გვესაუბრება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი
ნინო ლაპიაშვილი
— ქალბატონო ნინო, სულ ცოტა ხნის წინ თქვენს მიერ ინიცირებულმა ჟან მონეს პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის დაფინანსებაც მიიღო. ზოგადად, რას გულისხმობს, რას გვთავაზობს ჟან მონეს პროექტები და რა მიზანს ემსახურება ?
— ევროკავშირის ჟან მონეს ინიციატივა „Erasmus +“-ის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სფეროში ევროპისმცოდნეობის დარგის განვითარებას, ამ მიმართულებით სწავლებისა და კვლევის სრულყოფას. ის საშუალებას იძლევა ახალი შეხების წერტილები გაჩნდეს, ერთგვარი ხიდები აიგოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და ევროპეიზაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტორებს შორის. ცხადია, მთავარი აქცენტები გადატანილია ევროინტეგრაციასა და გლობალურ კონტექსტში ევროკავშირის როლის სწორ გააზრებაზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ჟან მონეს ინიციატივის ფარგლებში არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა, მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ე.წ. პროექტებს.
ევროკომისიის ჟან მონეს პროექტები ორიენტირებულია ინოვაციის, განსხვავებული დარგების ურთიერთკვეთისა და, ახალი ცოდნის შექმნის მეშვეობით, ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მხარდაჭერაზე. კერძოდ, ინოვაციაზე ორიენტირებული პროექტები ახალი მეთოდოლოგიებისა თუ მიდგომების შემუშავებას ისახავს მიზნად, რათა საგნები ევროკავშირის შესახებ უფრო მეტად მიმზიდველი და ადაპტირებული გახდეს განსხვავებული სამიზნე ჯგუფებისთვის. ინტერდისციპლინური პროექტები ორიენტირებულია დისკუსიის წარმართვის მეშვეობით ევროკავშირში მიმდინარე პროცესების და, ზოგადად, ამ გაერთიანების შესახებ ცოდნის გააღრმავებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ. ხოლო დისემინაციაზე მიმართული პროექტის ტიპი ფართო საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას მოიაზრებს და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობს.
— რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფლობა ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის?
— წელს სულ 360 გამარჯვებული პროექტი შეირჩა 1447 კვალიფიცირებულ კონკურსანტს შორის. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისთვის პატივია ფინალისტებს შორის ყოფნა, რომელთა შორის არიან მსოფლიოს ყველა კონტინენტის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები. ჟან მონეს პროექტის ფლობა ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, უპირველეს ყოვლისა, არის პრესტიჟი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც. ევროკავშირის მხრიდან ეს არის აღიარება და ნდობა, ერთგვარი გაცხადება იმისა, რომ შეგიძლია მიაღწიო წარმატებას აკადემიურ სფეროში, ხელი შეუწყო განათლების ხარისხის განვითარებას ევროპისმცოდნეობის სფეროში და ამგვარად, უფრო მეტად დაუახლოვდე ევროპულ სივრცეს.
ამის გარდა, პროექტი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ევროპისმცოდნეობის დარგის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ერთ სივრცესა და განზომილებაში ნახო, პირადად გაიცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახო. ასეთი პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, რომელსაც ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს განყოფილების უფროსი ხოსე-ლორენცო ვალესი უძღვებოდა. ტრადიციულად, ამგვარი შეხვედრები ბრიუსელში იმართებოდა, მაგრამ კოვიდ პანდემიამ წელს ყველა ღონისძიება ელექტრონულ სივრცეში გადმოიტანა.
— როგორც ჩვენთვის ცნობილია, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის შექმნას. ამ პროგრამის შესახებ გვიამბეთ... როგორ განხორციელდება იგი, ვისი მხარდაჭერითა და ჩართულობით?
— თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის შექმნას. აქამდე დაარსებული ჩვენი ყველა პროგრამა ინგლისურ ენაზე ხორციელდება. ამჯერად კი ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სწავლების ენა იქნება ქართული, თუმცა, პროგრამა განხორციელდება ინგლისურენოვანი კომპონენტებით. ეს ნიშნავს იმას, რომ, ერთი მხრივ, მეტ ისეთ სტუდენტს მივცემთ შესაძლებლობას ჩაერთოს პროგრამაში, რომელიც ენის ბარიერის გამო თავს იკავებდა ჩვენი ინსტიტუტის ნაწილი გამხდარიყო; მეორე მხრივ, არ შესუსტდება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი და, ტრადიციულად, გავაგრძელებთ საერთაშორისო ვიზიტორი სტუდენტების მასპინძლობასაც, რაც ათწლეულზე მეტია ჩვენი ინსტიტუტის ერთგვარ ნიშას წარმოადგენს.
პროექტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტებიც, რომლებიც საბაკალავრო პროგამის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ქართველ კოლეგებს. საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებზე გამოკვეთილ საუკეთესო გამოცდილებებს გამოვაქვეყნებთ ჩვენი ინსტიტუტის ორენოვან სამეცნიერო ჟურნალში.
პროექტის იმპლემენტაციის ვადა არის 24 თვე და ამ პერიოდში ვგეგმავთ როგორც პროგრამული აკრედიტაციის წარმატებით დასრულებას, ასევე ბაკალავრების პირველი ნაკადის მიღებასაც.
— თუ შეიძლება ვისაუბროთ ახალი სასწავლო პროგრამების შემოღებასა და განხორციელებაზე...
— ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2007 წელს ევროკომისიის ფინანსური დახმარებით TACIS-ის პროგრამის ფარგლებში დაარსდა. იგი კონცეპტუალურად თსუ-ის ოთხ ფაკულტეტს ეფუძნება — იურიდიულ, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, ასევე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს და ევროკავშირს ასწავლის და იკვლევს ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (2007 წლიდან) და სადოქტორო (2014 წლიდან) პროგრამის ფარგლებში (Masters in European Studies და Doctoral Programme in European Studies).
სამაგისტრო პროგრამის შექმნაში ჩართულები იყვნენ გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტის, ასევე, ათენის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბერძნული უნივერსიტეტისა და ავსტრიული ინსბრუკის საჯარო რეფორმების ცენტრისგან შემდგარი კონსორციუმის ექსპერტები. პროგრამის შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა როგორც აღნიშნულ სფეროში ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების საუკეთესო გამოცდილებები, ასევე ბოლონიის პროცესის სტანდარტები და მიღწევები. ხოლო ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა 2014 წელს ENPI პროექტის ფარგლებში შეიქმნა დუბლინის თრინითის კოლეჯის, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და სლოვენიის უნივერსიტეტის ექსპერტთა მონაწილეობით.
ევროკავშირის ძალისხმევამ, ინგლისურენოვანი პროგრამის სტრუქტურამ და შინაარსმა, მოწვეულ პროფესორთა პროფესიონალიზმმა, ისევე, როგორც კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მაღალმა დონემ და მათი დასაქმების 100 %-იანმა მაჩვენებელმა, დიდად განსაზღვრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის, როგორც საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის, წარმატებულობის ხარისხი.
ინსტიტუტის მიერ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის შესასწავლი საგნების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მათ შორის, ევროკავშირის ეკონომიკა, ევროკავშირის ფინანსური და სავალუტო პოლიტიკა, ევროკავშირის სამართალი, კონკურენციის პოლიტიკა და კონკურენციის სამართალი, ევროპეიზაცია და ევროინტეგრაციის თეორიები, ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სხვა. სტუდენტებს აქვთ საშუალება — დეტალურად გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ასპექტებს უშუალოდ ამ პროცესში ჩართული პირებისგან, მიიღონ სათანადო ცოდნა ევროპის და ევროკავშირის ისტორიისა და ევროპის კულტურული მოზაიკის გარკვეული ასპექტების შესახებ. ამასთან, სტუდენტებს უნიკალური საშუალება ეძლევათ დაესწრონ, მონაწილეობა მიიღონ და კითხვები დასვან საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ჩატარებულ კონფერენციებში, საჯარო ლექციებსა და სემინარებში. ეს პრაქტიკა ინსტიტუტმა წარმატებით დანერგა და შესაძლებლობა გაუხსნა ბევრ ახალგაზრდას ამ პროცესში პრაქტიკულად ჩართულ პირებთან ერთად მიღებული თეორიული ცოდნის გაანალიზებისათვის.
სასიხარულოა, რომ წელს ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე კონრად ადენაუერის ფონდმა საუკეთესო შედეგების მქონე 5 ქართველი და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა) სრული სტიპენდია დააწესა, რაც სწავლის საფასურს სრულად ანაზღაურებს, ასევე, ითვალისწინებს საცხოვრებელ ხარჯებს.
დღიდან დაარსებისა, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროპულ აკადემიურ წრეებში ბევრი სტრატეგიული პარტნიორი შეიძინა, რომელთან ერთად ხორციელდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტები. ინსტიტუტი, ასევე, აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, საქართველოში აკრედიტირებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებთან და საქართველოს სახელისუფლებო თუ არასამთავრობო სექტორთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია 2011 წლის 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, სხვა მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტები ჩაერთნენ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში, ხოლო 2020 წლის მაისიდან განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ პრაქტიკულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. წელს მაგისტრატურის სტუდენტებმა კომიტეტთან ერთად აღნიშნეს ევროპის დღეები და ასოცირების ხელმოწერიდან 6 წლის იუბილე.
საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაახლოების პროცესში გამოიკვეთა, რომ საქართველო ყველაზე მეტად ევროკავშირის სამართლის სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ 2022 აკადემიური წლიდან ვილნიუსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყება ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელება (Double Degree MA), რომლის ფარგლებშიც კურსდამთავრებულს თსუ კვლავაც მიანიჭებს ინტერდისციპლინური ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს (Master of Arts in European Studies), ხოლო ვილნიუსის უნივერსიტეტი — ევროკავშირის სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციას (LLM in EU Law).
ესაუბრა თამარ დადიანი