შურთხია ბეროშვილი
„ქართველები საზღვარგარეთ“ — ამ სახელწოდებით სულ მალე თსუ-ის პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის სახელმძღვანელო გამოიცემა, რომელიც აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნება. წიგნი თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის საბაკალავრო კურსისათვის არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იკითხება არჩევითი საბაკალავრო კურსი ამავე სახელწოდებით. სალექციო კურსი, ძირითადად, განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, მაგრამ მისი არჩევის შესაძლებლობა აქვთ სხვა ფაკულტეტების სტუდენტებსაც.
როზეტა გუჯეჯიანის თქმით, ამ საგნის შექმნა განაპირობა ობიექტურმა მოცემულობამ – ეთნიკურ ქართველთა დიდი, მრავალრიცხოვანი და კომპაქტური ჯგუფების არსებობამ საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური საზღვრების მიღმა. „ბუნებრივია, რომ ყოველი სახელმწიფოს მიზანია, იზრუნოს ისტორიულ თუ თანამედროვე დიასპორულ ჯგუფთა ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისათვის უმნიშვნელოვანესია მეცნიერულ კვლევათა შედეგები“, — ამბობს მეცნიერი.
მისივე ინფორმაციით, სალექციო კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს კრებითი ინფორმაცია ეთნიკურ ქართველთა ტრადიციული ყოფის, კულტურისა და თანამედროვე სოციო-კულტურული პროცესების შესახებ ისტორიულ ქართულ მხარეებში, რომლებიც მოქცეულია თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში (ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი); აგრეთვე, წარმოაჩინოს თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვისა და შავიზღვისპირეთის რეგიონებში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა განსახლების არეალი და მათი ეთნიკური კულტურა. სალექციო კურსის ბოლო ნაწილი ეთმობა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა (ფერეიდნელთა) ტრადიციულ ყოფასა და კულტურას, აგრეთვე, თანამედროვე ვითარებას.
„ყოველ კონკრეტულ რეგიონთან მიმართებით წარმოჩენილია ქართველთა დასახლებების ჩამოყალიბების ისტორია, ქართველთა განსახლების არეალი ლოკალურ გარემოში, ეთნიკური იდენტობის პრობლემა, ტრადიციული დასახლების ტიპი, ტრადიციული კულტურულ-სამეურნეო ტიპი (მეურნეობის ძირითადი დარგები: მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, მეურნეობის დამხმარე დარგები: მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მონადირეობა და ხელოსნობის ფორმები), ტრადიციული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, საოჯახო ყოფა, ნათესაობის სისტემა, ქორწინებისა და დაკრძალვის წესები, ანთროპონიმული მოდელი, ხალხური დღეობა-დღესასწაულები, ფესტივალები, ეთნომუსიკალური მემკვიდრეობა, ენობრივი სიტუაცია, შიდა მიგრაციის მარშრუტები, ტრადიციისა და ნოვაციის ურთიერთმიმართება, თანამედროვე ეთნოკულტურული პროცესები. ყოველი სალექციო თემის დასასრულს წარმოდგენილია სამეცნიერო წყაროებისა და ლიტერატურის ჩამონათვალი, აგრეთვე, დამატებითი ლიტერატურის სიაც“.
სახელმძღვანელოს რედაქტორია პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, რეცენზენტები: პროფესორი ქეთევან ლორთქიფანიძე, პროფესორი ჯაბა სამუშია, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი, სტილის რედაქტორი — ეთნოლოგიის დოქტორი ეკა ჭკუასელი.