ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისთვის 2020 წელი, სამეცნიერო თვალსაზრისით, საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. აქ, მიუხედავად კოვიდპანდემიისა, კვლევითი საქმიანობა არ შეწყვეტილა და, სხვადასხვა პროექტის განხორციელებასთან ერთად, მიმართულების პროფესორ–მასწავლებლებმა დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო დონის დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადებაში. „კონფლიქტების კომუნიკაცია: ისტორია, სტატუს-ქვო, პერსპექტივები ქართულ, უკრაინულ და გერმანულ მედიაში“ (Communiaction conflicts: history, status-quo and perspectives in the media of Georgia, Ukraine and Germany) — ასე ჰქვია სახელმძღანელოს, რომელიც გერმანიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ჟურნალისტური სკოლების წარმომადგენლების თანამშრომლობით შეიქმნა.
„კონფლიქტების კომუნიკაცია: ისტორია, სტატუს-ქვო, პერსპექტივები ქართულ, უკრაინულ და გერმანულ მედიაში“
2019 წლის ივლის–ნოემბერში, ბერლინში, „ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის“ (Freie Universität Berlin) „ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციურ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ (IPK) ბაზაზე ჩატარდა სამი სამეცნიერო სემინარი, რომელშიც თსუ-ის ჟურნალისტიკის სკოლის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრები გაიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტის — „ჟურნალისტიკა ევროპულ საზოგადოებებში“ (JOURNALISM IN EUROPEAN SOCIETIES (JOUREG) — ფარგლებში.
„ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის“ „ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციურ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ დირექტორის, პროფესორ ალექსანდრ გიორკეს (Dr. Alexander Görke) ხელმძღვანელობით შედგა სამეცნიერო თანამშრომლობა გერმანიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ჟურნალისტური სკოლების წარმომადგენლებს შორის.
უკრაინელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად, სამეცნიერო სემინარებში აქტიურად მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორები: მანანა შამილიშვილი, ნინო ჭალაგანიძე და ხათუნა მაისაშვილი. ასევე, მულტიმედია ცენტრის დირექტორი მარინა სალუქვაძე და მოწვეული პედაგოგი, ჟურნალისტიკის დოქტორი ნათია სვანიძე. ექსპერტის რანგში სამუშაო პროცესში ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების უფროსი ეველინ მენთეშაშვილი.
თანამშრომლობის შედეგად კონფლიქტის კომუნიკაციაში მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის. მასში შესულია რამდენიმე ქვეყნის: გერმანიის, ავსტრიის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვეთის აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შრომები. პროექტის განხორციელება მოხერხდა სამეცნიერო სემინარების პირობებში შემუშავებული კონცეფციის შედეგად. სემინარებში მონაწილე მკვლევრებმა და პრაქტიკოსმა ჟურნალისტებმა წარმოადგინეს ორიგინალური თვალთახედვა მედიაში კონფლიქტების გაშუქებასთან დაკავშირებით, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი მანანა შამილიშვილი აღნიშნავს, რეგიონული კონფლიქტების მედიაში გაშუქების თავისებურებათა კვლევა ძალზე მნიშვნელოვანია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებშიც ჯერ კიდევ არსებობს „ცხელი კერები“ და მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები.
„უკრაინა და საქართველო მათ რიცხვშია. რუსული ოკუპაციის მძიმე ხვედრი ორივე ქვეყნის პოლიტიკურ და მედიაგარემოზე ახდენს გავლენას და დღის წესრიგში აყენებს მშვიდობის ჟურნალისტიკის აქტუალურობას. მათ შორის, წინა პლანზე იწევს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებისა და მათი ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ასპექტების მედიაში ასახვის სპეციფიკა; ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული უნარებისა და ეთიკის ნორმათა გათავისების მნიშვნელოვანი საკითხები. ვფიქრობთ, მოცემული ინგლისურენოვანი ელექტრონული გამოცემა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს კონფლიქტების კომუნიკაციის შესწავლის კუთხით არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას. როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, იგი სტუდენტებისთვისაც სასარგებლო რესურსი იქნება საუნივერსიტეტო სწავლებისას“, – გვითხრა მანანა შამილიშვილმა.
უნდა ითქვას, რომ ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ აქტუალურ საქმეში – წარმოადგინა ქართული მედიის მიერ რეგიონული კონფლიქტების გაშუქების წარსული და თანამედროვე გამოცდილება. ქართველ ავტორთა თვალსაწიერში მოექცა თემათა ფართო სპექტრი: საქართველოს რეგიონული კონფლიქტების ისტორიული წანამძღვრები და გენეზისი; მშვიდობის ჟურნალისტიკის როლი დევნილთა პრობლემების წარმოჩენაში; ინფორმაციული სივრცის დაბინძურებით წარმოქმნილი საფრთხეები; ქართული მედიის სამუშაო სპეციფიკა და ეთიკური პრობლემები კონფლიქტების გაშუქებისას და სხვ.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კოლაბორაცია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების საუკეთესო გზაა: „ვფიქრობ, რომ მსგავსი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების სიკეთე ცხადია: ეს, ერთი მხრივ, ახალი სისხლი და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზაა მიმართულებისთვის, მეორე მხრივ კი, პრაქტიკულ შედეგზეა ორიენტირებული – შეიქმნა სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისთვის სასარგებლო და საინტერესო საკითხავი, რაც მომავლის სწორად დაგეგმვის საშუალებაა. მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის: უცხოელ კოლეგებთან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ერთიანი აკადემიური სივრცის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნა მან. რაც შეეხება წიგნის ბეჭდურ ვერსიას – იგი მიმდინარე წლის ბოლომდე იხილავს დღის შუქს. თუმცა, ამჟამად ხელმისაწვდომია Academia.edu–ს ბაზაზე.