რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული 86 პროექტიდან 35 პროექტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა მიერ წარდგენილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა დაფინანსებული პროექტების რაოდენობა საერთო რაოდენობის 40 %-ია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია და განაპირობებს ახალგაზრდა მეცნიერთა სამკვლევრო საქმიანობის ხარისხის ზრდასა და წარმატებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი გაორმაგდა, რის შედეგადაც მეტ დოქტორანტს, მეცნიერებით დაინტერესებულ ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცა საშუალება, გააგრძელოს სამეცნიერო საქმიანობა, გააუმჯობესოს სამეცნიერო კვლევის ხარისხი. თავდაპირველად, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა 400 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო განხორციელებული ცვლილების შედეგად, კონკურსის ბიუჯეტმა 850 000 ლარი შეადგინა.
სულ 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირდა 223 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, შეფასების ეტაპზე გადავიდა 203 პროექტი. პროექტები შეფასდა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
გამარჯვებული პროექტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან:
- მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გავლენა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული უმცირესობის ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის პროცესზე;
- მეტყველების განვითარების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური და ნეოლინგვისტური ანალიზი;
- ლინგვისტური კვლევების პრობლემური საკითხები ქართველურ ენათა ანდაზებში;
- ადრებრინჯაოს ხანის კულტურული გარემო სამცხის მთიანეთში: დაზვერვები ადიგენის მუნიციპალიტეტში;
- საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები 1918–1921 წლებში;
- ოროზმანი, ახალი ადრეპლეისტოცენური არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში;
- სახელებისა და ზმნების ომონიმური მოდელები;
- ატმოსფერული მიუონების და ნეიტრინოების აღდგენა თანამედროვე კომპიუტერული მეთოდების საშუალებით KM3NeT ექსპერიმენტში;
- მყარი ორგანული პოლიმერული ნარჩენებისგან ალტერნატიული სორბენტების მიღების უნარჩენო პროცესის შემუშავება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიზნით;
- სოფლის მეურნეობაში ინოვაციების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი მეოთხე ინდურსტიული რევოლუციის ფონზე და მისი განხორციელების შესაძლებლობები საქართველოში;
- ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს მაგალითზე;
- ჰომეროსის „ოდისეას“ ინტერპრეტაციისთვის თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში;
- მონაწილეობითი დაგეგმარებისა და სივრცის ფორმირების გამოწვევები საქართველოს ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი);
- ბილინგვური განათლების სუბმერსიული პროგრამის განხორციელების ეფექტურობა საქართველოს საჯარო სკოლებში;
- საქართველოში, საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში, ელექტრონული მექანიზმების გამოყენების ინტენსივობა და ეფექტურობა (შედარებითი ანალიზი);
- თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ზეგავლენა მოწევის გავრცელებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასა და ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილებაზე საქართველოში;
- „ვეფხისტყაოსნის“ რეცეფცია შუასაუკუნეებიდან პოსტმოდერნიზმამდე;
- მიწათსარგებლობის ცვლილება თბილისში – სივრცე-დროითი ანალიზი და ციფრული კარტოგრაფირება;
- ქალის სტატუსი საბჭოთა კავშირში (1936–1953);
- შრომით მიგრანტთა სამოქალაქო და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი ასპექტები საქართველოში;
- გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე – კუმულაციური ზემოქმედება, ეკოლოგიური ხარჯი;
- ექსისტენციალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობა და მისი რეფლექსია ქართულ მწერლობაში (ო.ჭილაძე, ჯ. ქარჩხაძე, გ.ჩოხელი);
- გუჯარეთი-ხაჩკოვის მადნიანი ველის პეტროლოგია და გამადნების ლოკალიზაციის ფაქტორები;
- ლითიური Yersinia enterocolitica-ს ფაგის ტოქსიკური ცილების კვლევა, როგორც ახალი ანტიბიოტიკის სამიზნე მოლეკულების აღმოჩენის ინოვაციური სტრატეგია;
- სახელმწიფო ვალის მდგრადობის გავლენა მაკროეკონომიკურ გარემოზე – საქართველოს მაგალითზე;
- ცელულოზაშემცველი ნარჩენებიდან მიღებული ადსორბენტები წყლის გასაწმენდად;
- დეონტური მოდალური სემანტიკა და მისი გამოხატვის ენობრივი საშუალებები ძველ ქართულ ენაში;
- მეტყველების ფსიქოლინგვისტური ასპექტები და ქართულენოვან ბავშვთა მეტყველების სისტემური თავისებურებების კვლევა;
- საქართველოს მუნიციპალიტეტების სტრატეგიული მენეჯმენტის თავისებურებები საინვესტიციო გარემოს საკითხებში;
- ევროპული ნატურალიზმის გავლენა მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ნოველისტიკაზე;
- B.fragilis — მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგის იმუნოგენობისა და ანტიბაქტერიული თვისებების შესწავლა უჯრედულ კულტურებზე;
- მთის წმ.გიორგის მონასტერი (ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა);
- XI-XIII საუკუნეებში ომის პროვიდენციალური აღქმა ქართველ და ჯვაროსან ისტორიკოსებთან;
- გენეტიკური მუტაციებისა და სიმსივნესთან ასოცირებული მაკროფაგების როლის შესწავლა კოლორექტური კიბოს მეტასტაზების განვითარებაში;
- ჰელიკობაქტერიების როლი ნაღვლის გზების პათოლოგიების განვითარებაში: ნაღვლის ბუშტის ჰისტოპათოლოგიური და ციტო-და ქემოკინების ცვლილებების ანალიზი ჰელიკობაქტერიებით ინფიცირებისას და მის გარეშე.
მოამზადა მაია ტორაძემ