ესაუბრა თამარ დადიანი
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი თავდასხმა განვიცადეთ. მართლაც ყველაზე საშინელი თავდასხმაა. გაცილებით უარესია, ვიდრე პერლ-ჰარბორზე თავდასხმა. გაცილებით უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა“, — ასე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში კორონა ვირუსის გავრცელება. როგორც პრეზიდენტი ამბობს, აშშ შეეცდება შეისწავლოს — თუ როგორ გავრცელდა ვირუსი და ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის მიერ იმ პოზიციების უარყოფას, რომ შეიძლება ჩინეთმა შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ვირუსი „შეცდომით” გავრცელდა. ის პეკინსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მთელი დანარჩენი მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
ამერიკის პოზიციას იზიარებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც სკოტ მორისონი და აცხადებს, რომ მსოფლიომ ზუსტად უნდა იცოდეს — რა მოხდა, რათა მსგავსი რამ, რასაც უდიდესი ადამიანური დანაკარგი და ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება, აღარასდროს განმეორდეს.
ოფიციალური პეკინი ამგვარ გამოძიებას ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკის მიერ მართული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ თეთრი სახლი ცდილობს ყურადღება ჩინეთზე გადაიტანოს და ამით ის კრიტიკა გადაფაროს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პანდემიას სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.
საინტერესოა, ამ თემებზე რას ფიქრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვასილ კაჭარავა.
- შეერთებულ შტატებში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს გადაცდა, ქვეყანაში თვენახევარზე მეტია, რაც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს... როგორ მოგწონთ ამერიკის დღევანდელი პოზიციები და ბრძოლის სტრატეგია ვირუსთან?
— ძნელი სათქმელია. როგორც ვხედავათ მსხვერპლი საკმაოდ სოლიდურია (7 მაისისთვის გარდაცვლილია 74 000 ადამიანი) განსაკუთრებით ნიუ-იორკის მსგავს დიდ მეგაპოლისებში, სადაც ხალხი მჭიდროდაა დასახლებული. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამერიკელთა დიდი ნაწილი საკუთარ სახლებში ცხოვრობს, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია, მაგრამ საყიდლებზე სიარული ხომ ყველას უწევს...
ამერიკისგან, როგორც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოსგან, ვირუსთან ბრძოლის უფრო ეფექტიან ნაბიჯებს ველოდით, მაგრამ ამ უზარმაზარ ქვეყანაში — საკმაოდ განსხვავებული შტატებითა და სამედიცინო მომსახურების დონით, სადაც მილიონობით ხალხი ცხოვრობს, ალბათ, არ იყო ადვილი ერთიანი და სისტემური ზომების მიღება და გატარება. მსოფლიოს სხვა, ყველაზე წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებსაც უმძიმესი შედეგები ჰქონდათ. მაგრამ იყო გამონაკლისიც, იგივე გერმანიის და საქართველოს სახით, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობანი, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იგივე გერმანიის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებს. ეს მნიშვნელოვანი წარმატება ქართველი ექიმების დამსახურებაა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი!
- როგორ ფიქრობთ, ამ პანდემიის ფონზე ხომ არ ჩამოიშლება ამერიკის ძლევამოსილების მითი... ყველაზე მძიმე სცენარის მიხედვით, აშშ-ში კორონა ვირუსის შედეგად შეიძლება მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს. შეძლებს თუ არა ამერიკის მოქედი პრეზიდენტი მოსახლეობის დარწმუნებას, რომ კორონა ვირუსი ვერ შეცვლის ამერიკის მომავალს?!
- ჯერჯერობით საუბრობენ მხოლოდ 100 000-მდე გარდაცვლილზე... სამწუხაროდ, ამერიკა ნელ-ნელა მიდის ამ მაჩვენებლისკენ, მაგარამ მილიონი გარდაცვლილი, იმედია, ნამდვილად არ იქნება. თუმცა პანდემიასთან ბრძოლაში ამერიკა, ამ ეტაპზე, რაიმე განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ აღწევს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ცდილობს და არავითარ სახელმწიფო ხარჯებს არ ერიდება, ისიც ფაქტია... რაც დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ მოითხოვა ვირუსთან საბრძოლველად, ტრამპმა იმაზე მეტი გაიღო. ამერიკამ 1950 წლის ფედერალური კანონიც კი აამოქმედა, რომელიც კორეის ომის საპასუხოდ შემუშავდა, როგორც სამოქალაქო თავდაცვისა და საომარი მობილიზაციის ვრცელი ძალისხმევის ნაწილი ცივი ომის პირობებში. კანონი ამერიკულ ბიზნესს ავალდებულებს — სახელმწიფოსთვის საჭირო პროდუქციის მომზადებას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას სამედიცინო ნიღბების, სასუნთქი აპარატების და სხვა სამედიცინო ინვენტარის წარმოების დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ ვაპირებთ დავამარცხოთ უხილავი მტერი“, — განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ განვითარებულმა კრიზისმა იგი, ფაქტობრივად, „საომარი პერიოდის პრეზიდენტად“ აქცია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უმრავლესობამ უკვე დაიწყო შეზღუდვების მოხსნა. ალბათ, აქვთ კიდეც ამის საფუძველი. ის, რომ პანდემიის შედეგად ამერიკის ძლევამოსილება და ეკონომიკა ჩამოიშლება, ნაკლებად სავარაუდოა. ამერიკა კვლავ ამერიკად დარჩება! თუმცა, რასაკვირველია, პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ თითქმის აბსოლუტურად გარანტირებული ჰქონდა საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვება, ეპიდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ახლა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უსწრებს პოპულარობით, რომელიც ამ პერიოდში ძირითადად ჩუმადაა, რადგან მის საქმეს ვირუსი აკეთებს, რომელიც სპობს სამუშაო ადგილებს. ამერიკაში უკვე 26 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე თვის წინ ამერიკას ისტორიაში ყველაზე დაბალი უმუშევრების დონე ჰქონდა. ბუნებრივია, ეს პანდემიის ბრალია, მაგრამ მავანი ქვეყნის პირველ პირსაც დააბრალებს, მითუმეტეს, ამით ისარგებლებს ტრამპის მოძულე მედია. პრეზიდენტის ზოგჯერაც ზედმეტად ემოციური გამოსვლებიც არ აღმოჩნდა მისთვის სასარგებლო. თუმცა ვნახოთ, თუ ვითარება გამოსწორდება, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტრამპი დაკარგულ პოზიციებს დაიბრუნებს. მით უმეტეს, რომ დღესაც იგი პოპულარობით კვლავ უსწრებს დემოკრატების მიერ კონტროლირებად კონგრესს, უფრო სწორად, მის წარმომადგენელთა პალატას.
პანდემიის, ისევე, როგორც ბევრი სხვა მძიმე კრიზისის შემდეგ, ამერიკა კიდევ უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება, რადგან ამერიკელებმა კარგად იციან წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება და მის საფუძველზე ქვეყნის გაძლიერება. აშშ-ის კონკურენტები კი, რუსეთისა და ჩინეთის სახით, სავარაუდოდ, უფრო დასუსტდებიან, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.
- რამდენად რეალურია ამერიკის ჩინეთთან მწვავე დაპირისპირების პროგნოზი პანდემიის გამო?
- რასაკვირველია, ტრამპი და მისი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ცდილობენ ამ პანდემიის დაწყება ჩინეთს დააბრალონ და, ალბათ, არც თუ უსაფუძვლოდ. ჩინეთს მართლაც მოუწევს პასუხისგებლობის ნაწილის მაინც აღება საკუთარ თავზე.
არ მგონია, ამ ორ ქვეყანას შორის რაიმე სერიოზული და ფუნდამენტური დაპირისპირება განვითარდეს — ეს უფრო პროპაგანდისტული ომია. თუმცა, თუ ამერიკამ ამ ომში გაიმარჯვა, დიდ მოგებასაც ნახავს. მაგრამ ფუნდამენტური და, მით უმეტეს, სამხედრო კონფლიქტი, ვფიქრობ, რომ არაა მოსალოდნელი. ეკონომიკურად ძალიან გადაჯაჭვულნი არიან ერთმანეთზე და ეს არც ერთი მხარისთვის არ მოიტანს სიკეთეს. თუმცა, რასაკვირველია, ამერიკის მსხვილი კომპანიების ჩინეთის ბაზრიდან გასვლა, რათა შემცირდეს ამერიკული ბიზნესის ჩინურ საწარმოებზე დამოკიდებულება, პრობლემა იქნება ჩინეთისთვის. მაგრამ, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთს უკვე ისეთი კოლოსალური ფინანსური რეზერვები აქვს დაგროვილი, რომ ინვესტიციების პრობლემა ნაკლებად ექნება. ტექნოლოგიებიც საკმაოდ მიითვისა უკვე და საკუთარსაც წარმატებულად ამუშავებს.
- თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ?
- ამაზე სრულფასოვნად რომ გიპასუხოთ, ალბათ, ნობელის პრემიასაც მივიღებ...ცნობილმა ფრანგმა მწერალმა უელბეკმა თქვა ახლახანს: „მსოფლიო, ალბათ, ისეთივე იქნება, მაგრამ ცოტა უფრო ცუდი.“ ნუ, ძნელია გამოჩენილ მწერალს ეკამათო, მაგრამ მგონია, რომ მსოფლიო გაცილებით უკეთესი გახდება! ამ პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა, უფრო ორგანიზებულნი და რაციონალურები გაგვხადა. მრავალი ახალი, დისტანციური მართვის ტექნოლოგიები შემოგვთავაზა, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნის. ასე რომ, მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მთავარია, ვირუსის სამკურნალო წამალი და პრევენციის საშუალება შევქმნათ დროზე და ყველაფერი კარგად და გაცილებით უკეთ იქნება! თუმცა, იმ დაღუპულ ადამიანებს, ბუნებრივია, ვერავინ დაგვიბრუნებს...