მღერის, წერს ან არჩევს თავისი სოფლის პეიზაჟის ლამაზ კადრებს... — ჩვენ მოგიყვებით მეტსახელად „პოეზიაში მოხეტიალე“ 19 წლის სოფიო ქურასბედიანზე, რომელიც სვანეთში, სოფელ ნანარში ცხოვრობს და თავისი სოფელი ქვეყანას ურჩევნია. გული წყდება, რომ ადგილობრივი მკვიდრისგან ნელ-ნელა იცლება ნანარი... თბილისში გაქცეულებს მაღალი ფერდობის წვეროდან იმიტომ არ უქნევს დასამშვიდობებლად ხელს, რომ თვლის — „ქალაქში კარგი განათლება უნდა მიიღო, მაგრამ მერე შენს სახლს უნდა დაუბრუნდე და სადაც, წესით, ყველაზე ბედნიერი ხარ, იქ უნდა მონახო შენი საქმე“. რაღაც უცნაურად ჟღერს (არა?) თანამედროვე, 19 წლის პატარა გოგოსგან პატარა სოფლისადმი ასეთი ერთგულება ინტერნეტიზაციის ეპოქაში...
განათლებას ქალაქში იღებს — ახლობლების რჩევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და დღემდე ბრაზობს საკუთარ თავზე, რომ გრანტის მოპოვება ვერ შეძლო. „უნივერსიტეტმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მასწავლა, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდება ცხოვრებისეულ სვლებს და რომ თითოეული სწორი ნაბიჯის გასაღები განათლებაშია. მომცა ცოდნა და სხვა თვალით დამანახა სამყარო, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა — ეს განათლებული საზოგადოების სამყაროა“, — მპასუხობს სოფო ჩემს შეკითხვაზე, რომელიც თავის კუთხურობას იმითაც უსვამს ხაზს, რომ მტკიცეა უნივერსიტეტისადმი ერთგულებაშიც. „მაღიზიანებს ნეგატიური და, ამავდროულად, სარკაზმული დამოკიდებულება, რასაც ზოგჯერ უნივერსიტეტის მიმართ ამჟღავნებენ. ხშირად მათი არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. ადამიანები, რომელთაც ეს ჩვევა ახასიათებთ, ჩემთვის ყოველგვარ თვითშეგნებას მოკლებულნი არიან“, — ამბობს სოფო. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ინტერნეტთან წვდომა უჭირს, სწავლის პროცესში მაინც აქტიურად ჩაერთო. თავიდან ტექნიკური ხარვეზების გამო გაუჭირდა დისტანციური ურთიერთობები საყვარელ ლექტორებთან, მაგრამ, როგორც ამბობს, სოციალური ქსელის მეშვეობით თვალს ადევნებდა უნივერსიტეტის მიერ განთავსებულ სიახლეებს, მითითებებს და ამის შედეგად სირთულეც გადალახა. სოფო ქურასბედიანი თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობს და არ გამორიცხავს, რომ მასწავლებლობა მოუნდეს.
სოფოს დღევანდელი მოცემულობა, რაც პანდემიას უკავშირდება, ძალიან აღელვებს. „თუმცა მთების კალთებში გაბნეული თავისუფლების სურნელი საოცარი იმედით მავსებს“, — მწერს პირად მიმოწერაში პატარა სვანი გოგო, რომელსაც „პოეზიაში მოხეტიალე“ ტყუილად როდი შეარქვა მეგობარმა. ის ხომ ლექსებსაც წერს, რომელსაც მეც მიზიარებს და მეუბნება, რომ წერა და განსაკუთრებით ძველი სვანური ნანას სიმღერა სიხარულს ანიჭებს და ამატებს: „მინდა, სოფელში ფოლკლორი გავაღვივო. არსად ისეთი ბედნიერი არ ვარ, როგორც საკუთარ სოფელში. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სახლში არიან ვირუსის გამო გამოკეტილები, მინდა ვუთხრა — გაატარეთ მეტი დრო ოჯახის წევრებთან, მაშინაც კი, როდესაც ეს ვირუსი ჩაივლის. არ მოსწყდეთ არასდროს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს! იბრძოლეთ, თუნდაც ამ ბრძოლას თან ახლდეს მრავალი დაბრკოლება. არავის და არაფრის გამო თქვათ უარი წარმატებულ მომავალზე, რომელსაც მხოლოდ ცოდნით თუ შექმნით. თანაც გულში ადამიანების სიყვარული უნდა გქონდეს, ისე არაფერი გამოვა. სიძულვილით შეპყრობილს ნაკლებად გაგიმართლებს. მოკლედ, გჯეროდეთ უკეთესი დღის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების“, — ასეთია სოფოს გზავნილი სვანეთიდან, რასაც მხოლოდ შეფასებითი კომენტარი შეგიძლია დაურთო — მე არ ვიცი ამ სტატიის შექმნისას როგორ გამოიყურება სოფო, მაგრამ ის ვიცი, რომ სილამაზე არსად არ ქრება... ის მოდის ძველი დროიდან დღემდე და ამ პატარა გოგონაში გამოუხეთქავს პატარა, „მისეულ სიბრძნედ“. როგორც ჩანს, სოფო აქტიურია, როგორც მოქალაქე, როგორც საზოგადოების წევრი, რადგან სოციალურ ქსელში გააქტუალურებულ ბევრ, მისთვის საინტერესო თემას ეხმაურება: „დღეს ძალიან აქტუალური გახდა მსჯელობა ამ საკითხზე და მინდა შევეხო: ვფიქრობ, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც უნდა იზრუნოს ხალხის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. უკეთესი იქნებოდა, ამ პერიოდში ხალხს თავი შეეკავებინა ტაძრებში წასვლისგან, რადგან ამით თავიდან ავიცილებთ ეპიდემიურ აფეთქებას. ზოგიერთი, სამწუხაროდ, ცუდად აღიქვამს ამ ყოველივეს და მიიჩნევს, რომ ეს აკრძალვა რწმენას უპირისპირდება. თუ გულით ვიწამებთ და ვილოცებთ, უფალთან ყოველთვის მივა ეს ლოცვა. ვისურვებდი, ყველა სასულიერო პირმა, მოქალაქემ და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ვირუსის შეჩერებას, რაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის წყალობითაა შესაძლებელი“, — წერს სოფო ფეისბუქში, რასაც აქტიურად იყენებს. სიმღერასთან ერთად სოფო გალობს კიდეც და ის ხმა, რომელიც გალობისას ყურში ესმის, ხშირად უშლის ფიქრის საღერღელს, რაც შემდეგ ლექსებსაც აწერინებს ხოლმე...
სოფელს სოფოსგან
ახლა ჩემს სოფელში, ნანატრ შარაგზებზე,/ისმის საგალობლის ხმები./
ნისლის მეგზურებიც, ალბათ, ჩანან მთებზე,/გლეხი თივას ზიდავს მხრებით./
მსუყე შემოდგომის ჩვეულ სიყვითლეში,/ბალახს აძოვებენ ნახირს,/
ლექსებს კითხულობენ ყრმები სიფხიზლეში,/უკან მიჰყვებიან მარხილს./
ახლა, ჩემს სოფელში ნაზი ოხშივარი/საგზლად აეკიდა ტორებს,/
მაღლით ეკლესია, მშვიდად მომზირალი,/ცაზე შარავანდედს ტოვებს./
ფერად ჩუქურთმებით მორთულ აივნისკენ გეზი აუღიათ მტევნებს,/
ასეთ სიმწიფეში გზები დაივიწყეს,/შვება აგრძნობინეს ტევრებს./
ახლა, ჩემს სოფელში მთვარეც დაიბადა,/ მზისგან მოიპარა სხივი,/
რძისფერ გალაქტიკის ზურგზე გაიფანტა,/გვერდი აუარა ტკივილს./
გული მაგრძნობინებს — სევდა მოვარდება,/ქუჩის გასაყართან ვდგავარ,/
უკვე მომეჩვია სოფლის მონატრება,/ვყვები ბავშვობიდან ზღაპარს.
სტატია მოამზადა ნინო კაკულიამ