ნატო ობოლაძე
თსუ მედიცინის ფაკულტეტის დელეგაციამ ბრატისლავაში სამუშაო შეხვედრები გამართა. ვიზიტი ფაკულტეტზე მიმდინარე ერასმუს + პროექტის — „სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ მეცნიერებებში“ — ფარგლებში დაიგეგმა. შეხვედრის მიზანი სლოვაკეთის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფილის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების გამოცდილების გაზიარება იყო. მხარეებმა განიხილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის სტრუქტურა, სასწავლო და კვლევითი კომპონენტის თავისებურებები, კვლევითი პროფილი და ჩატარებული კვლევითი პროექტების პრაქტიკული მნიშვნელობა, ასევე, იმსჯელეს დოკუმენტის — „DPPHSS Milestones and Deliverables’’ — საკვანძო საკითხების შესახებ, რომელშიც თითოეული ინსტიტუციის მიერ 2019-2021 წლებში განხორციელებული აქტივობებია ასახული.
„სამუშაო შეხვედრაზე გავეცანით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის ევროპულ გამოცდილებას, რაც თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის განვითარების სამიზნე ნიშნულების შეფასებისას მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ასევე განვიხილეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის გამოცდილებაც. პროექტის მიმდინარეობის პროცესში თსუ-ის სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და განახლებულმა პროგრამამ 2020 წელს პროგრამული აკრედიტაცია ყველა სტანდარტში სრული შესაბამისობით მოიპოვა. შეხვედრების მიზანს სწორედ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და მათ საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესება და სრულყოფა წარმოადგენდა.
სამუშაო პროცესში სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის ორთვიანი კვლევითი პრაქტიკის საორგანიზაციო და შინაარსობრივი საკითხებიც დაზუსტდა, რის შედეგადაც სადოქტორო პროგრამის — „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’ სტუდენტი თამარ ნაროუშვილი კვლევით პრაქტიკას რუმინეთის ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში გაივლის“, — განაცხადა პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ.
ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია, პროექტის კოორდინატორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე, სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ ხელმძღვანელი, პროფესორი პაატა იმნაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური 23-26 მარტს იმყოფებოდნენ. მხარეებმა 2022 წელს დაგეგმილი აქტივობებიც განიხილეს.