულტურული წრის – მათ შორის, ქართულის – თანაარსებობით იქმნებოდა; მოკლედაა განხილული ანის-შირაკის ქართული ნუმიზმატიკური მასალა; დახასიათებულია ქალაქის საფორტიფიკაციო სისტემა, მისი ჩამოყალიბების ეტაპები, მათ შორის – საქართველოს სამეფოს მფლობელობის პერიოდის მასშტაბური აღმშენებლობა და ცალკეული კონსტრუქციულ-მხატვრული მახასიათებლები; განხილულია ანისის საეკლესიო-სააღმშენებლო სკოლის ის ძეგლები, რომელთა მხატვრული იერსახეც სხვადასხვა მხატვრული წრის – მათ შორის ქართულის – მახასიათებელთა თანაარსებობითა და ერთიანობით იქმნებოდა“.
მეორე ტომი მთლიანად დაეთმო გამოკვლევას ანისის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერწერული ანსამბლის – ტიგრან ჰონენცის საფასით აგებული წმ. გრიგოლის ეკლესიის, მისი კარიბჭის და ეკვდერის ფრესკების შესახებ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ „მოხატულობების საგანგებო კვლევამ შესაძლებელი გახადა მათ შექმნასთან დაკავშირებული არაერთი არსებითი საკითხის ნათელქმნა და დაზუსტება. მათ შორისაა ფერწერული ანსამბლის პროგრამის საზოგადო საზრისი და მისი მიმართება ქართველთა სამეფოს მფლობელობის ეპოქის ანისისა და სამხრეთი კავკასიის პოლიტიკურ, აღმსარებლობით და კულტურულ რეალიებთან. აქვე მოცემულია წმ. გრიგოლ პართელის ცხოვრების ციკლში აღბეჭდილი ეთნოკულტურული ტენდენციები და ციკლის საზრისის წანამძღვრები, რაც, გარკვეული ისტორიული ეტაპისთვის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიის მიზანდასახულობასთან იყო დაკავშირებული.
მესამე ტომში შეძლებისდაგვარად თავმოყრილია ანის-შირაკისა და საქართველოს ურთიერთობის სხვადასხვა მხარეთა ამსახველი ქართული, სომხური, ბიზანტიური, არაბული, სირიული, სპარსული, ოსმალური და რუსული ნარატიული წყაროები; მასში ერთიანი კორპუსის სახით ქვეყნდება ანისისა და მისი შემოგარენის ის ეპიგრაფიკული ძეგლები (სახელდობრ, ქართული და სომხური ლაპიდარული, აგრეთვე ქართული და ბერძნული ფრესკული წარწერები), რომლებიც ასახავს ანისსა და ისტორიულ შირაკში მიმდინარე, ქართულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ, პოლიტიკურ, აღმსარებლობით, კულტურულ პროცესებს; ამას მოსდევს კატალოგები: ქართული სახელმწიფოს მფლობელობის ეპოქის ნუმიზმატიკური მასალა, რომელიც ყარსის მუზეუმშია დაცული; ასევე ყარსის მუზეუმში დაცული რელიეფი ქართული წარწერით; საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალები ანისიდან. „ტომის ბოლო ნაკვეთში გაერთიანდა ანისისა და საქართველოს ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები“,- წერია წინათქმაში.
აღსანიშნავია, რომ სამტომეული დაიბეჭდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ორი პუბლიკაცია: „ანისი გზაჯვარედინზე“, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების კრებულია (მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში, ხოლო დაიბეჭდა საქველმოქმედო ფონდ ცისკარის ფინანსური მხარდაჭერით) და „მასალები ანისის წმ. გრიგოლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლისთვის“, რომელიც ცნობილი ხელოვნებათმცოდნის და რესტავრატორის, ნიკოლაი სიჩოვის მიერ 1911 წელს ანისში განხორციელებული სამუშაოს დღიურის (თანდართული გრაფიკული ჩანახატებით და ქართული ფრესკული წარწერების მონახაზებით), აგრეთვე 1912 წელს მის მიერ წაკითხული მოხსენების პუბლიკაცია გახლავთ. პუბლიკაცია მომზადდა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის და სანკტ-პეტერბურგის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლობით. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში.
ღონისძიებაზე მრავალჯერ გაჟღერდა, რომ მსგავსი კვლევები საქართველოს ტერიტორიაზე, სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც უნდა ჩატარდეს, რაც საქართველოს კუთხეების ისტორიული სიმდიდრისა და მრავალფეროვნების ჩვენებას და პოპულარიზაციას მეტად შეუწყობს ხელს.