ნატო ობოლაძე
ბარბარე დონჯაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეა. 8 წლის მესამე კლასელი, რომელიც თანდათან ერკვევა ბავშვთა უფლებებში, დაინტერესებულია ჭადრაკით, მათემატიკით, ხატვით, განსაკუთრებით კი — იგავ-არაკებით. უყვარს საბავშვო ლიტერატურის კითხვა და გაწევრიანებულია ლიტერატურულ წრეში, სადაც პატარები ერთმანეთს წაიკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებებს უზიარებენ. მანამდე კი, სანამ გაიგებდა — ზუსტად რა მოსწონდა და რატომ, ბარბარემ კარატეზე, ბალეტზეც „შეიარა“, თუმცა რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ მიხვდა, რომ მისი ინტერესების სფერო უფრო მეტად ლიტერატურას, მათემატიკას, ჭადრაკსა და ხატვას მოიცავდა.
ბარბარეს თსუ-ის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში დედასთან — ფილოლოგიის დოქტორთან, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთან ნინო პოპიაშვილთან ერთად შევხვდით. „ეს ყველაზე დიდი და ლამაზი ბიბლიოთეკაა, რომელიც კი მინახავს“ — გაგვიზიარა პირველი შთაბეჭდილებები ბარბარემ, დაინტერესდა ბიბლიოთეკაში განთავსებული სამუზეუმო ექსპონატებით და შემდეგ ხანგრძლივად ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებებზე, ჭადრაკის ხიბლზე, პანდემიაზე, მეგობრობაზე და ხატვაზე...
სხვათაშორის, ამავე დღეს ბარბარეს ნახატები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „საზაფხულო გამოფენაზე“ გამოიფინა.
„გამოფენისთვის ყვავილები დავხატე, რადგან ყვავილები ყველაზე კარგია. მეგობრობაზე გადაჯაჭვული ხეები დავხატე. ნივთების დახატვა მომწონს, პორტრეტებისაც, უცხო ადამიანებსაც ვხატავ, დედასაც, რამდენჯერმე მამა დავხატე, რადგან დავპირდი. რაღაც ცდას ვაკეთებდი და არ გამომივიდა, ამიტომ შავ ქაღალდზე დავხატე და განსხვავებული ფერების კონტრასტი გამოვიდა“, — გვიყვება ბარბარე.
ბარბარე ხატავს ყველაფერს, რაც აინტერესებს — ადამიანებს, ვინც უყვარს და ა.შ. მაგალითად, პადემიის დროს, როდესაც კლასელებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა, მეგობრებმა გამოსავალი იპოვეს — ერთმანეთს ხატავდნენ და ნახატებს ერთმანეთს სამახსოვროდ ჩუქნიდნენ.
საუბრისას ასევე გაირკვა, რომ არასასკოლო აქტივობების არჩევისას ბარბარე მშობლებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას.
„ალბათ, ყველა მშობელს აქვს სურვილი, რომ თავისი შვილის ინტერესები გამოავლინოს და მერე თანმიმდევრულად მიყვეს. არც მე ვარ გამონაკლისი, მიხარია, რომ სკოლა სხვადასხვა წრის ნახვისა და შეფასების საშუალებას გვაძლევს. ჭადრაკში გარკვეული წარმატებები ჰქონდა. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თუმცა ძალიან კარგი პედაგოგი ჰყავდა, საერთაშორისო მსაჯი, რომელმაც მითხრა, რომ ონლაინ რესურსები ამოვწურეთ და საჭიროა ახალ, დასწრებულ ეტაპზე გადასვლა, რასაც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში“, — ამბობს ნინო პოპიაშვილი.
ჭადრაკი გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბარბარე მათემატიკას ქართულ ენასა და ლიტერატურასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს. ამბობს, რომ მათემატიკა საინტერესოა და ჭადრაკის კარგად თამაშში ეხმარება. თუმცა, ჭადრაკს მხოლოდ ამ კონტექსტში არ განიხილავს.
„ჭადრაკი რომ ისწავლო, მათემატიკა უნდა იცოდე. ძალიან რთული თამაში არ არის, თუ კარგად გაიგებ. ჭადრაკი ომზეა, ერთმანეთს ებრძვიან თეთრკანიანები და შავკანიანები. შავკანიანები უსამართლობად თვლიან, რომ კანის ფერის გამო ებრძვიან თეთრკანიანები. ჭადრაკზე შეიძლება ბევრი რამ ახალი ისწავლო და სხვებს შეებრძოლო“, — ამბობს ბარბარე.
„ბარბარეს ინტერპრეტაციამ მეც დამაფიქრა, — დასძინა ნინო პოპიაშვილმა — როგორც ჩანს, ჭადრაკში, სადაც თამაშს ყოველთვის თეთრები იწყებენ, თეთრი ფერის დომინირება ბარბარეს არ მოსწონს.
ჩვენი ქვეყანა არის მრავალეთნიკური, ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანია და ადამიანების განსხვავებულობა არის სწორედ ყველაზე მთავარი ღირსება. სოციალური ქსელის, მიგრაციული პროცესების გამო მსოფლიოც მრავალფეროვანი და ღიაა, როგორც არასდროს. ჩვენი ოჯახი შერეული ოჯახია და ესეც ერთგვარი პაუხიმსგებლობაა, რომ გვესმოდეს — რას ნიშნავს მრავალფეროვნება, ანუ ჩვენ ჩვენს თავში მოვიაზრებთ, ვინახავთ კულტურათა მრავალფეროვნებას და, რამდენადაც შეგვიძლია, ვუვლით. სასკოლო სივრცეში ძალიან კარგი საგანია „მე და საზოგადოება“, ბავშვებისთვის გასაგებად არის ახსნილი კულტურული მრავალფეროვნება, ბავშვთა უფლებები...“
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ბარბარე უფრო მათემატიკას ანიჭებს უპირატესობას, ლიტერატურაც აინტერესებს. სხვათაშორის, მისი საყვარელი ჟანრი იგავ-არაკებია, რომელ თემაზეც ნინო პოპიაშვილმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
„ბარბარემ სულ პატარამ აღმოაჩინა ეს ჟანრი და გულით შეიყვარა. მე და დედაჩემი ვუყვებოდით სხვადასხვა დროს იგავ-არაკებს, ასე შეკრიბა და დაიმახსოვრა. ახლა უკვე „სიბრძნე სიცრუისა“-ს თითქმის ყველა იგავ-არაკი ზეპირად იცის, ასევე ეზოპეს იგავებიც. უკვე თვითონაც თხზავს პატარ-პატარა სათავგადასავლო ამბებს.
რა თქმა უნდა, როცა მშობელი ერთ-ერთი სფეროს წარმომადგენელია და აქვს კომპეტენციები, დიდი ცდუნებაა, რომ ბავშვს მეტი ყურადღება საკუთარ პროფესიულ საგნებზე გადაატანინოს. მაგრამ ვიცი, რომ სკოლას აქვს თავისი განუზომლად დიდი როლი ბავშვის ცხოვრებაში, ჩემი შვილებისათვის დიდი ავტორიტეტები არიან მათი პედაგოგები და მოსწავლისა და მასწავლების ურთიერთობაში არ ვერევი. ჩემს უფროს გოგონასაც ზუსტი მეცნიერებები აინტერესებს და ძალიან მიხარია, რადგან ზუსტ მეცნიერებებს ლოგიკური ხედვები და პასუხები აქვს. ასევე, მიხარია, როდესაც ჩემი შვილები სხვადასხვა ავტორის შემოქმედებას აღმოაჩენენ და საკუთარ ემოციებს, აზრს გამოხატავენ“, — გვიყვება ნინო პოპიაშვილი.
„აღარ მახსოვს როდიდან გავიგე, მაგრამ ძალიან მიყვარს იგავ-არაკები“ — შენიშნა ბარბარემ.
გარდა იმისა, რომ ლიტერატურაზე ოჯახში ბევრს საუბრობენ, ბარბარე ერთ-ერთი ლიტერატურული კლუბის წევრია, სადაც ბავშვები კითხულობენ, დამოუკიდებლად მუშაობენ და ერთმანეთს საკუთარ აზრს უზიარებენ.
„ბოლოს წავიკითხე „პანდიგტონის ახალი თავგადასავალი“, სადაც ეწერა, რომ როდესაც ბავშვი რაღაცას აშავებს, ჯერ უნდა აუხსნა და მაშინვე არ უნდა გაუბრაზდე“, — გვეუბნება ბარბარე.
„ეს წიგნი არ წამიკითხავს და ბარბარემ მირჩია, რომ წავიკითხო — ამბობს ნინო პოპიაშვილი. როგორც ვხვდები, ამ წიგნში უფროსის რეაქციები ბავშვის პოზიციიდან არის დანახული. ვფიქრობ, ბავშვის უფლებების საკითხს ლიტერატურა თვალსაჩინოდ ასახავს და დაგვაფიქრებს. ხშირად უფროსებს გვავიწყდება, რომ ჩვენც ბავშვები ვიყავით. თუ მეტად შევინარჩუნებთ ბავშვურობას, ბუნებრივობას, სისადავეს, სიახლეებისადმი ინტერესს, უმჯობესი იქნება, რადგან ცხოვრება ისედაც ძალიან ბევრ ტკივილსა და ტალახს გვახვედრებს, ეს ბავშვურობა და ბავშვებთან სიახლოვე კი დაბრკოლებების გადალახვაში გვეხმარება.“
ბავშვთა უფლებების საკითხებს ბარბარე სკოლაში საგნის — „მე და საზოგადოება“ -ფარგლებშიც სწავლობს.
„ბავშვთა უფლებებია, როდესაც ბავშვს შეუძლია უფროსისგან პატივისცემა მოითხოვს, რომ არ გაუბრაზდეს და არ დასაჯოს. ბავშვის უფლებაა, რომ ადამიანს სთხოვოს, არ ილაპარაკოს ისეთ საკითხზე, რასაც ბავშვი ვერ ხვდება. ბავშვს შეუძლია, როდესაც 18 წლის გახდება, სხვა სახლში გადავიდეს ან, თუ არ უნდა, არ გადავიდეს“, — გვიხსნის ბარბარე.
ბარბარეს რამდენიმე რჩევა უფროსებისთვისაც აქვს, მაგალითად, ღიმილი და სიკეთის კეთება, რაც აბედნიერებს.
„ჩემი აზრით, დიდები თუ ბრაზდებიან, ჯერ უნდა დამშვიდნენ, დაფიქრდნენ, სიკეთე გააკეთონ. სიკეთე შველის. მეც, როდესაც გაბრაზებული ვარ, ვიცინი, ასე ვიმშვიდებ თავს, მაგრამ მარტო სიცილი არ შველის, ხანდახან უნდა დაფიქრდე, შენი საქმე გააკეთო და როდესაც გააკეთებ საქმეს, შემდეგ შეგიძლია გაიცინო“, — ამბობს პატარა მოჭადრაკე.
ნინო პოპიაშვილს სამი შვილი ჰყავს — მარიამი, დავითი და ბარბარე. ამბობს, რომ მისთვის გამოწვევა იყო პროფესიულ გზასთან ერთად დედობის გზაც დიდი პასუხისმგებლობით გაევლო, ამისთვის ზოგჯერ პატარების მივლინებაში წაყვანაც უწევდა, მათ შორის, უკრაინაში, გერმანიაში ვიზიტებისას... არანაკლები გამოწვევა აღმოჩნდა პანდემიის დროს იძულებითი იზოლაცია, როდესაც ოჯახმა მეგობრებისა და სკოლის „როლიც შეითავსა“.
„თუმცა, პანდემიამ პრობლემის შექმნასთან ერთად მათი მოგვარების საშუალებებიც გვასწავლა — ამბობს თსუ პროფესორი — ბავშვებს აქვთ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვების ჰარმონიული განვითარებისთვის ოჯახს აქვს უმთავრესი როლი და ეს პასუხისმგებლობა ბევრ რამეს გვავალდებულებს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ადაპტირებული გარემო, უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ბევრი საკითხი უნდა განიხილებოდეს ბავშვების აზრის გათვალისწინებით და ეს აუცილებელია“.