როცა ბამბა ჩხრიალებს, როცა ვერცხლი ოქროზე მეტად გეძვირფასება, როცა ახალდაბადებულის მზერაში მის საინტერესო მომავალს ამოიკითხავ — ეს ის ემოციებია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში კლასიკური ფილოლოგების ადგილსამყოფელის მონახულებისას ლიკა გორდეზიანის შემთხვევით გაცნობას უკავშირდება... ლიკა გორდეზიანი უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად სულ ახლახანს, ყველასგან შეუმჩნევლად, მოსულა... ეს გვაგონებს სიჩუმეს, რომელიც ხმაურის საბაბს იძლევა...
ლიკა გორდეზიანის დიდი წინაპარი აკადემიკოსი, უნივერსიტეტელი სიმონ ყაუხჩიშვილი იყო, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის და ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დაარსება. იგი ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლავთ. შემდეგ უკვე სიმონ ყაუხჩიშვილის შვილის, აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის შთამომავლობა და, მეორე ხაზით, უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის შვილიშვილობა აწევს ლიკა გორდეზიანს მხრებზე დიდ პასუხისმგებლობად. გარდა სახელოვანი წინაპრებისა, გორდეზიანების ოჯახის ღრმა უნივერსიტეტელობას უსვამს ხაზს ლიკას დედ-მამის ასევე შთამბეჭდავი სამეცნიერო კარიერა. მამა — ლევან გორდეზიანი — თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და მსოფლიო ისტორიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელია, დედა კი — ირინე ტატიშვილი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასირიოლოგიის კათედრის გამგე და ცნობილი ხეთოლოგია. ამ მეცნიერების კლასიკოსთა ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა, ლიკა გორდეზიანმა სამეცნიერო ასპარეზზე თავის დასამკვიდრებლად კლასიკური ფილოლოგია აირჩია... ეს ხმამაღალი განაცხადია, თუმცა ჩვენი აღმოჩენილი 33 წლის ლექტორი ძალიან უხმაუროდ, თავმდაბლურად ერთვება პროცესებში ისე, რომ სხვისგან ვიგებთ — რა პოტენციალს მალავს...
ლიკა გორდეზიანმა 2006 წელს დაამთავრა თბილისის მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტში. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ის პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტში ამთავრებს დოქტორანტურას. ეს უნივერსიტეტი სორბონის საუნივერსიტეტო გაერთიანებაში შედის. ლიკა გორდეზიანს ეუხერხულება ოჯახური სამეცნიერო ბეგრაუნდის შეხსენებაც კი და მოწიწებულად გვეუბნება, რომ 10-მდე ენა იცის. „მინდა, კლასიკური ენები ისე ვასწავლო, რომ სტუდენტებს არ ჰქონდეთ ისეთი შეგრძნება, რომ მკვდარ ენებთან აქვთ საქმე“, — ამბობს ლიკა გორდეზიანი, რომლის გაცნობაც მარტის, ანუ ქალების თვეს უკავშირდება. სწორედ ამ კონტექსტში გახდა მისი აღმოჩენა ჩვენთვის ღირებული, რადგად ლიკა თავისი შესაძლებლობებით მსუყე საკვლევი სუბიექტია იმის დასადგენად, თუ რამდენად აქვთ განათლებულ და შრომისმოყვარე, ნიჭიერ ქალებს წარმატების რეალური პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში? მეცნიერების გზაზე შემდგარი დიდ ფინანსურ სარგებელს საქართველოს პირობებში არ ელოდება — ეს უკვე გულსატკენია და გამოსასწორებელი. ლიკა გორდეზიანი ფიქრობს, რომ წარმატების პერსპექტივები ქალებს ისეთივე აქვთ, როგორც მამაკაცებს. დასავლურ ჰაერზე გაზრდილს, მას, ცოტა ხელოვნურად ეჩვენება დედის დღისა და 8 მარტის გამოყოფა, რადგან თვლის, რომ ყოველი დღე უნდა იყოს როგორც კაცის, ისე ქალის.
თაობები იცვლებიან — ახალი მოდის და ძველი წარსულ ისტორიას რჩება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ძველი თაობის მემკვიდრეობაზე დააშენებენ ახალს და ეს სიმბიოზი ბევრად უფრო შთამბეჭდავია. რატომ აირჩია კლასიკური ფილოლოგია? — ამ კითხვაზე ლიკა გვპასუხობს: „შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან მიზიდავდა და მაინტერესებდა ანტიკური სამყარო. ენებისადმი ინტერესიც ყოველთვის მქონდა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა ბაბუა მიყვებოდა ბერძნულ მითებს და ანტიკური სამყარო ჩემთვის ბავშვობიდანვე საკმაოდ ახლობელი იყო“, — ამბობს ლიკა და განმარტავს, რომ მას და ბაბუას (რისმაგ გორდეზიანს), ფართო გაგებით, ერთი სპეციალობა აქვთ, თუმცა მათი კვლევის ვიწრო სფეროები საკმაოდ განსხვავებულია. ლიკა გორდეზიანს აინტერესებს თეატრი, მითოლოგია, ისტორია, ანტიკური ლიტერატურის რეცეფცია... რომაელი ავტორებიდან უფრო მეტი უმუშავია პლავტუსის კომედიებზე, განსაკუთრებით „ამფიტრიონზე“, რომელსაც ჰერაკლეს დაბადების მითი უდევს საფუძვლად. ლიკას აინტერესებს, ასევე, თეატრის პედაგოგიური ფუნქცია. ახლო მომავალში სურს — ჩაუღრმავდეს, მაგალითად, იმ საკითხს, თუ როგორ იყენედნენ რენესანსის დროს თეატრს სასწავლებლებში.
ლიკა გორდეზიანი ამჟამად უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი, ანტიკური ლიტერატურის ისტორიის და ანტიკური ლირიკის სემინარებს ხელმძღვანელობს. „სიამოვნებას მანიჭებს სტუდენტებთან ურთიერთობა. მთელი გულით მინდა და ვცდილობ, რომ ჩემი ლექციები მათთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო იყოს, რათა სიხარულით შემოდიოდნენ ლექციაზე და შეუყვარდეთ ეს საგნები“, — ამბობს ლიკა.
საფრანგეთიდან წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნება, როგორც თავად ამბობს, არ გასჭირვებია. ყოველთვის ენატრებოდა ოჯახის და მეგობრების ნახვა. ამბობს, რომ სორბონის უნივერსიტეტის ბაზაზე სწავლამ დამოუკიდებლად კვლევის უნარი გამოუმუშავა. მისი აზრით, სტუდენტისთვის გარემოს გამოცვლა სასარგებლოა, რამდენადაც, პირველ რიგში, თვალსაწიერს აფართოებს.
გარდა მეცნიერებისა, უყვარს თეატრი, მუსიკა, ბუნებაში სეირნობა. ხშირად მიუღია თეატრალურ სახელოსნოში მონაწილეობა. „მაგალითად, 2013 წელს მომეცა საშუალება, რომ ჩვენს ინსტიტუტში, ნეოგრეცისტ სტუდენტებთან ერთად, მეთამაშა იაკოვოს კაბანელისის პიესაში „სერობა“. ვმონაწილეობდი ასევე ფრანგული ინსტიტუტის მიერ მოწყობილ თეატრალურ სახელოსნოებში. ახლახანს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ფრანგულენოვანი თეატრალური წრე. იმედი მაქვს, რომ პანდემიის დასრულებისთანავე განვაახლებთ შეხვედრებს. თეატრი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მამდიდრებს. მსიამოვნებს დროებითი გარდასახვა, მეგობრებთან ერთად რაღაც კარგის შექმნა. თეატრი წარმოსახვის უნარს მივითარებს და მეხმარება, ასევე, ჩემი თავის უკეთესად შეცნობაში. გარდა ამისა, თეატრმა შემძინა ძალიან კარგი მეგობრები“, — გვიყვება ლიკა, რომელიც არაერთ ფოტოს გვაჩვენებს, სადაც კოსტიუმში გამოწყობილი თეატრის სცენაზე დგას. „თამაში მიყვარს სცენაზე, ცხოვრებაში — არა!“ — ამბობს „მორცხვი მსახიობი“, რომელიც მართლაც ვერ თამაშობს ამბიციური ახალგაზრდა ლექტორის როლს თავისი გონებრივი პოტენციალის, უნარებისა და განათლების მიუხედავად. არც ის გვიკვირს, რომ თეატრის ირგვლივ საკუთარ ინტერესებზე და დამოკიდებულებებზე უფრო ღიად გვესაუბრა. თეატრი რომ მისი ოჯახისთვის სულიერების წყაროა, იქიდანაც ვასკვნით, რომ თურმე რისმაგ გორდეზიანსა და მის მეუღლეს ერთხელ იტალიაში მოგზაურობისას მთელი ფული თეატრალური წარმოდგენის ნახვის მიზნით დაუხარჯავთ. არც ის არის გასაკვირი, რომ ლიკა გორდეზიანს, როგორც კლასიკური სამეცნიერო ოჯახური წრის წარმომადგენელს, კლასიკური მუსიკის მოსმენა იტაცებს და განსაკუთრებით მოცარტი უყვარს. „მოცარტი ჩემთვის მეგობარია, რომელიც ჩემთანაა განსაცდელშიც და სიხარულშიც. მუსიკის ასეთი სიყვარული დედაჩემმა ჩამინერგა. ღრმა ბავშვობიდან მასმენინებდა მუსიკას. თავისუფალ დროს, ასევე, მიყვარს ბუნებაში სეირნობა, ლაშქრობა დედაჩემთან და მამაჩემთან, დეიდაჩემთან, დეიდაშვილებთან ან მეგობრებთან ერთად. დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მამშვიდებს ბუნებაში ხეტიალი“, — ამბობს ლიკა, რომელიც თავისი ბუნებით, ინტერესებით, ემოციური გამოხატულებებით, კულტურული დამოკიდებულებებითა და, ამავე დროს, ბავშვური გულწრფელობით კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს ოჯახიშვილობას, ქართველობას და ეს იმ ფონზე, როცა თინეიჯერობის ასაკის შემდეგ, ფაქტობრივად, პარიზში გაიზარდა...
მოამზადა ნინო კაკულიამ