თამარ დადიანი
მწერლების ძველი და ახალი თაობისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება — ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ პირველი ნომრის სამეცნიერო განხილვა გაიმართა 30 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ყოფილ 93-ე (ახლანდელი 206) აუდიტორიაში.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან თსუ-ის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე ლიტერატურული საღამოები იმართებოდა. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები თავის პირველ სიტყვას ამბობდნენ და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. ის, რაც დღევანდელი სტუდენტებისთვის სასიამოვნო სიახლეა, უკვე ცნობილი მწერლებისთვის კარგად ნაცნობი და მონატრებული დრო და გამოცდილებაა.
საბჭოთა წარსულში ლიტერატურული შეხვედრები, წიგნის პრეზენტაციები, ჟურნალის განხილვები ფორმალურ ხასიათს ატარებდა, სადაც, ძირითადად, გადამეტებული ხოტბა-დიდება ისმოდა. 93-ე აუდიტორია კი გამორჩეული იყო ამ თვალსაზრისით — აქ იყო რეალური, თავისუფალი სივრცე, სადაც აზრთა ჭიდილი, გულწრფელი აღიარება, შეულამაზებელი კრიტიკა, დიალოგი სხვადასხვა თაობებს შორის, განსხვავებული ხედვა და მძაფრი ემოციები იყო. აქ თავისუფლად სუნთქავდა საზოგადოება, იმსხვრეოდა საბჭოთა მარწუხები და უნივერსიტეტის რაღაცნაირად ჩამქრალ სივრცეში ეს იყო თავისუფლების კუნძული. ლიტერატურული კლუბის წევრებს თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთზე საუბარი — თამამად და მამაცურად. აქ გულწრფელობას სწავლობდი...
უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე, სადაც პროზაიკოსების, პოეტების, მწერლების, კრიტიკოსების მრავალი თაობა გაიზარდა, თავდაპირველად დიდი არ იყო, მაგრამ მალე ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივაც უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა „პირველი სხივი“, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. ჟურნალი წლების განმავლობაში ახალგაზრდა მწერალთა წახალისებას და მათი შემოქმედების საზოგადოებისთვის წარდგენას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ „პირველი სხივის“ ნომრებში შედგა ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჩხენკელის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ჯაფარიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, ვახტანგ ჯავახაძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ტარიელ ჭანტურიას, ლია სტურუას, რეზო ჭეიშვილის და ქართული მწერლობისა თუ მეცნიერების სხვა წარმომადგენელთა ლიტერატურული დებიუტი. ალმანახის გამოცემა ტრადიციად იქცა და ის 2004 წლამდე გამოდიოდა. და აი, 17 წლის შემდეგ ლიტერატურის მოყვარულები კვლავ შეკრიბა თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის ხელშეწყობით აღდგენილმა გამოცემამ, რომელსაც, ტრადიციულად, 93-ე აუდიტორიამ უმასპინძლა.
„ამ ჟურნალის აღდგენით ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდა. სასიხარულოა, რომ 16 წლიანი პაუზის შემდეგ ჟურნალი კვლავ გამოდის. სიმბოლურია, რომ 93-ე აუდიტორიაში ვიკრიბებით. ბევრმა თქვენთაგანმა ფეხი სწორედ აქ აიდგა, როგორც შემოქმედმა. მისასალმებელია ეს ერთობა და ერთად ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ლიტერატურა, ზეპირსიტყვიერება, მწერლობა. მნიშვნელოვანია, რომ აქ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ვხედავ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის კუთვნილება ერთი თაობის, ის ყველასია! ამ ღია სივრცეში საშუალება გვაქვს შევიკრიბოთ და ერთმანეთს ლიტერატურაზე, მწერლობაზე ვესაუბროთ. მიხარია, რომ ჟურნალის გამოცემა მომავალშიც გაგრძელდება, რითაც საშუალება მიეცემათ როგორც ახალგაზრდა, ისე ცნობილ მწერლებს თავიანთი ნაწარმოებები მკითხველის სამსჯავროზე გამოიტანონ“, — განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„პირველი სხივის" ახალი გამოცემა სხვადასხვა თაობის 50-მდე ავტორის შემოქმედებას აერთიანებს. პირველ ნომერში თავმოყრილია როგორც ახალგაზრდა შემოქმედების, ასევე უკვე ცნობილი პირველსხიველების ნაშრომები.
ჟურნალში, გარდა ორიგინალური პროზისა და პოეზიისა, დაბეჭდილია თარგმანები სხვადასხვა ენიდან; ცალკე რუბრიკა ეძღვნება დრამატურგიას, ლიტერატურათმცოდნეობასა და კრიტიკას. გარდა ამისა, რუბრიკაში — „მასტერკლასი“ — ახალგაზდა მწერლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ როგორც უცხოელი, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების შეხედულებებს წერის ხელოვნებაზე და ეზიარონ მათ გამოცდილებას ამ საქმეში. რუბრიკა — „ჩვენი ერთი პუბლიკაციის გამო“ — დროდადრო, ჟურნალში ადრე დაბეჭდილ, გამორჩეულ მასალებსა და მათ თავგადასავალს შესთავაზებს მკითხველს.
სამეცნიერო განხილვაზე ჟურნალში თითოეული რუბრიკით გამოქვეყნებულ ნიმუშებს თითო კრიტიკოსი წარმოადგენდა. „პირველი სხივის“ პოეტური ნიმუშების ანალიზი პოეტმა ნინო ქუთათელაძემ წარმოადგინა, პროზა და დრამატურგია სალომე კაპანაძემ მიმოიხილა, თარგმანზე რეცენზია გოჩა კუჭუხიძეს ეკუთვნის, კრიტიკა — ადა ნემსაძემ განიხილა, ხოლო ესეისტურ ნიმუშები — თამარელა წოწორიამ.
ღონისძიების ორგანიზატორმა, მწერალმა და მეცნიერმა როსტომ ჩხეიძემ მისალმებისას აღნიშნა, რომ ალმანახის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა როგორც ცნობილ, ისე დებიუტანტ ავტორებს; მათ შემოქმედებას ცალ-ცალკე განიხილავდა და შეაფასებდა კომპეტენტურ ლიტერატორთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას სწორედ პროფესიული, კრიტიკული თვალით დაანახებდა ავტორების შემოქმედებას. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალში ერთმანეთის გვერდით ვხვდებით როგორც ახალბედა ავტორებს, ისე გამოჩენილ მწერლებს. ეს არის ერთგვარი დაოსტატების სკოლა, რომელიც ახალბედა ავტორებს გზას აჩვენებს მკითხველთა გულების დასაპყრობად...“ — განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.
ჟურნალ „პირველი სხივის „ სამეცნიერო განხილვა ჟურნალის რედაქტორის, პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ლობჟანიძის შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ლიტერატურათმცოდნეებისა და კრიკტიკოსების მიერ ალმანახში წარმოდგენილი ავტორების შემოქმედების შეფასება.
„დიდი მადლობა თითოეულ მომხსენებელს. მათ სხვა თვალით დაგვანახეს აქ წარმოდგენილი ნაწარმოებები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. პირველ ნომერს რა ნაკლიც ჰქონდა, ყველაზე უკეთესად მე მაქვს გააზრებული, მეორე ნომერში უფრო მეტი ახალი სახე იქნება. აბსოლუტურად განსხვავებულია ახალი თაობის დამოკიდებულება სიტყვასთან და ლექსიკასთან. ეს დამოკიდებულება უნდა ასახოს ჟურნალმა, რითაც ისინი საზოგადოების წინაშე წარსდგებიან“, — განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ და მსმენელებს იმ იმედით დაემშვიდობა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება „პირველ სხივში“ საკუთარი შემოქმედების წარმოდგენით დაინტერესებულ ახალ მწერალთა წრე, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მკითხველი, შემფასებელი და დამფასებელი გამოუჩნდება.