ჟურნალი "ქართული წყაროთმცოდნეობა" წელსაც მკითხველს ბევრ საინტერესო სტატიას, ინფორმაციასა თუ რეცენზიას სთავაზობს. ჟურნალის 23-ე ნომერში შენარჩუნდა როგორც ტრადიციული, ასევე – ახალი რუბრიკები: „ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები“; „საერთაშორისო პრეზენტაცია“, „თეორია ისტორიულ კვლევაში და ისტორიოგრაფია“, „წყაროთა თარგმანი და წარდგინება“, „საარქივო მასალების პუბლიკაცია“, „თვალსაზრისი“, „წიგნების მიმოხილვა“, „ქრონიკა“, „ინფორმაცია“, „ინტერვიუ“ და „ხსოვნა“. სულ ბოლოს ჟურნალს ერთვის „გზამკვლევი ავტორთათვის“, სადაც განმარტებულია ჟურნალში სტატიის წარმოდგენისა და გაფორმების წესები.
„ქართული წყაროთმცოდნეობის“ ახალი ნომრის, ზოგადად, მისი მნიშვნელობის, მიზნების და ისტორიის შესახებ ჟურნალის რედკოლეგიის წევრს ისტორიის დოქტორს ზურაბ თარგამაძეს გავესაუბრეთ.
– ბატონო ზურაბ, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო და პროფესიულ წრეებში ჟურნალი „ქართული წყაროთმცოდნეობა“ საკმაოდ ცნობილია, გთხოვთ მოგვიყვეთ მის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც ამ სტატიიდან შეიტყობს პირველად ამ ჟურნალის შესახებ.
– „ქართული წყაროთმცოდნეობა“ 1965 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა. იმ დროს ეს იყო ამ სამეცნიერო ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების კრებული, სადაც უმთავრესად, სწორედ ამ განყოფილების თანამშრომელთა სტატიები იბეჭდებოდა. პირველ ეტაპზე პერიოდული გამოცემის მიზნებიც შესაბამისად შედარებით ვიწრო გახლდათ. ტერმინი „წყაროთმცოდნეობაც“ გაგებული იყო, როგორც ვიწრო, სპეციფიკური კვლევის მნიშვნელობით. გამოცემის განვითარებასთან ერთად გაფართოვდა მისი ავტორთა წრე და თემატიკაც. უკვე 2010 წლიდან კი ის გამოდის, როგორც ფართო პროფილის მქონე სამეცნიერო ჟურნალი. ამ დროიდან მოყოლებული, ჟურნალს რედაქტორობენ პროფესორები გიული ალასანია და მარიამ ჩხარტიშვილი. მათი ხელმძღვანელობის პერიოდში შეიცვალა რედკოლეგია, ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკები. ამის საფუძველი კი, უპირველეს ყოვლისა, შექმნა ჟურნალის რედაქტორების პოლიტიკამ, რომლებიც ტერმინ „წყაროთმცოდნეობის“ ქვეშ უფრო ფართო მნიშვნელობას, კერძოდ, ყველა ტიპის წყაროთა ანალიზს მოიაზრებდნენ.
განახლებული, ამჯერად უკვე ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორების ხედვა გამორჩეულია იმითაც, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ახალგაზრდა თაობისადმი. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ რედკოლეგიის წევრები არიან ახალგაზრდა მკვლევრები, ასევე ისიც, რომ ჟურნალის წლევანდელ ნომერს, პროფესორ გიული ალასანიასთან და მარიამ ჩხარტიშვილთან ერთად, ჰყავს ახალი რედაქტორი, ისტორიის დოქტორი ზურაბ თარგამაძე.
ჟურნალის რედაქციის განსხვავებული მიდგომა ჩანს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალშიც, კერძოდ ჟურნალის გარეკანის დიზაინის შერჩევის საკითხშიც. ჟურნალად გადაკეთების შემდგომ შემუშავდა ყდის ახალი დიზაინი. ის გახდა მუდმივი, იცვლება მხოლოდ გარეკანის ფერები ნომრების მიხედვით. მრავალფეროვანი შინაარსი და მისი ახლებური ვიზუალური მხარე იქცა ჟურნალის ახალ იდენტობად. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ამით ქართულ სამეცნიერო სივრცეში შეიქმნა სამეცნიერო პროდუქტის სრულიად განსხვავებული და გამორჩეული ბრენდი.
ეს ფაქტი, კი, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისევე, როგორც თანამედროვე საზოგადოებისათვის, მედიის მნიშვნელობა განუზომლად დიდია, სამეცნიერო ერთობის წევრებისა და მეცნიერების განვითარებისათვის, ახალი იდეების ურთიერთგაცვლის ფართო და თავისუფალი შესაძლებლობებით, ასევე სამეცნიერო დისკუსიის ხელშეწყობით, ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებით. ჟურნალი მნიშვნელოვანია ასევე სხვადასხვა სახის სამეცნიერო აქტივობების ასახვის, კერძოდ, წიგნების მიმოხილვების, კომენტარების, სამეცნიერო მოვლენების ქრონიკის გაშუქების თვალსაზრისითაც, რაც მოიცავს არა მხოლოდ ისტორიის, არამედ ჰუმანიტარიის პროფილის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას. ჟურნალი „ქართული წყაროთმცოდნეობა“ ერთი მხრივ, ხელს უწყობს, ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას, მეორე მხრივ კი, ის თავადაც არის ამ პროცესის კატალიზატორი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პერიოდულად ჟურნალში სტატიებს აქვეყნებენ როგორც უცხოელი მკვლევრები, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, რაც ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციას. ვფიქრობთ, ჟურნალ „ქართულ წყაროთმცოდნეობას“ დამსახურებულად უკავია სრულიად გამორჩეული სამეცნიერო მედიის როლი ქართულ სამეცნიერო სივრცეში.
– რა არის ჟურნალის მისია და მიზნები?
– ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ უპირველესი მისიაა ქვეყნის მასშტაბით ისტორიული და ზოგადად ჰუმანიტარული პროფილის კვლევების ხელშეწყობა და განვითარება, ქართულ სამეცნიერო სივრცეში საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების შემოტანა და დამკვიდრება. რისთვისაც ჟურნალის რედკოლეგია წლებია არ იშურებს ძალისხმევას, ყველა მიმართულებით ზრუნავს ჟურნალის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ცდილობს, გახადოს ის უფრო ცნობადი სამეცნიერო მედია, უფრო მიმზიდველი, როგორც ავტორებისათვის, ისე მკითხველისათვის.
– რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალი ახალგაზრდებისათვის, რამდენად არიან ჩართული მის მუშაობაში ახალგაზრდები?
– ჟურნალის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა. ახალგაზრდები ჩართული არიან, როგორც ჟურნალის მომზადების პროცესში, ასევე აქტიურად იბეჭდება ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიებიც. უკვე ტრადიციად იქცა ჟურნალის გამოსვლის შემდეგ მისი ფართო აუდიტორიისათვის წარდგინება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. ყოველი ახალი ნომრის გამოსვლის შემდეგ, მისი ბეჭდური ცალები ვრცელდება ბიბლიოთეკებში. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მომზადებისა და გამოცემის პრაქტიკულად ყველა ნაწილში არიან ჩართულნი ახალგაზრდები. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ჟურნალი ქართულ სამეცნიერო სივრცეში ერთდროულად არის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული და ამავე დროს ძალიან ახალგაზრდული ჟურნალი.
– ვინ იყო ჩართული ჟურნალის ახალი ნომრის მომზადების პროცესში?
– ჟურნალის წლევანდელი ნომრის მომზადებაში ჩართული იყვნენ რედაქტორები და რედკოლეგიის წევრები. როგორც ახალი თაობის წარმომადგენლები, ნატო სონღულაშვილი, ისტორიის მაგისტრი სოფიო ქადაგიშვილი. მათ გარდა, რედკოლეგიაში წარმოდგენილია მკვლევართა უფროსი თაობა, დარგის აღიარებული სპეციალისტები გონელი არახამია, ეკა კვაჭანტირაძე, ქეთევან ქუთათელიძე, დავით მერკვილაძე, გიორგი ჭეიშვილი. ჟურნალი, როგორც აღვნიშნეთ, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (დირექტორი გიორგი ჭეიშვილი) გამოცემას წარმოადგენს. ამ ინსტიტუტშია რედაქციის ოფისი, ეს ინსტიტუტი ფარავს მისი გამოცემის ხარჯებსაც.
– როგორია „ქართული წყაროთმცოდნეობის“ 2021 წლის გამოშვება ანუ ტომი # 23?
– „ქართული წყაროთმცოდნეობის“ წლევანდელი, 2021 წლის ნომერიც ტრადიციულად მოცულობითი გამოვიდა. ის შედგება A4 ფორმატის 380 გვერდისაგან. ამის აღნიშვნა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ვინაიდან აქედანაც კარგად ჩანს, რამდენად ფართო მასშტაბის გამოცემასთან გვაქვს საქმე. მასში მთლიანობაში დაბეჭდილია ათეულობით სხვადასხვა პროფილის სტატია. ჟურნალი იხსნება რედაქტორების გიული ალასანიას, მარიამ ჩხარტიშვილისა და ზურაბ თარგამაძის მიმართვით. მას მოსდევს მილოცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებისადმი. 23-ე ნომერშიც არის როგორც ტრადიციული, ასევე ახალი რუბრიკები: „ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები“; „საერთაშორისო პრეზენტაცია“, „თეორია ისტორიულ კვლევაში და ისტორიოგრაფია“, „წყაროთა თარგმანი და წარდგინება“, „საარქივო მასალების პუბლიკაცია“, „თვალსაზრისი“, „წიგნების მიმოხილვა“, „ქრონიკა“, „ინფორმაცია“, „ინტერვიუ“ და „ხსოვნა“. სულ ბოლოს ჟურნალს ერთვის „გზამკვლევი ავტორთათვის“, სადაც განმარტებული ჟურნალში სტატიის წარმოდგენისა და გაფორმების წესები.
ჟურნალის 23-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებში დასმული პრობლემატიკა არის მრავალფეროვანი. ავტორები არიან პროფესიონალები: ისტორიკოსები, წყაროთმცოდნეები, ეთნოლოგები, ფილოლოგები. ისინი წარმოადგენენ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
– რა იგეგმება სამომავლოდ და როდის დაიწყება ახალ ნომერზე მუშაობა?
– რედკოლეგია მუდმივად მუშაობს ჟურნალში სიახლეების დანერგვისათვის, ასევე მისი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. ჟურნალი „ქართული წყაროთმცოდნეობა“ აკმაყოფილებს პრაქტიკულად ყველა სტანდარტს, რაც არის დაწესებული საერთაშორისო ბაზებში მოსახვედრად. ინტერნაციონალიზაციის კუთხით, უკვე აღვნიშნეთ, რომ ჟურნალი აქტიურად თანამშრომლობს როგორც უცხოელ, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან. ამ მხრივ არც წლევანდელი ნომერია გამონაკლისი. ჟურნალში დაბეჭდილ უკლებლივ ყველა სტატიას აქვს ინგლისურენოვანი რეზიუმე, სტატიები იბეჭდება ინგლისურადაც.
ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ თბილისში არსებულ სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან, არამედ რეგიონებში არსებულ წარმატებულ კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებთანაც. წელსაც ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვიცვათ ჩვენი ქვეყნის რეგიონები და არა მხოლოდ.
მუდმივად ვმუშაობთ სამეცნიერო სტანდარტებისა და ხარისხის შენარჩუნების თვალსაზრისითაც, ახალ ნომრებშიც, როგორც აქამდე, სტატიები გაივლიან, როგორც ტექნიკური ხასიათის შემოწმებას, ასევე რეცენზირების შრომატევად პროცესს.
რაც შეეხება კონკრეტულად 2022 წლის ნომერს, უკვე დაწყებული გვაქვს ახალი ნომრისათვის სტატიების მიღება. ყოველწლიურად მაისის თვემდე მიღებული სტატიები გამოქვეყნდება ამავე წელს, ხოლო დაგვიანებით გადმოგზავნილები – მომდევნო ნომერში.
მოამზადა მაია ტორაძემ