თამარ დადიანი
სულ მალე ქართველი მკითხველი ამერიკელების ერთ-ერთ გამორჩეულ პრეზიდენტზე — რონალდ რეიგანზე კიდევ ერთ ახალ წიგნს იხილავს, რომელსაც გამოსაცემად ამზადებს ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა.
წიგნი განკუთვნილია როგორც ისტორიკოსებისთვის, ამერიკის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
„ხშირად ვეკითხები ჩემს თავს – მენატრება კი ვაშინგტონი? მართალია, პრეზიდენტობის წლებს სიამოვნებით ვიგონებ, მაგრამ ჩემი საქმე არ მენატრება. თუ რამეზე მწყდება გული, ეს იმ კეთილ და პატიოსან ხალხთან ურთიერთობაა, ვისაც ცალკეულ შტატებში ვხვდებოდით – შავებს თუ თეთრებს, ქრისტიანებს თუ ებრაელებს, ღარიბებს თუ მდიდრებს, სამხედროებს თუ სამოქალაქო პირებს. ამ ადამიანებს ერთი მიზანი აერთიანებდათ – კეთილსინდისიერად ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ მათ არასოდეს დავივიწყებთ და მუდამ მათი მადლიერნი ვიქნებით“ — ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტს რონალდ რეიგანს, რის თაობაზეც ავტობიოგრაფიული წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ. მას ორი ავტობიოგრაფიული წიგნი (Where’s the Rest of Me? (1965, updated in 1981) da An American Life (1990) აქვს დაწერილი. თავისი მოღვაწეობის დროს ის აწარმოებდა დღიურსაც, სადაც წერდა კომენტარებს, აღწერდა ყოველ დღეს და თავის მოსაზრებებს მოვლენების შესახებ. დღიურები 2007 წელს გამოქვეყნდა და ბესტსელერად იქცა.
საინტერესოა — როგორ ხედავდნენ და აფასებდნენ მას სხვები, ვინც პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წერდნენ წიგნებსა და ნაშრომებს. რონალდ რეიგანს ამერიკელების მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პრეზიდენტის პერსონის შესწავლით ქართველი მეცნიერებიც დაინტერესდნენ და მრავალი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური ნაშრომი გამოაქვეყნეს მის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე. სულ მალე ქართველი მკითხველი ამერიკელების ერთ-ერთ გამორჩეულ პრეზიდენტზე კიდევ ერთ ახალ წიგნს იხილავს, რომელსაც გამოსაცემად ამზადებს ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა.
„ქართულ ისტორიოგრაფიაში და ისტორიის სახელმძღვანელოებში ამერიკის ისტორიის აღნიშნული პერიოდი (1980-1989) საკმაოდ მწირადაა განხილული, თუმცა პრეზიდენტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ნაშრომებს, სტატიებსა და ინფორმაციებს მრავალ ქართულ გამოცემაში შევხვდებით. 2005 წელს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა, ჩემი ინიციატივით, რონალდ რეიგანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციის მასალები შემდგომ კრებულის სახით გამოქვეყნდა, რომლის რედაქტორიც მე ვიყავი. წიგნი, რომელსაც მკითხველი მალე იხილავს, უკვე რამდენიმე წელია იწერება და იგი რონალდ რეიგანის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებს ეხება. როგორც მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც სუპერსახელმწიფოს მეთაური, დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, ამ გავლენების შესახებაც ვისაუბრებ და ქართველ მკითხველს ამერიკელი პრეზიდენტის ჩემეულ ხედვასა და შეფასებას წარვუდგენ“, — აცხადებს ვასილ კაჭარავა.
რა აქცენტებია წიგნში დასმული პრეზიდენტის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე?
„1980-იანი წლები ამერიკის ისტორიაში შევიდა — როგორც რონალდ რეიგანის კონსერვატიული რევოლუციის ერა. თავად რეიგანმა თავის საქმიანობის დასაწყისს, საკმაოდ პრეტენზიულად, „ამერიკის ახალი დასაწყისი’’ უწოდა. მართლაც, ეს საკმაოდ უჩვეულო ათწლეული იყო, როდესაც ამერიკა გონს მოდიოდა 1970-იანი წლების სოციალური, ეკონომიკური, საერთაშორისო წარუმეტებლობებისა და უამრავი პოლიტიკური სკანდალის მერე. დიდი დეპრესიის შემდეგ, ამერიკას თავი ასე ცუდად არ უგრძვნია. ქვეყანაში უიმედობა და სულიერი დაცემის განწყობილება სუფევდა. არასტანდარტულ სიტუაციას ასევე არასტანდარტული გადაწყვეტა სჭირდებოდა. სწორედ ამან განაპირობა ის საკმაოდ ძველ კონსერვატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახლებური იმპროვიზაცია — თავისებური კონსერვატიული „ახალი კურსი’’, რომელიც ქვეყანას შექმნილი ჩიხიდან გამოიყვანდა. ამ ახალი გზის ძიებისას მოევლინა ამერიკას ის ფენომენი, რასაც რონალდ რეიგანი ჰქვია. ამ პიროვნებამ უსაზღვრო რწმენით, ზოგჯერ თითქოს გაუმართლებელი მეთოდებით მოახერხა ქვეყნის აღორძინება, მისთვის თავდაჯერებულობის განცდის დაბრუნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთაც. თუმცა მრავალი ადამიანი კატეგორიულად არ ეთანხმება რეიგანის საქმიანობის ასეთ შეფასებას. ქვეყნის აღორძინება რთული და მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ სწორედ „რეიგანის რევოლუციამ“ მოახერხა ამ ამოცანის გადაწყვეტა. ამ პროცესს მრავალი ხარვეზი ახლდა და მრავალი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებაც გახდა საჭირო. ამიტომაც რეიგანს უამრავი თაყვანისმცემლის გარდა მრავალი მომდურავი ჰყავდა და დღესაც ჰყავს. ბუნებრივია, მარტო რეიგანი არ ქმნიდა ამ რევოლუციას. მას ძალზე ღირსეული თანამებრძოლები და თანამოაზრეები ჰყავდა. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ახალი ეკონომიკური მოდელები შეიმუშავეს, მაგალითად, იგივე ლაფერი, თავისი თეორიით და მრავალი სხვა. მაგრამ როგორც ნაპოლეონი ამბობდა, მთავარი ის კი არ არის — თუ ვის რა გენიალური აზრები მოსდის თავში, არამედ ის, ვინც თავის თავზე იღებს ამ აზრების ცხოვრებაში გატარების პასუხისმგებლობას. თუ ნაპოლეონი ორივეს აკეთებდა, რეიგანი უფრო მეორეში იყო ძლიერი. თუ რაიმე იდეას იწამებდა, ბოლომდე ცდილობდა მის ცხოვრებაში გატარებას. რეიგანი ამ მხრივ მართლაც გამორჩეული პოლიტიკოსი იყო.
როგორც მოგეხსენებათ, 1980-იანი წლები ის პერიოდია, როცა ამერიკის პრეზიდენტს ესროლეს, როცა პირველად აირჩიეს ქალი (სანდრა დეი ო’კონორი) უმაღლესი სასამართლოს წევრად, როცა განხორციელდა გადასახადის ყველაზე დიდი შემცირება 1920-იანი წლების შემდეგ, როცა პირველი შავკანიანი ასტრონავტი ლეიტენანტ პოლკოვნიკი გუიონ ს. ბლაფორდი კოსმოსში გაფრინდა 1983 წელს, როცა ჩიკაგოს მერად შავკანიანს ირჩევენ. ეს ის პერიოდია, როდესაც განგაში ატყდა ამერიკის განათლების სისტემაში. ექსპერტების აზრით, ეს ყოველივე იმდენად ცუდი იყო, რომ საფრთხეს უქმნიდა ერის მომავალს. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ 1983 წელს შეერთებულ შტატებში 23 მილიონი ფუნქციონალურად წერა-კითხვის უცოდინარი იყო და კიდევ ბევრი სხვა. ამ ათწლეულში კიდევ ბევრი საინტერესო და უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, მაგრამ ყველაფერს შეგნებულად არ ვასახლებ, რათა მკითხველმა დანარჩენი 400 გვერდიც წაიკითხოს... ეს წიგნი მასშტაბური, დიდი სამეცნიერო კვლევის შედეგია, რომელიც 80-იანი წლების ამერიკას და მისი პრეზიდენტის მოღვაწეობასა და ცხოვრებას აცოცხლებს...
წინა წიგნებში, სადაც 1920-იანი და 1950-იანი წლების ამერიკის ასახვას ვცდილობდი, თანატოლი მასშტაბის პრეზიდენტები იყვნენ: შედარებით საშუალონი -1920-იან წლებში, ხოლო უფრო გამორჩეულნი — 1950-იანებში. ამ ორივე ათწლეულში აქტიური კულტურული ცხოვრება დუღდა და პოლიტიკურ ლიდერებს ღირსეული კონკურენტები გაუჩნდათ კულტურის მოღვაწეთა სახით, იქნებოდა ეს მწერალი სკოტ ფიცჯერალდი, ცნობილი ჯაზ მუსიკოსი ლუის ამსტრონგი თუ ორმოცდაათიანების უმშვენიერესი მსახიობი მერლინ მონრო. ბუნებრივია, 1980-იან წლებშიც იყვნენ დიდი გავლენის და მასშტაბის პოლიტიკოსები, ამერიკული კულტურის წარმომადგენლები, მაგრამ ამ ათწლეულში, ვგონებ, ყველა და ყველაფერი რონალდ რეიგანის გრანდიოზულმა ფიგურამ გადაფარა. იმის თქმა, რომ 1980-იანი წლები რეიგანის გარეშე ვერ შედგებოდა, სიმართლეა, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა — გვეთქვა, რომ თავად 80-იანი წლები ვერ შედგებოდა რეიგანის გარეშე. თავად რეიგანი იყო 1980-იანი წლები — თავისი დამსახურებებითა და ნაკლოვანებებით, რამაც არა მარტო ამერიკა, არამედ, მნიშვნელოვანწილად, მსოფლიოც შეცვალა! რასაკვირველია, ეს გაზვიადებას ჰგავს, მაგრამ სწორედ ამ პროცესის ტყუილ-მართალის ასახვის მცდელობას ემსახურება წინამდებარე 400 გვერდიანი ნაშრომი“, — ამბობს ვასილ კაჭარავა.
წიგნი მასშტაბური პროექტია პრეზიდენტ რეიგანის ცხოვრების, მოღვაწეობის მეცნიერული კვლევისა და შეფასების. ამავე დროს, წიგნს მნიშვნელოვანი პუბლიცისტური დატვირთვა ექნება, მითუმეტეს, დღეს, როდესაც იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლა კონსერვატიზმსა (რომლის მთავარი სიმბოლო სწორედ რეიგანია) და ლიბერალიზმს შორის თავად შტატებში უაღრესად დაძაბულ სტადიაშია, ისევე, როგორც მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში.