თამარ დადიანი
ვებინარი — „აშშ–ს კლინიკური გამოცდილების და რეზიდენტურის შესაძლებლობები თსუ-სთვის" — 29 ნოემბერს გაიმართა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტისა და AMOpportunities (AMO)-ს ორგანიზებით.
„2021 წლის ივნისში გაიმართა პირველი შეხვედრა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაც თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე იყო საუბარი. შეხვედრას ესწრებოდა 100-ზე მეტი სტუდენტი. უმეტესად სტუდენტებმა დაინტერესება გამოხატეს ვირტუალური როტაციული პროგრამების შესახებ და დარეგისტრირდნენ AMOpportunities-ის პლატფორმაზე. აღნიშნულ პროგრამაზე დარეგისტრირების შემდეგ, მათ შეუძლიათ როგორც ვირტუალურად, ასევე, ფიზიკურად დაესწრონ კლინიკური პრაქტიკის კურსებს, დაესწრონ პაციენტის კონსულტაციას, მიიღონ პასუხები მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით. ეს დამატებით წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის — მიიღონ სარეკომენდაციო წერილები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აპირებს რეზიდენტურის პროგრამით სწავლას აშშ–ში“, — აღნიშნავს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მაია ბიწკინაშვილი. მისი თქმით, AMOpportunities (AMO) აკავშირებს სამედიცინო სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და პროფესიონალებს აშშ-ს კლინიკურ გამოცდილებასთან. თსუ და AMOpportunities თანამშრომლობენ იმ მიზნით, რომ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესთავაზონ სხვადასხვა სახის კლინიკური პრაქტიკის შესაძლებლობები, მათ შორის, აშშ-ს ვირტუალური როტაციული პროგრამების სახით. AMO-ს უზრუნველყოფს როტაციის პროგრამას 250-ზე მეტი კლინიკური ლოკაციაზე, მათ შორის, წამყვან საავადმყოფოებში კლინიკური გამოცდილების მისაღებად ვირტუალურად ან ფიზიკურ გარემოში.