თამარ დადიანი
„ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“ — ამ სახელწოდებით გამოვიდა ამერიკისმცოდნეობის დოქტორის, სახალხო დიპლომატიის მკვლევრის მარიამ ხატიაშვილის სამეცნიერო მონოგრაფია.
„მონოგრაფიის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში სახალხო დიპლომატიის ადგილისა და როლის და, ზოგადად, ცივი ომის პერიოდიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე — ამ ურთიერთობის შედარებით სრული სურათის წარმოდგენა. წიგნში წარმოდგენილია ჩემი სამაგისტრო და სადოქტორო კვლევის მასალები და შედეგები. სამაგისტრო ნაშრომსა და სადოქტორო დისერტაციაში ჩატარებული კვლევის პროცესი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ელენე მეძმარიაშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით წარიმართა. სადოქტორო ნაშრომზე სამეცნიერო თანახელმძღვანელობა გამიწია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სახალხო დიპლომატიისა და ჟურნალისტიკის პროფესორმა ფილიპ სიბმა. შესაბამისად, კვლევის პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრის ბაზაზე განხორციელდა“, — აცხადებს მარიამ ხატიაშვილი და საინტერესო და მნიშვნელოვან აქცენტებზე საუბრობს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაში სახალხო დიპლომატიის ადგილისა და როლის შესახებ კვლევისას გაკეთდა.
„ერთ-ერთი საინტერესო აქცენტი არის ის, რომ ამერიკული სახალხო დიპლომატიის აქტივობები საბჭოთა საქართველოს მოსახლეობაში ამერიკული იდეების, ღირებულებების გავრცელებისკენ იყო მიმართული და პროამერიკული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ამერიკის იმიჯის ფორმირებას ემსახურებოდა. ცივი ომის დროს სახალხო დიპლომატია შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა და ხორციელდებოდა ერთმანეთთან დაკავშირებული ინტეგრირებული პროგრამებით. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებამ კი განაპირობა ის, რომ ამერიკული სახალხო დიპლომატიის აქტივობები კიდევ უფრო მეტად ერგება საქართველოს საზოგადოების ინტერესებს, მისწრაფებებს, საჭიროებებს. ამერიკული სახალხო დიპლომატია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული“, — აღნიშნავს მარიამ ხატიაშვილი. მისი კვლევის სფერო ამერიკისმცოდნეობის დარგში ინტერდისციპლინურია და, ძირითადად, მოიცავს სახალხო დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის შესწავლას. მარიამი ამ მიმართულებით არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოცემულია როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში.
წიგნში წარმოდგენილი კვლევა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში სახალხო დიპლომატიის როლის სისტემური შესწავლის პირველი მცდელობაა.
წიგნში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ შეძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგარეო პოლიტიკის კურსში, სახალხო დიპლომატიის გამოყენებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დიპლომატიურ ურთიერთობამდე და სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიყვანა. როგორც მარიამ ხატიაშვილი ამბობს: „ამ ისტორიულ რეალობაზე დაკვირვებით, საქართველოს შეუძლია ამერიკული სახალხო დიპლომატიის ეს გამოცდილება ქართული დიპლომატიის აწმყოსა და მომავლის ნაწილად აქციოს იმგვარად, რომ ამ პარტნიორობის სტაბილური, გრძელვადიანი ზრდა უზრუნველყოს. მონოგრაფიაში წარმოდგენილი საკითხების აქტუალობას, მაგალითად, ამერიკისმცოდნეობის, როგორც აკადემიური დარგის, მიმართ ქართულ აკადემიურ და არააკადემიურ სივრცეში მზარდი ინტერესი განაპირობებს. ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სფეროს გამოცდილების კვლევა და ცოდნა, გამოწვევების, პრობლემებისა თუ წარმატებული ისტორიების ობიექტური ანალიზი ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას მოგვცემს.“
და ბოლოს, სამეცნიერო მონოგრაფია „ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“ განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკისა და სახალხო დიპლომატიის საკითხებით არის დაინტერესებული.