10 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და ფონდმა „დიოგენემ“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შეაჯამა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის. კონკურსი ვახუშტი კოტეტიშვილის 85 წლისთავს ეძღვნებოდა. დაჯილდოება Zoom-ის პლატფორმაზე განხორციელდა და მას 80-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიების წამყვანმა – ფონდ „დიოგენეს“ ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ ისაუბრა მსგავსი კონკურსების გამართვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდა მთარგმნელების აღმოჩენას და წახალისებას: „დიოგენე“ — ეს ის გამომცემლობაა, რომელთანაც ბატონ ვახუშტის ბოლო წლებში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და ეს ნამდვილად განსაკუთრებული თანამშრომლობა იყო. წელს პირველად და, იმედია, ონლაინ ფორმატში უკანასკნელად, ჩატარდა „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი“ და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და თანაორგანიზატორებს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კერძოდ კი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს“, — თქვა თამარ ლებანიძემ. მან, ასევე, გამოკვეთა ვახუშტი კოტეტიშვილის კავშირი ირანულ კულტურასთან და მისი ღვაწლი ამ მიმართულებით, რისი დასტურიც იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, ჰამიდ მუსტაფავის სტუმრობა დაჯილდოების ცერემონიაზე. მან, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს: „თარგმანი ისეთი სფეროა, რომელიც ხალხს და კულტურებს ძალიან მჭიდროდ აერთიანებს და აკავშირებს. ეს კონკურსი ბატონი ვახუშტის სახელით ტარდება, რაც ძალიან მიხარია, რადგან ის გამორჩეული პიროვნება იყო. მან შეძლო და სხვადასხვა თარგმანით გაამდიდრა ქართული ლიტერატურა. ეს კონკურსი კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა მთარგმნელებისა და მკვლევრებისთვის, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი ახალ ასპარეზზე. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს შესანიშნავი ტრადიციების მქონე კონკურსი, მიუხედავად ბევრი სირთულისა, წლებია ტარდება,“ – აღნიშნა ჰამიდ მუსტაფავმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი. მან აღნიშნა, რომ ეს კონკურსი ლოგიკურად და დამსახურებულად უკავშირდება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელს. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ამ პროექტში ფონდ „დიოგენესთან“ ერთად აქტიურად იყო ჩართული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რადგან ამ ფაკულტეტზე მთარგმნელობითი საქმიანობა, მისი მეცნიერული კვლევა და სწავლება ტრადიციულად მაღალ საფეხურზეა: „ბოლო პერიოდში საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელთა მიზანიც ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია იყო. ერთ-ერთ ასეთ პროექტად მიმაჩნია კულტურის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის“. ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი ჭეშმარიტი უნივერსიტეტელია. მან დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტზე მოღვაწეობდა ჯერ დოცენტის, შემდეგ კი პროფესორის რანგში. ამით უნივერსიტეტი და ჩვენი ფაკულტეტიც დიდად ამაყობს“, — აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასევე აღნიშნა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის საქმიანობა სამკუთხედს ჰგავს, რომლის სამი გვერდია მეცნიერება, მხატვრული თარგმანი და, ასევე, ქართული მხატვრულ-ესთეტიური სამყაროს ტრადიციებისა და ფესვების ძიება-პოპულარიზება.
წელს ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში მონაწილეებმა წარმოადგინეს 14 სხვადასხვა ენიდან ნათარგმნი 60 ტექსტი. ნაშრომები, ანონიმურობის დაცვით, შესაფასებლად გადაეგზავნა ხუთი წევრისგან შემდგარ ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ: თსუ ასოცირებული პროფესორი მანანა ფხაკაძე, მწერალი და მთარგმნელი დათო ბარბაქაძე, მთარგმნელი დათო ახალაძე, მთარგმნელი ანა კოპალიანი და მთარგმნელი ლია რუხაძე. მათ უნდა შეერჩიათ გამარჯვებულები სამ ნომინაციაშია: პოეზია, პროზა და არამხატვრული ტექსტები.
2020 წლის კონკურსის ფარგლებში 11 გამარჯვებული გამოცხადაა შესაბამისი ნომინაციებისა და ადგილების მიხედვით. ყველა ნომინაციის მეორე ადგილი ორმა მონაწილემ გაიყო.
ნომინაციაში – პოეზია — მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ინგა ჟღენტი (ლუის გლუკის ლექსები: „ეპილოგი და წყვდიადის დასაწყისი“); მე-2 ადგილზე გავიდნენ: გიორგი ხულორდავა (საადი შირაზელის იგავი „ბუსთანის მესამე თავიდან“) და ანა მიხაილოვა-კეზელი (საგავა ჩიკას ლექსების თარგმანისათვის); ამ ნომინაციაში პირველი ადგილი არ გაიცა.
ნომინაციაში — მხატვრული პროზა – მე-3 ადგილი დაიკავა გიორგი ყაზაიშვილმა (ედვარდ პლანკეტის „ციხე ყოვლისგან უტეხელი საკნოთის გარდა“); მე-2 ადგილზე გავიდნენ ილია ბაწაშვილი (მარსელ ბრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში სვანის მხარეს“) და მირიან რჩეულიშვილი (არტურ კონან დოილი „ბ24“); პირველი ადგილი მოიპოვა დავით ხარაიშვილმა (რობერტ ლუის სტივენსონის „ერთი ღამის თავშესაფარი“).
ნომინაციაში — არამხატვრული პროზა – მე-3 ადგილი დაიკავა ნათია მეჩითიშვილმა (ჟურნალი „ნიუ იორკერი“ „ოცნებები ევროპაზე — ესე იოსებ როტის შესახებ“); მე-2 ადგილი ერგო ირინე გიორგაძე-მროჟინსკას (ინტერვიუ ზაქარია თამირთან) და მარიამ კვერნაძეს (ჯორჯ ლოედის ვიქტორ ფრანკლის თეორია); პირველი ადგილი დაიმსახურა გიგლა გონაშვილმა (ანტონინ არტო „თეატრი და მისი ორეული“).
კონკურსის საპრემიო ფონდი 5400 ლარს შეადგენს. პირველი ადგილისთვის გაიცემა 3000 ლარი (თითოეული — 1000 ლარი), მეორე ადგილისთვის – თითოეული — 500 ლარი და მესამე პრემია – თითოეული — 300 ლარი.
დაჯილდოების ცერემონიალზე ითქვა, რომ კონკურსის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოსცემს საუკეთესო თარგმანების კრებულს. გამარჯვებულ თარგმანებთან ერთად კრებულში ყველა ის ნაშრომი მოიყრის თავს, რომელიც ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია. კრებულის ეგზემპლარები, რომლებიც კონკურსის თანაორგანიზატორის — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ მომზადდება და დაიბეჭდება, გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აგრეთვე, უფასოდ გავრცელდება ბიბლიოთეკებში და მედიათეკებში. კრებულის ელ.ვერსია ასევე უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ორგანიზატორების ვებ-გვერდებზე და ელექტრონული წიგნების ონლაინ პლატფორმებზე saba.com.ge და lit.ge.
დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციებში გამარჯვებულებმა მადლობა გადაუხადეს კონკურსის ჟიურის წევრებს და აღნიშნეს, რომ ამგვარი კონკურსები მართლაც უწყობს ხელს მთარგმნელობითი საქმიანობის წახალისებას.
ინფორმაციისთვის: მთარგმნელობითი კონკურსი პირველად 2010 წელს ჩატარდა და მაშინ მხოლოდ ერთი ნომინაცია არსებობდა „პოეზია ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის“. 2011 წელს „დიოგენემ“ ჩაატარა უკვე მეორე კონკურსი იგივე ნომინაციით. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ 2016, 2017 და 2018 წლებში, მწერალთა სახლის ინიციატივით, კონკურსი განახლდა და ჩატარდა სამი კონკურსი ორი ნომინაციით: „წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია“ და „პერიოდიკაში დაბეჭდილი თარგმანები“. 2019 წელს კონკურსი არ ჩატარდა, ხოლო წელს ისევ განახლდა უკვე სამი ნომინაციით.
2020 წელს გამართული კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ: ფონდი „დიოგენე“ (თამარ ლებანიძე); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: თეა შურღაია, დარეჯან გარდავაძე, მზია ბურჯანაძე, მარინა ალექსიძე, გიორგი ლობჟანიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები: ანა მინდიაშვილი, მერი სამაკაშვილი.
მოამზადა მაია ტორაძემ