მოამზადა თამარ დადიანმა
სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით, გრაკლიანი გორაზე, ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ.წ II და I ათასწლეულებით თარიღდება. გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტებისა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობზე გვესაუბრება პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.
— ბატონო ვახტანგ, რა ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე, რა არქიტექტურული სურათი დაიხატა ამ აღმოჩენით ?
— მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოები გრაკლიან გორაზე კონცენტრირებული იყო კვლავ I, III და IV ტერასებზე. I ტერასაზე გავაგრძელეთ გასულ წელს მიკვლეული სამარხების გათხრა, რის შედეგადაც აღმოჩნდა ძვ.წ. II და I ათასწლეულების ნაშთები. III ტერასაზე გაგრძელდა ძვ.წ. X საუკუნის საცხოვრებელი სახლის კვლევა. ამ ნაგებობის შესწავლას აქვს კონკრეტული მნიშვნელობა, რადგან იგი წარწერის სინქრონულია, ისევე, როგორც მის დასავლეთით მდებარე შენობა, რადგან მათი განლაგება იძლევა ინფორმაციას მოსახლეობის სიმჭიდროვის შესახებ. ამის საფუძველზე კი შეიძლება დავასკვნათ, რომ წარწერების არსებობის დროს გრაკლიანი (მთლიანად თუ არა, ეს უბანი მაინც!) საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული.
რაც შეეხება IV ტერასას, აქ გაცილებით დიდი მოცულობის სამუშაოები შესრულდა. კერძოდ, გაითხარა რამოდენიმე სამარხი, რომლებიც ძვ.წ. V-IV საუკუნეებს განეკუთვნება. მათგან აღსანიშნავია N 19-4, რომელშიც ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა დაკრძალული ცხენის ჩონჩხიც და როგორც ასეთ სამარხშია მოსალოდნელი, შესანიშნავად ნაკეთები ვერცხლის საკისრე რგოლი და სამაჯურები, რომლებიც წარმოადგენენ ვანის ცნობილი 24 მდიდრული სამარხის ინვენტარის ანალოგს. ამ აღმოჩენით დადასტურდა, რომ ვანის მდიდრულ სამარხებში ოქროსაგან დამზადებული ნივთები ჭარბობს, ხოლო გრაკლიანზე კი — ანალოგიური ფორმის, მაგრამ ვერცხლისაგან ნაკეთები. წელსვე აღმოჩნდა ე.წ. მახაირა – ბერძნული დანა.
გაგრძელდა IV-6 შენობის შესწავლა. შეგახსენებთ, რომ ამ შენობაში მიკვლეულია გრაკლიანის საკურთხევლებს შორის ყველაზე დიდი საკურთხეველი, რომელიც დომინირებს მთელს ინტერიერში. საკურთხევლის წინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გამართულია ღუმელი, რომელზეც რკინის შუბისპირები და დანა დევს, აქვეა ორი თემიატერიონი ანუ წმინდა ცეცხლის გადასატანი თიხის ორი ლარნაკი. ინტერიერში, იატაკზე მიმოფანტულია რკინის კოროზირებული ნივთები და რკინის ზოდი. ხოლო ინტერიერშივე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დაფლული იყო რკინის ნივთების „განძი“. ეს იმას ნიშნავს, რომ რკინის ეს ნივთები შეწირული იყო (შუბისპირი, სადგისი, დანა, ლაგმის ნაწილი და სხვა. ისინი ძლიერ არის კოროზირებული). ასევე შეწირულია დიდი რაოდენობით კერამიკული ნაწარმი, რომლებიც საკურთხევლის უკან გამართულ სათავსოშია თავმოყრილი. აქვე, საკურთხეველთან აღმოჩნდა სამკაულის დასამზადებელი ყალიბის ნაწილი.
— რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ აღმოჩენას საზოგადოების განვითარების ისტორიაში და რა დასტურდება ამით?
— ყველა ზემოაღნიშნული დეტალი — საკურთხევლის დომინირება ინტერიერში, დიდი რაოდენობით რკინის ნივთების კონცენტრაცია, სამკაულის დასამზადებელი ყალიბი, შეწირული რკინის ინვენტარი, წმინდა ცეცხლის გადასატანი ლარნაკები — იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ამ შენობაში პატივს მიაგებდნენ სამჭედლო საქმის, მეტალურგიის მფარველ ღვთაებას. აქვე, ამ საკულტო შენობის აღმოსავლეთით, 20 მეტრის მოშორებით, მივაკვლიეთ სამჭედლოს, სადაც საქშენი მილები, რკინის წიდა და რკინის სახნისი არის აღმოჩენილი. ასე რომ, აქ, შესაძლოა, საქმე გვაქვს მცირე მასშტაბის სატაძრო წარმოებასთან, რაც იშვიათი მოვლენაა ქართულ არქეოლოგიაში, რადგან იბერიის ტერიტორიაზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სხვა ასეთი ნაშთი არ არსებობს.
— დაინტერესდა თუ არა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ამ ახალი აღმოჩენით და გახდება თუ არა ეს არქეოლოგიური არტეფაქტები საერთაშორისო კვლევის საგანი?
— ამ აღმოჩენების მიმართ დიდი საერთაშორისო ინტერესის დასტურია ის, რომ საქვეყნოდ ცნობილმა გამომცემლობა „ბრილმა“ (ჰოლანდია) უკვე ითავა ამ შენობის გათხრების ძირითადი შედეგების გამოქვეყნება. ნაშრომი უკვე გადაგზავნილია და დაიბეჭდება 2021 წლის პირველივე ნომერში. რაც შეეხება ერთობლივ კვლევას, ეს მომავლის საქმეა და დიდად არის დამოკიდებული პანდემიის მიმდინარეობაზე არა მხლოდ საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში, რადგან ჩვენი ძირითადი პარტნიორები ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები არიან.
— როგორც ცნობილია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციტივით, „გრაკლიანის გორაზე“ ღია ცის ქვეშ მუზეუმი შენდება. ამ ინიციატივის შესახებ მოგვითხრეთ...
— მე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისათვის და ცხადია, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორატსა და ადმინისტრაციას, ისევე როგორც ფაკულტეტის დეკანატს. რაც შეეხება მუზეუმს ღია ცის ქვეშ, აქ უკვე დასრულდა ვიზიტორების ბილიკის დამონტაჟება და ამჟამად ექსპედიცია დაკავებულია ამ მონაკვეთების ვიზუალიზაციის პრობლემის მოგვარებით, რაშიც მონაწილეობას ღებულობენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც. გარდა ამისა, მიმდინარეობს გრაკლიანის მუზეუმის ექსპოზიციის მოწყობის სამუშაოები. იმედია, რომ მალე გამოფენაც გაიხსნება და ვიზიტორებს შეეძლებათ ნახვა იმისა, რაც გრაკლიანზე 12 წლის მუშაობის შედეგად აღმოჩნდა.