ანა ჯაფარიძე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობაში უკვე გარკვეული გამოცდილება აქვს დაგროვებული, მაინც გადაწყვიტა თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სტაჟირების პროგრამაში ჩართვა. მას სურს — დახვეწოს წერისა და მეტყველების უნარი, ასევე, საკითხებისა და კითხვების სწორად და პროფესიონალურად შემუშავების ერთგვარი ინტერესიც აქვს. ანას მოსწონს ქართულ ტელეარხებზე დამწყები ჟურნალისტების პროფესიული მცდელობები — იყვნენ ოპერატიულნი და მიაგნონ მთავარ სათქმელს. მას ახალი თაობის იმედი აქვს, რომელიც ჟურნალისტებისადმი საზოგადოების დღევანდელ დამოკიდებულებებსა და აღქმებს შეცვლის. სწორედ ამ ახალი თაობის წარმომადგენელია ანა ჯაფარიძეც, რომელსაც დიდი მიზნები აქვს — ჩააბაროს დოქტორანტურაში, საკუთარი ენების ცენტრი გახსნას, ენების შესწავლის საკუთარი მეთოდი შეიმუშაოს და პარალელურად ყველა სფეროში უცხოური გამოცდილების პოპულარიზაცია გასწიოს ჟურნალისტიკის მეშვეობით.