შურთხია ბეროშვილი
გამოიცა თსუ-ის პროფესორის, ისტორიკოს დიმიტრი შველიძის წიგნი — „საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2021)", რომელშიც მთავარი ყურადღება ექცევა ისტორიაში დამკვიდრებული სიყალბეების, ფალსიფიკაციების გამოვლენა-უარყოფას და ამ გზით რეალური სურათის აღდგენას.
წიგნის ავტორის ინფორმაციით, წიგნში განხილული ვრცელი ისტორიული პერიოდი მოიცავს მრავალი წინააღმდეგობრივი ხასიათის მოვლენებს, რაც ხშირად ხდება კამათის, აზრთა სხვადასხვაობის საგანი. „ჩემი მიზანი იყო, ობიექტურ რეალობასთან მაქსიმალური მიახლოების პრინციპით განმეხილა და შემეფასებინა მოვლენები, ისტორიის ეპიზოდები თუ პიროვნებათა ნაღვაწი“, — ამბობს დიმიტრი შველიძე.
მეცნიერის თქმით, შეიძლება გამოვყოთ ნაშრომის რამდენიმე მახასიათებელი: ნაშრომის შინაარსი ცალკეულ თავებად დაყოფილია, შესაბამისი ისტორიული პერიოდის მთავარი და წამყვანი ისტორიული პროტაგონისტების, ამ შემთხვევაში — ქვეყნის მეთაურების მმართველობის მიხედვით (სტალინი, მჟავანაძე, შევარდნაძე, პატიაშვილი...). მათ ყველაზე მეტად განსაზღვრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ძირითადი ტენდენციები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში შემავალი პატარა რესპუბლიკის რეალობაში. ბუნებრივია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელები წარმმართველ როლს ასრულებდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში (ჟორდანია, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი).
აღსანიშნავია, რომ ნაშრომში საგანგებო ადგილი ეთმობა ჩვენი ისტორიის ბევრ საჩოთირო საკითხს, რომელიც ახსნილ-გადმოცემულია, რიგ შემთხვევაში, არატრადიციულად, საზოგადოებაში გავრცელებული სტანდარტისაგან განსხვავებულად. მხედველობაში გვაქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა: სოციალური წონასწორობის რეალობა და სოციალური პრიორიტეტები საბჭოთა ეპოქაში; ქართველები მეორე მსოფლიო ომში; ეროვნული უმცირესობები და მათი უფლებების დაცვის ხარისხი; ისტორიულ პიროვნებათა შეფასებები და სხვ. მთავარი ყურადღება ექცევა ისტორიაში დამკვიდრებული სიყალბეების, ფალსიფიკაციების გამოვლენა-უარყოფას და ამ გზით რეალური სურათის აღდგენას. ნაშრომში წინაა წამოწეული მოვლენათა შეფასების პრინციპი და უგულვებელყოფილია ე.წ. მოვლენის ნეიტრალური აღწერის და „მიუმხრობლობის" მეთოდი, რომლის მიხედვითაც თითქოს სახელმძღვანელომ უნდა მშრალად აღწეროს, ხოლო მსწავლელმა თვითონ შეაფასოს მოვლენა. წარმოჩენილია ზოგიერთი ისეთი თემა, რომელიც ნაკლებად შუქდებოდა ლიტერატურაში, მაგალითად, ამა თუ იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი კულტურული თუ მუსიკალური ჟანრები, პოპულარული და როკ-მუსიკა, ნაწარმოებები და შემსრულებლები და ა.შ.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.