მაია ტორაძე
გამოვლინდა ორი საუკეთესო სტუდენტი „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2022“–ში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ შენგელია (ფიზიკის მიმართულება) და მარიამ შველიძე (ქიმიის მიმართულება).
„აზიის სამეცნიერო ბანაკი 2022“ ტრადიციული ბანაკია, რომელიც თავს უყრის ნიჭიერ ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან. წელს სამხრეთ კორეას ქალაქ დაეჯეონში მათ სამეცნიერო სიახლეებს გააცნობენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, ახალგაზრდები მოისმენენ ნობელის პრემიის ლაურეატების ლექციებს.
ბანაკში წასასვლელად თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტიდან კონკურსში მონაწილეობისთვის 11-მა სტუდენტმა გამოთქვა სურვილი. კონკურსანტებს მოეთხოვებოდათ მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა). შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩნენ პირველკურსელები: მარიამ შენგელია (ფიზიკის მიმართულება) და მარიამ შველიძე (ქიმიის მიმართულება).
„აზიის სამეცნიერო ბანაკი 2022“ მაღალი დონის სამეცნიერო ბანაკია, სადაც სტუდენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სამეცნიერო მუშაობისთვის. ის ერთი კვირა გრძელდება და, გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ და მოუსმინონ მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებსა და ნობელის პრემიის ლაურეატებს, ისინი ატარებენ პრეზენტაციებს, მართავენ დისკუსიებს საინტერესო თემატიკაზე. ეს ბანაკი საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად, განათლების დონის ასამაღლებლად და თანამედროვე კვლევითი სტანდარტების დასახვეწად“, – თქვა ჩვენთან საუბარში თსუ–ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ტრაპაიძემ.
„აზიის სამეცნიერო ბანაკი 2022“ წელს 24 – 30 ივლისს გაიმართება. თსუ–ის გუნდს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ხომერიკი უხელმძღვანელებს.