„მივისწრაფოდით გლობალიზაციისკენ და აგერ თავს დაგვატყდა ასეთი გლობალური გაჭირვება“ — ამბობს პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომელიც თვლის, რომ კაცობრიობას მისი არსებობის მანძილზე ასეთი შოკისმომგვრელი საშიშროება არ განუცდია. ბაირონოლოგს და გალაკტიონოლოგს ახალ გამოწვევაზე თავისებურად ნააზრევი პასუხები აქვს... რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ და გალაკტიონის შემოქმედებაში ინესა მერაბიშვილის მიერ მოძიებული სქემები — როგორ გადავრჩეთ ქართველები და გადავარჩინოთ დედამიწა, რომელსაც, გარკვეულწილად, ტკივილი მივაყენეთ, ეხმაურება პასუხისმგებლობის და სოლიდარობის თემებსაც. სწორედ ამდენადაა საგულისხმო — სახლში დარჩენილ გალაკტიონის პოეტური თარგმანების დისოსტატს როგორ ესახება გამკლავება ახალ გამოცდასთან.
გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი ინესა მერაბიშვილი
- დღევანდელმა ვითარებამ საქართველოში განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა ის, რომ ჩვენ სოლიდარობის გამომხატველი ერი ვართ და როგორც ვუყურებთ, ყოველ მოქალაქეში პასუხისმგებლობა ძალიან კარგად არის გაცნობიერებული. მე პირადად რაც შემეხება, ვარ სახლში და ვცდილობ, მითითებისამებრ, მინიმალურად გავიდე სახლიდან — ამით უნდა გადავარჩინოთ ჩვენ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ საერთოდ სამყარო, რადგან კაცობრიობას მისი არსებობის მანძილზე ასეთი შოკისმომგვრელი საშიშროება არ განუცდია. აი, რომ მივისწრაფოდით გლობალიზაციისკენ და აგერ თავს დაგვატყდა ასეთი გლობალური გაჭირვება, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანას გადაედება, რის დაძლევასაც, რასაკვირველია, მზაობა და დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება.
უნივერსტეტი გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. მე უკვე გავაგზავნე თითქმის მთელი სემესტრის საკითხავი მასალა, ასევე ჩემი ვიდეო-ლექციები. ბაირონის სკოლაში, რომელიც 25 წელია ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშაა, ვცდილობთ, არ შევწყვიტოთ სწავლება და სკოლა ონლან რეჟიმზე გადავიყვანეთ. ეს ყოველივე როგორც კი მოვაწესრიგე, საკუთარი ბიბლიოთეკით შემოვიფარგლე და ჩემს აკადემიურ საქმიანობას შევუდექი. პირველი წიგნი, რომელიც ხელში ავიღე, გახლდათ „ვეფხისტყაოსანი“. ამ დროს, დამეთანხმებით, მისტიკა გაძლიერებულია და ტექსტის სწორედ იმ მონაკვეთს ჩავავლე თვალი, რომელმაც პასუხი მომცა დღევანდელ მდგომარეობაზე. როდესაც ავთანდილი უცხო მოყმის მოსაძებნად მიეშურება, თინათინს შემდეგი სიტყვებით ემშვიდობება: „ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი, მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი“. მე მგონი, ამით ყველას მოგვცა ნიშანი და, პირველყოვლისა, მე, რომელიც, ძირითადად, შინ ვარ და ვარ მარტო, ვცდილობ არ გავიდე გარეთ, რომ რამე ფათერაკს არ გადავეყარო. მარტოობა და დღეს შინ ყოფნა, დიდი პოეტის არ იყოს, ვერაფერს დაგვაკლებს, თუ ჩვენი რწმენა ძლიერია, რადგან ცისა ძალთა დასი აუცილებლად დაგვიცავს. ეს ჩემი მიგნება ჯერ შვილებს დავუგზავნე, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და შემდეგ ფეისბუქზეც ავტვირთე შოთას სავარაუდო პორტრეტით. ძალიან ბევრი გამომეხმაურა და მგონია, რომ ასეთი რამის ურთიერთგაზიარება გაგვამაგრებს — ესეც სოლიდარობაა.
მინდა გითხრათ, რომ საქართველო საკმაოდ მოწესრიგებული შეხვდა ვირუსს მოსახლეობის შეგნების თვალსაზრისით და თავად ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედუნარიანობის თვალსაზრისით. ჯერ ვერც კი გინატრია იმაზე — რა იქნება ვირუსთან საბრძოლველად სწორი ფორმა თუ სტრატეგია და მთავრობას ეს უკვე გაკეთებული აქვს. ასე რომ, მე, პირადად, საქართველომ ძალიან დამაიმედებელი სურათი შემომთავაზა და არც მეპარებოდა ეჭვი, რომ ასე იქნებოდა. გამონაკლისები არის — ზოგი შოკშია, ზოგი დაბნეულია და ამიტომ არის საჭირო კომენდანტის საათი, კარანტინი. ჩვენი პასუხისმგებლობა არა მარტო დღევანდელობას და ამ სოციუმს ეხება, არამედ ჩვენი ვალია მომავალი თაობისადმი დიდი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაც. განათლების სისტემა მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადაერთო, დაიწყეს სასწავლო ტელეგადაცემები. რა არის ეს, თუ არა ზრუნვა მომავალზე, ხომ? ის, რომ შენ ჩაიკეტები, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ხომ არ უფრთხილდები? შენ არ უნდა იყო ვირუსის გამავრცელებელი. ახალგაზრდობაა გადასარჩენი! მიხარია და აღსანიშნი ფაქტია, რომ მსოფლიომ შეაფასა საქართველოს დამოკიდებულება ამ ვითარებაში და შედეგები. მთავრობის გვერდით გამორჩეულად აღსანიშნავია სამედიცინო სფერო, რადგან მათ გარეშე ერი და ბერი ვერაფერს გახდება. მინდა, მადლობა ვუთხრა მედიკოსების დიდ გუნდს, მაგრამ, თქვენის ნებართვით გამოვარჩევ სამეულს — ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, რადგან ვიცნობ მათ და დიდი ხანია თვალს ვადევნებ მათ საქმიანობას. ვიცნობ, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ სამივე ჩემი თაობის წარმომადგენელია, იმ თაობისა, რომელსაც ცოტა ხნის წინ უთხრეს — განზე გადექით და გზა ახალგაზრდებს დაუთმეთო. მე ვიცი, რომ ამ სამეულმა მრავალი ბრძოლა და პერიპეტია გადაიტანა. მე და ჩემმა კოლეგებმა ეს უნივერსიტეტის მაგალითზე გამოვცადეთ. საბედნიეროდ, ამ გამორჩეულმა მედიკოსებმა არ დათმეს საკუთარი პროფესიონალიზმი, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და ის სამომავლოდ გადაარჩინეს საკუთარ თავში. აი, აქ კიდევ დამატებით იკვეთება პასუხისმგებლობის საკითხი: საზოგადოების წევრს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ამ საზოგადოების და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წინაშე, არამედ საკუთარი თავის წინაშე (ამ უკანასკნელში პროფესიონალიზმსა და დაგროვილ ცოდნას ვგულისხმობ). თუ ღმერთმა ნიჭი მოგამადლა და ვითარებამ შენ პროფესიონალად ჩამოგაყალიბა, ვალდებული ხარ — ეს ყოველივე სამყაროს სიკეთით დაუბრუნო და ისე გადასცე მომავალ თაობას. დღეს ჩვენმა მედიკოსებმა ეს პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულეს. ამ მოვლენას, ცოტა არ იყოს, იუმორიც დაამშვენებდა: ეს ხომ ის თაობაა, რომელსაც დღეს აფრთხილებენ — ასაკობრივი რისკის გამო შინიდან გარეთ ნუ გამოხვალთო. არა მხოლოდ შინიდან გარეთ გამოდიან, არამედ თავდადებით იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე. მინდა, ახალგაზრდა თაობას ვუთხრა, რომ თაობათა ცვლა კი არა, თაობათა კავშირი გვჭირდება.
მეოცე საუკუნის ბოლოს დავწერე წიგნი ბაირონზე და პოეზიაზე, რასაც შესავალი დავურთე. დღევანდელმა დგომარეობამ გამახსენა, რომ ასეთი რამ დამიწერია: „თუ ასაფეთქებლად ყალყზე შემდგარ დედამიწას გადარჩენა უწერია, მომავალში ის აუცილებლად დააფასებს ამ განსაკუთრებულ ღირებულებებს — ამაღლებულს, ზნეობრივს და ასე შემდეგ’’. მხოლოდ იმ წიგნის დაწერის დროს კი არა, ყოველთვის მქონდა ეს განცდა. ძალიან გათამამდა ადამიანი და ჩვენს დედამიწას ვერ მოვუფრთხილდით. დედამიწა ქართველისთვის დედაა, განსხვავებით სხვა ენებისგან (არა მარტო დედა სამშობლო გვაქვს, არამედ ჩვენია დედა მიწაც). მან ჩვენ თითი დაგვიქნია და როცა შევძლებთ, პირველ რიგში, დედა მიწის და მერე ჩვენი თავის გადარჩენას, შემდეგ, ალბათ, ეს ძალიან მაღალი ღირებულებები უნდა დავაფასოთ. მაშინ ამ მოახლოებულ საშიშროებაზე, ალბათ, ასე არ ვფიქრობდი, როდესაც გალაკტიონზე ლექციებს ვკითხულობდი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. მე არ შემეძლო ჩემი სათქმელი არ მეთქვა სამყაროსთვის და, პირველ ყოვლისა, ინგლისურენოვანი წრეებისათვის. გალაკტიონი შევადარე მსოფლიო მოაზროვნეებს და მათ დამოკიდებულებას. მათ შეიძლება არ იციან — ვინ არის გალაკტიონი, მაგრამ კარგად იცნობენ მეოცე საუკუნის გენიოსებს, როგორიცაა, მაგალითად, პოეზიაში ინგლისელ-ამერიკელი პოეტი — დიდი ელიოტი, სალვადორ დალი ხელოვნებაში, იგივე პიკასო... მათ იმ ჰარმონიის შექმნა ვერ შეძლეს, რომელიც შექმნა გალაკტიონმა პატარა საქართველოში თავისი შემოქმედებით, რაც დგას ზნეობაზე, სიკეთეზე, რწმენაზე, კეთილშობილებაზე, სიყვარულზე და აუცილებლად მშვიდობაზე. გალაკტიონი ამბობს: „ყველაფერი შეიძლება მოხდეს... მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს, არა, ეს არ შეიძლება მოხდეს!“ ამ დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ფუტურიზმი ომს ქადაგებდა, რათა ამით „გაეწმინდათ“ კაცობრიობა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ დადაიზმი, რომელიც საფუძვლად დაედო სიურეალიზმსა და მრავალ სხვა მიმართულებას ხელოვნებაში, ყველაზე სნეულ ფილოსოფიად გამოცხადდა. ამიტომაც იტყვის ტომას ელიოტი, ჩვენ გამოშიგნული ადამიანები ვართო. სალვადორ დალიმ შექმნა არაჩვეულებრივი მედიტაციური წითელი ვარდი სილაჟვარდის ფონზე რამდენიმე ათეული წლის დაგვიანებით გალაკტიონიდან, რომელმაც „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ ჯერ კიდევ 1917 წელს გამოაქვეყნა. მიუხედავად სალვადორ დალის გენიალობისა, მან მრავალ ტილოზე გამოშიგნა ადამიანი და ისე მიაწოდა კაცობრიობას, თან თქვა — ესთეტიკა მე არ მჭირდებაო, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია გალაკტიონის შემოქმედებაში. პიკასომ თავისი მშვენიერი კუბებით დაანგრია ადამიანის სახე (ისიც მიმდევარი იყო ახალი თეორიების), ამ დროს კი გალაკტიონის მიერ შექმნილი სამყარო არის მხოლოდ ჰარმონია და ამას გალაკტიონი შემთხვევით აკეთებს? არა! იგი მიზანდასახულია და იცის, რომ მან საქართველოდან უნდა გადაარჩინოს სამყარო. როგორც მოგეხსენებათ, მე გალაკტიონის რჩეული ლექსები ვთარგმნე ინგლისურ ენაზე, რაც ორჯერ გამოიცა ლონდონში. ორჯერვე წიგნის წარდგენა ლონდონში შედგა ბრიტანული აკადემიური და დიპლომატიური წრეების მონაწილეობით. სწორედ მათი მონდომებითა და ძალისხმევით გალაკტიონის პოეზიის გაცნობა და მასზე საუბარი ევროპის საბჭოში გავაგრძელე. ჩემი მიზანი იყო, გალაკტიონი სწორად მიმეწოდებინა ევროპული საზოგადოებისათვის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამებედა და მეთქვა მათთვის, რომ გალაკტიონი ერთადერთი გამორჩეული მოაზროვნეა მეოცე საუკუნისა, რომელიც არ დაემორჩილა ეპოქის კატაკლიზმებს და საკუთარი პოეზიით ჰარმონიული სამყარო გადაგვირჩინა. უფრო მეტიც, მას სწამს, რომ ეს სამყარო გადაარჩენს მსოფლიოს. აი, რას ვკითხულობთ მის ერთ-ერთ ლექსში: „ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი/მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,/რომ გამომევლო ჯერარსმენილი/ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა/და მომეტანა საქართველოში/სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!“ მას საქართველოში მოაქვს საიმედო სიმღერა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს გადასარჩენად.
შევინარჩუნოთ კაცთმოყვარეობა, არ დავკარგოთ მოწყალებისა და სიყვარულის უნარი, ვაღიაროთ ნიჭი და მშვენიერება და, მითუმეტეს, როდესაც წინ მიგვიძღვის რწმენა, აუცილებლად გადავრჩებით. მაგრამ გადავრჩებით, თუკი ბევრად უკეთ გავუფრთხილდებით და დავაფასებთ ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს და თავად დედამიწას.
ესაუბრა ნინო კაკულია