მაია ტორაძე
„კონცეფციური ერთობის მიღწევის ალბათობა სასწავლო კურსში „შესავალი პროფესიაში“, – ასე ჰქვია კვლევით პროექტს, რომელიც აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მედიაგანათლების პროგრამის კურსდამთავრებულთა მინი გრანტების კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებულია. პროექტის ხელმძღვანელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი და საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა მაისაშვილი.
პროექტის მისი მიზანია, გაანალიზდეს, როგორ ასწავლიან, ჟურნალისტიკის კურიკულუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს 16 უნივერსიტეტში საგანს „შესავალი პროფესიაში“.
„რთულ ამოცანას შევეჭიდე. ეს არის ინდივიდულური პროექტი და გულისხმობს 16 უმაღლესი სასწავლებლის კურიკულუმში ერთი საგნის – „შესავალი ჟურნალისტიკასა და მასკომუნიკაციაში“ – სილაბუსების შესწავლას. თუმცა მხოლოდ სილაბუსები საკმარისი არ იქნება, ინტელექტუალური საკუთრებისა და კვლევის ეთიკის სრული დაცვით უნდა ჩაიწეროს პირისპირი ინტერვიუები პროგრამის ხელმძღვანელებთან და საგნის პედაგოგებთან. მიზანი ერთი მაქვს – დავადგინო, რას ვასწავლით დღეს, როგორ ვასწავლით და რამდენად შესაძლებელია კონცეპტუალური ერთიანობის მიღწევა სასწავლო მეთოდოლოგიაში. თემების გარდა, შევისწავლი სახელმძღვანელოებს, რომლებითაც ასწავლიან. კვლევის დასრულების შემდეგ მომზადდება რეკომენდაციების პაკეტი და სტატიები ქართულადაც და ინგლისურადაც. მთავარია, თანამშრომლობა შედგეს,“ – გვითხრა ხათუნა მაისაშვილმა.
კონკურსში კიდევ ორმა პროექტმა მოიპოვა დაფინანსება: „ციფრული წიგნიერება და მულტიმედია ჟურნალისტიკა“ (ხელმძღვანელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მაგდა მემანიშვილი) და „საერთაშორის გამოცდილება საქართველოში მედია განათლებისათვის“ (ხელმძღვანელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი).
აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მედიაგანათლების პროგრამის მიზანია უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის წახალისება. კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტი დაეხმარება ურთიერთობების გაძლიერებას საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც მომავალი თაობის ჟურნალისტებს ამზადებენ.