თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელმა საბჭომ გამარჯვებულები გამოავლინა. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურულ/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტებიდან 5 პროექტი დაფინანსდება: „ლიტერატურულ-ანალიტიკური ესეების კონკურსი — „პიგმალიონი“; „უხუცესთა გაერთიანებები პანკისში, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის არაფორმალური-ტრადიციული მექანიზმები“; „ღვიძლის ექსპერიმენტული ექსპლანტაციის პირობებში ორგანიზმში აჰეპატური ფაზით გამოწვეული დარღვევებისგან დაცვა ცხოველებში ბიკავალური სწრაფი შუნტით“; „ვარძიის ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-12 საერთაშორისო კონფერენცია“ და „საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-Act for sustainability“. პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო წელიწადში 3-ჯერ იკრიბება.
„სტუდენტური პროექტების კონკურსის მეორე ეტაპი 15 აპრილს დასრულდა და უკვე გამოქვეყნდა გამარჯვებული პროექტები. პროექტების რაოდენობა მცირე იყო, წარმოდგენილი იყო, სულ, 8 პროექტი და დაფინანსდა 5 პროექტი. ალბათ იმიტომ, რომ საგანგებო ვითარებაა და ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პრევენციის მიზნით მცირე იყო სტუდენტების აქტიურობა. ყველა დაფინანსებული პროექტი მაღალ დონეზე იყო შესრულებული, რაც ძალიან სასიამოვნოა. ძირითადად იყო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტები. გარდა ამისა, ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც იქნება გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც რთულია წინასწარ დაგეგმო პროექტის სამუშაოები, რასაც ზოგჯერ ბევრი ადამიანის შეკრება, აქტიური კომუნიკაცია, დიდ მანძილებზე გადაადგილება სჭირდება. ალბათ, ამიტომ შეიკავეს თავი სტუდენტებმა. შემდეგი ეტაპი შემოდგომაზე გვექნება, 1 ოქტომბრამდე იქნება პროექტების მიღება“, — განაცხადა სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ.