სტატია მოამზადა ნინო კაკულიამ
„ჩვენი თაობა რაღაც ახალი, გარდამტეხის მომტანი უნდა იყოს ქვეყნის და მთლიანად დედამიწის მომავალში. მსოფლიო მოხმარების განუხრელი ზრდა პლანეტის რესურსებს კატასტროფულად ამცირებს და ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანს ქონდეს განათლების და შეგნების ის დონე, რომელიც არა მარტო ეფექტიანად აზროვნებას, არამედ შესაძლებლობების სარკმლის სწორად გამოყენებაში დაგვეხმარება. ეს სარკმელი შეიძლება ნებისმიერ დღეს გაიხსნას და აუცილებელია, ამ დროს სწორ ადგილას ვიმყოფებოდეთ. ამისათვის საჭიროა საკუთარ და მეგობრების განათლებაზე და შეგნებაზე ვიმუშაოთ და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ თაობად ვიქცეთ.ვიაზროვნოთ „მდგრადად“, ვიზრუნოთ საზოგადოებაზე და გვქონდეს მხოლოდ საკუთარი ცოდნის იმედი!“ — ეს გახლავთ ახალი თაობის წარმომადგენლის, ბექა ბაიაშვილის მოწოდება თანატოლებისადმი. როგორც ჩანს, თაობები იცვლებიან, მაგრამ ისტორია მეორდება და თაობებს ერთი გონი, თვითდამკვიდრების და გადარჩენის ერთი ინსტიქტი აერთიანებს, მიუხედავად ღირებულებების მუდმივი გადაფასებისა.
ბექა ბაიაშვილი თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ცხოვრობს, უნივერსიტეტში კი რუსთავიდან დადის. თვლის, რომ უნივერსიტეტმა ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის კარი გაუღო და მის ცნობიერებაში ბევრი რამ შეცვალა. „ამ სამი წლის მანძილზე ვხვდები და მეგობრებიც აღნიშნავენ, რომ უკეთესობისკენ შევიცვალე. ამ ახალ ეტაპზე მიღწეულმა შედეგებმა თავდაჯერება შემმატა და დაშვებულმა შეცდომება საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიტოვა როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებაში“, — ამბობს მომავალი ეკონომისტი. ბექას ანერვიულებს, როდესაც უნივერსიტეტის სახელს ზოგჯერ ლაფში სვრიან მავანნი და სურს, ამ გამაღიზიანებელ კამპანიას გამოეხმაუროს: „უმეტეს შემთხვევაში, უნივერსიტეტის სახელის შებღალვას სხვა უნივერსიტეტის ფანატიკოსი სტუდენტები და ლექტორები ცდილობენ. მე, პირადად, ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ საკუთარ უნივერსიტეტში და იმის მაგივრად, რომ უარყოფითად ვისაუბრო, მის მოგვარებას ვცდილობ, თუნდაც, დაუფარავი საუბრით. მგონია, რომ უნაკლო არავინ და არაფერია და გამაღიზიანებელია, როცა აფასებენ იმას, რაშიც არაკომპეტენტურები არიან“, — მიაჩნია ბექას. ამ ეტაპზე ძირითად დროს სწავლას და წერას უთმობს. პარალელურად მდგრადი ეკონომიკის მიმართულებით ახალი პლატფორმის — sustainability.ge-ის წევრი გახდა და სტატიებს აქვეყნებს. აქტიური მომხმარებელია ვიკიპედიის, რომელზეც უმეტესად საბუნებისმეტყველო მიმართულების სტატიებს ტვირთავდა. ახლა ამ საქმეს დიდ დროს ვეღარ უთმობს და, ძირითადად, სტატიებში სხვების შეტანილ ცვლილებებს ამოწმებს. ანაზღაურებით, ამ ეტაპზე, არსად არ მუშაობს. მოხალისეობრივად მდგრადი განვითარების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის oikos Tbilisi-ის წევრია.
პანდემიის პირობებში ცხოვრების ახალი სტილი ბექასთვის უჩვეულო არ არის. „ზოგადად, ინტროვერტი ადამიანი ვარ. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა და დრო ჩვეულ რიტმში გადის“, — ამბობს ბექა. დისტანციური სწავლის პროცესში ადვილად ჩაერთო, მიუხედავად პრობლემებისა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომპიუტერის ეკრანიდან კითხვა უჭირდა, რასაც ნელ-ნელა მიეჩვია. „ხანდახან ინტერნეტის პრობლემა მაქვს, ხან ელექტრო ენერგიის, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გადალახვადია“, — აცხადებს მესამე კურსელი ეკონომისტი. ბექა ბაიაშვილი მეგობრების ამჟამინდელ ქცევასაც აკვირდება და ამბობს, რომ ირგვლივ ყველა მისი თანატოლი სოციალური ქსელებით, ინტერნეტ-თამაშებითა და კითხვით იქცევს თავს.
პანდემიით გამოწვეულ დღევანდელ ეკონომიკურ კრიზისზე ბექას, როგორც მომავალ ეკონომისტს, თავისი მოსაზრებები აქვს და ცდილობს — განმარტოს საკუთარი პოზიციების არსი: „მისი ჰობია სხვადასხვა მონეტების შეგროვება, რასაც ბავშვობიდან აკეთებს. ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყნის 60-მდე მონეტა აქვს. ამ გატაცებას მისთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. როგორც ბექა ამბობს, სტატიების გარდა ლექსებსაც წერს. ლექსების წერა 14 წლის ასაკიდან დაუწყია. „გამორჩეულად ის ლექსები მიყვარს, რომელსაც ბოლოს ვწერ... ძველები მავიწყდება ხოლმე და ახლაც, ცოტა ხნის წინ, მარტის დასასრულს დავწერე ლექსი, რომელიც ჩვენი კარჩაკეტილობის პერიოდის ემოციური გამოვლენაა“, — გვიხსნის ბექა და გვთავაზობს თავის ახლად დაწერილ ლექსს წარმოდგენის შესაქმნელად, ზოგადად, ადამიანზე — რომელიც ინტროვერტია, მაგრამ უნივერსიტეტის გაზეთს დიდი სიამოვნებით დათანხმდა — გამოხმაურებოდა.დღევანდელი დღე გვაჩვენებს, რომ კაცობრიობის ცნობიერება უახლოეს წლებში რადიკალურად შეიცვლება. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მსგავსი ეკონომიკური კრიზისის წინაშე კაცობრიობა არ დამდგარა. თუ გავიხსენებთ 2008 წელს, საქართველოს სამეწარმეო სფეროს მონაცემებში მაინც იყო წინა წლებთან შედარებით ზრდა, რადგან, ამდენი უარყოფითი ფაქტორის მიუხედავად, წარმოება იმ დონეზე, რა დონეზეც ახლაა, არ შეჩერებულა. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია სიტუაციის სრული სურათის დანახვა, რადგან საჭიროა ჯერ კრიზისის ფორსმაჟორული ეტაპის გადალახვა და შემდეგ გარკვეული პერიოდი, რომ საერთო შედეგები შეჯამდეს. არ გამოვრიცხავ, რომ სიტუაციის გართულების და დროში გახანგრძლივების შემთხვევაში, 2020 წლის კორონავირუსის გამო გამოწვეულმა კრიზისმა დეპრესიის დონემდეც მიაღწიოს. ჩემი პირადი, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, მსოფლიოს მთავრობები არც ისე დიდი ხნის წინანდელი კრიზისების გამოცდილებით შეძლებენ სიტუაციის გარკვეულწილად მართვას და კრიზისი, უბრალოდ, მსოფლიო კლასიფიკაციით, მნიშვნელოვანი ჩავარდნის დონეს დასჯერდება“, — აცხადებს მომავალი ეკონომისტი.
მარტის სონეტი
მე მარტი მქვია, ხვალ საღამოს გარდავიცვლები,
დღეს რომ გაწვიმდა, ჩემს დაკარგულ სიგიჟეს ვგლოვობ;
აპრილად მოვალ, სხვა ფიქრები არ გამიცნობენ,
იმედი არ მკლავს — იასამნად მაისში გპოვებ.
დრო წამში გავა, საათები გაირბენს მალვით,
სიხარბით, ალბათ, მოვიპარავ შეფარულ მზერას,
პირველ ნაპერწკალს ვუფრთხილდები ჩუმად და კრძალვით,
ფურცლის ხალიჩას შემოვაქსოვ სულ ახალ ფერებს.
თუ შენ ქარივით მომიყვები შორეულ ამბებს,
მე შემოდგომის ფოთლებივით აგყვები ახლოს
და თუკი სახლის გამომიხსნი ჩაკეტილ სარკმლებს,
გპირდები, ვიცი, არ დაგტოვებ ფიქრებთან მარტოს.
მე მარტი მქვია, ხვალ საღამოს გარდავიცვლები,
მაისში გპოვებ, სხვა ფიქრები არ გამიცნობენ.
„ ბ.ბ. „